თბილისში, ჭავჭავაძის I ჩიხში მრავალფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმება. საპროექტო არეალის ნაწილი - 2539. კვ.მ. მზიურის პარკის მიმდებარე სარეკრეაციო ზონაში მდებარეობს.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე - თანხმობა უკვე გასცა, ის დადებითად შეაფასა, ე.წ. ზონალურმა საბჭომაც. საკითხზე იმსჯელა და შემოთავაზებული ვარიანტი მოიწონა თბილისის საკრებულომაც. სამშენებლო ნებართვა კომპანიას ჯერ არ მოუთხოვია.
მრავალფუნქციური კომპლექსი საოფისე, კომერციული და საცხოვრებელ ფართს გააერთიანებს. ტერიტორიის საერთო ფართი 5777 კვ.მ - ია. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, აქ სამი - 12 და 16-16-სართულიანი შენობა უნდა აშენდეს, მიწისქვეშა სამდონიანი ავტოსადგომით.
“საპროექტო ტერიტორია განთავსებულია სამ ფუნქციურ ზონაზე - საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა - 2, სატრანსპორტო ზონა - 1 და სარეკრეაციო ზონა - 2, რომლის კონტურებიც პროექტის მიხედვით უნდა შეიცვალოს ფართობების შეუცვლელად”, - ვკითხულობთ საპროექტო წინადადების განმარტებით ბარათში. პროექტის ზუსტი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები გრგ-ის შემდგომ ეტაპზე უნდა დაზუსტდეს.
ამ ტერიტორიის ნაწილი 3218 კვ.2 - “საზოგადოებრივ-საქმიან ზონა 2-ში” მდებარეობს. ნაწილი კი - 2539. კვ.მ - “სარეკრეაციო ზონა 2-ში” - სადაც მსგავსი ტიპის მშენებლობა ნებადართულია, სპეციალური ზონალური შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში.
განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტის დამკვეთი შპს “სონნეთ ქონსტრაქშენია”. შემსრულებელი კი შპს: “ბარნაბიშვილი-გურგენიძე არქიტექტორები”
საპროექტო არეალი, რომელზეც ეს პროექტი უნდა განხორციელდეს -13 საკადასტრო ერთეულადაა დაყოფილი. აქედან მიწის 7 ნაკვეთი კერძო პირებს ეკუთვნით, ექვსი კი შპს “სონნეთ ქონსთრაქშენს”.
პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესათანხმებლად პროექტის განმახორციელებლებმა მერიის არქიტექტურის სამსახურს 24 ივნისს მიმართეს. 8 სექტემბერს კი არქიტექტურის სამსახურმა კომპანიას აცნობა, რომ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეითანხმა, წარმოდგენილი პროექტი მოიწონა ზონალური საბჭომაც, 2 სექტემბერს ამ საკითხზე დედაქალაქის საკრებულომაც იმსჯელა და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება დაგეგმილი მშენებლობის პროექტის დამკვეთს, ის 2010 წელს რეგისტრირებული კომპანია შპს “სონნეთ ქონსთრაქშენია”. მისი პრეზიდენტი კახეთის ყოფილი გუბერნატორი ბიძინა სონღულაშვილი, დირექტორი კი - იოსებ სონღულაშვილია. კომპანიის 72 %-ს იოსებ სონღულაშვილი ფლობს, დანარჩენ 28%-ს კი (7-7 %) საფრანგეთის ოთხი სხვადასხვა მოქალაქე.
კომპანია „სონნეთ ქონსთრაქშენის“ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ კომპანია დაარსებიდან აქტიურადაა ჩართული სარემონტო-სამშენებლო საქმიანობაში.
“მის ძირითად ბირთვს წარმოადგენს ყოფილი “თბილგვირაბმშენის” ინჟინერ-ტექნიკური პერსონალი, რაც განაპირობებს კომპანიის ხარისხიან საქმიანობას და წარმატებულ ზრდას. ხუთი წლის განმავლობაში შპს „სონნეთ ქონსთრაქშენ“-ის ბრუნვამ 5 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო 2015-16 წლებისთვის დასახული გეგმები საკმაოდ ამბიციურია”.
განაშენიანების რეგულირების გეგმა კი არქიტექტურულმა კომპანია “შპს ბარნაბიშვილი გურგენიძე არქიტექტორებმა” მოამზადა. მის 50-50 %-იან წილებს ბექა გურგენიძე და ირაკლი ბარნაბიშვილი ფლობენ.
განაშენიანების რეგულირების გეგმის წინასაპროექტო კვლევა
თბილისის მერიაში “ლიბერალის” შეკითხვებზე პასუხად განმარტეს, რომ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის თაობაზე 24 ივნისს მიღებული მიმართვის შესახებ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (ე.წ. ზონალური საბჭო) 30 ივნისს იმსჯელა და დადებითი რეკომენდაცია გასცა. განაშენიანების რეგულირების გეგმა კი საბოლოოდ 2 სექტემბერს, თბილისის საკრებულოს განკარგულებით დამტკიცდა.
არის თუ არა დაგეგმილი მშენებლობა სარეკრეაციო ზონის მიზნებისთვის შეუსაბამო და იგეგმება თუ არა საპროექტო არეალში მოქცეული 97 ხის მოჭრა?
მერიის არქიტექტურის სამსახურის განმარტებით, საპროექტო ტერიტორიაზე დღევანდელი მდგომარეობით ამორტიზებული, ბარაკული ტიპის განაშენიანებაა. განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით კი იგეგმება აღნიშნული ამორტიზებული შენობების ჩანაცვლება ჯანსაღი ინფრასტრუქტურის მქონე საცხოვრებელი კომპლექსით, რომელიც შედგება მრავალფუნქციური (საოფისე, კომერციული და საცხოვრებელი) სახეობებისგან.
“ტერიტორიის საერთო ფართი შეადგენს 5777 მ2-ს. წარმოდგენილი წინასაპროექტო კვლევის თანახმად, დღეს ცალკეული რეგისტრაციებისგან შემდგარი საპროექტო არეალი უნდა გაერთიანდეს. მითითებულ მიწის ნაკვეთებს მოსახლეობა ფლობს გასული საუკუნის პირველი ნახევრიდან. აღსანიშნავია, რომ დღეს დაინტერესებაში არსებული სივრცე არასდროს შედიოდა ბავშვთა ქალაქ „მზიურის“ ადმინისტრაციულ საზღვარში. შესაბამისად, ტერიტორიაზე დღეს მოქმედი რეკრეაციული ზონა 2-ის არეალი გამწვანებულია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ეზოებში არსებული კენკროვანი ხე-ნარგავებით” - განგვიმარტეს მერიაში.
პროექტის “ეფექტიანობის შეფასებაში” კი ვკითხულობთ, რომ კომპლექსის მოცულობით გადაწყვეტაში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული იქ არსებული გარემო სამანქანო გზებისა და შენობების ჩათვლით.
"მოცულობითი გადაწყვეტა გულისხმობს რამიშვილის ქუჩაზე არარსებული საფეხმავლო ზოლის მოწყობას, არსებული სამანქანო გზის გაფართოებას და საერთო პარკირების ადგილების გაჩენას, რაც მიიღწევა ა. ბლოკის ქუჩიდან 9.5 მეტრით შეწევით. ასევე ჭავჭავაძის პირველი ჩიხიც გარკვეულწილად განიერდება, სადაც ასევე მოეწყობა ღია პარკირების ადგილები. კოშკების მსგავსი კომპოზიციური გადაწყვეტა საშუალებას იძლევა ჩიხში არსებული პატარა სივრცე გაიზარდოს, რაც საპროექტო ტერიტორიის მოპირდაპირედ მცხოვრები მოსახლეობისთვისაც არის კარგი, როგორც ვიზუალურად ასევე ფუნქციურად.
ზონალური საბჭოს 6 წევრიდან პროექტს 2 წევრი უპირობოდ დაეთანხმა, ერთი პროექტის წინააღმდეგ წავიდა, 3 წევრი კი გარკვეული პირობებით დაეთანხმა. მათი რეკომენდაციით, “სასურველია გამოკვეთილი გეგმარებითი ორიენტაცია მზიურის პარკზე”. ამასთან ჭავჭავაძის გამზირის მხარეს არ უნდა გამოდიოდეს შენობის ყრუ გვერდითი ფასადი. საბოლოოდ, ჭავჭავაძის I ჩიხში არსებულ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის განსათავსებლად განაშენიანების რეგულირების გეგმარებითი დავალების გაცემას საბჭო დასთანხმდა.
“ასევე გაცემული გეგმარებითი დავალების პირობით პროექტის შეთანხმების სტადიაზე შესაძლოა შეიცვალოს საპროექტო არეალის სივრცით-გეგმარებითი გადაწყვეტა. შესაბამისად დღეს რთულია იმის პროგნოზირება, დადგება თუ არა დღის წესრიგში ტერიტორიაზე მოქმედი რეკრეაციული ზონის ცვლილების საკითხი”, - გვპასუხობენ თბილისის მერიაში.
გეგმარებითი დავალების გაცემის შემდგომ, 20 სექტემბერს პროექტის განმახორციელებლებმა კვლავ მიმართა სამსახურს, ამჟამად უკვე რეგულირების გეგმის პროექტის (გრგ) შეთანხმების მოთხოვნით, მაგრამ ეს მიმართვა 30 სექტემბერს შუალედური გადაწყვეტილებით ხარვეზების გასწორების მიზნით ჩამოიწერა. შესაბამისად, ჯერ უცნობია თუ როდის იქნება წარდგენილი ეს პროექტი საბჭოს სხდომაზე.
განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, ეს ფოტომასალა ასახავს არსებულ მდგომარეობას და იმას, თუ როგორი იქნება დასრულებული პროექტი.