Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პაველ ბემი საქართველოს ნარკოპოლიტიკასა და დეკრიმინალიზების „სასწაულზე"

08 მაისი, 2017 15:09

„დაპატიმრება არა მხოლოდ სჯის ნარკოტიკის მომხმარებელ ადამიანს თავისუფლების შეზღუდვით (რაც არასწორი პოლიტიკაა, რა განზრახვითაც არ უნდა კეთდებოდეს იგი), არამედ ისეთი გაუაზრებელი ეფექტები ან შედეგები მოსდევს, როგორიცაა სტიგმატიზაცია, განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, გაზრდილი რაოდენობა ისეთი დაავადებებით ინფიცირებისა, როგორებიცაა აივ ინფექცია, ჰეპატიტი და სხვა. ამ ყველაფერს ზედ ემატება ნასამართლეობა და შიშის ქვეშ ყოფნა“, - ამბობს „ლიბერალთან“ ინტერვიუში პრაღის ყოფილი მერი, ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის წევრი პაველ ბემი.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, „ერთადერთი გზა ნარკოპოლიტიკის რეფორმაა“.

როგორც ის ამბობს, ასეთი რეფორმა უნდა დაიწყოს პირადი მოხმარების მიზნით ნარკოტიკების ფლობის დეკრიმინალიზაციით. ამას საერთო არაფერი აქვს ლეგალიზაციასთან. ქვეყნებში, სადაც დეკრიმინალიზაციის კონცეფცია დაინერგა (პორტუგალია, ჩეხეთის რესპუბლიკა, ავსტრალია, კანადა...), უფრო ხარჯთეფექტური პოლიტიკაა გატარებული ნარკოტიკულ ნივთიერებებთან მიმართებაში, ვიდრე სხვაგან. ნარკოტიკის კონტროლის პოლიტიკა უნდა იყოს მტკიცებულებებზე დამყარებული და ეს შედეგები უნდა შეფასდეს და შეედაროს მათ მისაღწევად გაწეულ ხარჯს.

„თავად დეკრიმინალიზაცია არ ზრდის ნარკოტიკების რაოდენობას ან მათი მოხმარების დონეს. ამის სათქმელად საკმარისი მეცნიერული დასაბუთება არსებობს. პირიქით, დეკრიმინალიზაცია ძირითადი ფაქტორია საზოგადოებაში აივ ინფექციის, ჰეპატიტის ეპიდემიის, მაღალი სიკვდილიანობისა და ავადმყოფობის დონის საკონტროლებლად. ის მოქმედებს ადეკვატური მკურნალობისა და სოციალური დაცვის (ზიანის შემცირების პროგრამების სერვისის ხელმისაწვდომობა, OST - ჩამანაცვლებელი ოპიოდური პრეპარატით მკურნალობა, სოციალური მხარდაჭერა, რეაბილიტაცია და ინკლუზია) გასაუმჯობესებლად. ასეთი პოლიტიკა ასევე ეფექტიანად ამცირებს ნარკოტიკებთან დაკავშირებული ძალადობის დონეს“, - ამბობს პაველ ბემი.

„ლიბერალთან“ საუბრისას ბემი აღნიშნავს, რომ საქართველო ერთ-ერთ ქვეყანა იყო, რომელიც დაპატიმრების პრაქტიკით გამოირჩეოდა მსოფლიოში. მისი თქმით, ასეთი ძვირი და იმავდროულად არაეფექტიანი საჯარო პოლიტიკის გატარება გაუმართლებელია.

„ასე რომ, ჩემი რჩევა ამ საკითხთან დაკავშირებით, მარტივია: დეკრიმინალიზაცია. ეს შეიძლება ორ ნაბიჯად განხორციელდეს. პირველ ჯერზე მიეცით პოლიციას და სასამართლოებს სხვა სანქციის დაკისრების უფლება, გარდა სისხლის სამართლის სანქციებისა, იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს აღმოაჩნდება არალეგალური ნარკოტიკები პირადი მოხმარების მიზნით. რა თქმა უნდა, არალეგალური ნივთიერებების ბაზრები ძალიან კომპლექსურია, ამიტომ მეორე ნაბიჯზე, უფრო რთული საკანონმდებლო რეფორმისთვის ღია ადგილს ვტოვებ“, - ამბობს ის.

მისი თქმით, სამწუხაროდ, ბოლო 50 წლის განმავლობაში არალეგალურ ნარკოტიკებთან ბრძოლის საერთაშორისო გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს კონცეფცია [ძალოვანი უწყებების ინტერვენციებზე დაფუძნებული] არასწორი, შეცდომაში შემყვანია და ძირითადად, წარმატებული საჯარო პოლიტიკის იმპლემენტაციის ნაცვლად იმ შედეგზე ორიენტირებულ სურვილს გამოხატავს, რომელიც არ მართლდება.

ბემი ამბობს, რომ ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა მსოფლიოში იზრდება (ბოლო 10 წელიწადში 18%-იანი ზრდა ფიქსირდება), მიუხედავად ძალოვანი უწყებისთვის გამოყოფილი მზარდი ინვესიტიციებისა; არალეგალური ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა იზრდება, მიუხედავად სასჯელის ზომად სამუდამო პატიმრობის ან სიკვდილით დასჯის გამოყენების პრაქტიკისა; მნიშვნელოვნად იზრდება ორგანიზებული ნარკოდანაშაულების რიცხვი. UNODC-ს მონაცემების მიხედვით, არალეგალურ ნარკოტიკთა ბაზარი წელიწადში 330 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს ყოველწლიურად, რაც უფრო მეტია, ვიდრე სიმინდის ბურბუშელას, ლუდის, ღვინის და თამბაქოს ბაზარი ერთად. მარტივად რომ ვთქვათ, ნარკოტიკებთან ბრძოლამ არ გაამართლა. ჩვენ უნდა მოვძებნოთ ნარკოპოლიტიკა, რომელიც უფრო ეფექტიანი და ნაკლებად ხარჯიანი იქნება.

ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზების შედეგები

„პირველი პოზიტიური შედეგი ის „სასწაული“ იქნება, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანები არა ციხეში, არამედ ჯანდაცვის დაწესებულებებში სოციალური მოვლის ცენტრებში აღმოჩნდებიან“, - ამბობს ის.

მისი თქმით, ვერაფრით შევწყვეტთ აივ ინფექციის ან ჰეპატიტის ეპიდემიას რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობაში მანამ, სანამ სწორედ მათთან კონტაქტს არ დაიწყებთ. სტერილური ნემსების მიწოდება არა მხოლოდ ნარკოტიკის მომხმარებელი ადამიანისთვის ხდის ცხოვრებას უსაფრთხოს, არამედ სხვებისთვისაც.

„მეორე საკითხი ისაა, რომ შეგეძლებათ მათი ჩამანაცვლებელი ოპიოდური პრეპარატის მეთოდით მკურნალობა ან სხვა ეფექტიანი ინტერვენციის გამოყენება დაიწყოთ. ასე მათ ჯანმრთელობაზე კონტროლს დაამყარებთ და შეამცირებთ ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაულების რაოდენობას. მესამე, ის ფული, რომელიც გათავისუფლდება, შეგიძლიათ სხვა საჯარო სექტორებში გამოიყენოთ. ეს ხომ მშვენიერია?“, - ამბობს პაველ ბემი.

„ლიბერალის“ შეკითხვაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საზოგადოება უფრო და უფრო აქტიურდება და მოითხოვს დეკრიმინალიზაციას, ძალოვან უწყებებს მაინც არ სურთ არსებული მექანიზმების ხელიდან გაშვება. როგორ უნდა „ვაიძულოთ" ისინი, რომ ეს ბერკეტი ხელიდან გაუშვან, პაველ ბემი ამბობს, რომ: „ეს პრობლემის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია და ჩეხეთის რესპუბლიკაში მათაც მსგავსი გამოცდილება ჰქონდათ.

მისი თქმით, ერთადერთი გზა ამ შემთხვევაში არის პოლიციის მუშაკების, პროკურორების, მოსამართლეების, პოლიტიკის შემმუშავებლების განათლება. „არ უნდა დაგავიწყდეთ ადგილობრივი მმართველობის წარმომადგენლებიც - მერები, ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართული პირები. მნიშვნელოვანი როლი აქვს მედიასაც. ისინი თქვენი უდიდესი დამხმარეები არიან... სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო ორგანიზაციები უნდა დაგეხმარნონ".

„დიდ იმედებს ვამყარებ, რომ პოზიტიური ცვლილებები იქნება. საქართველოში ბევრჯერ ვყოფილვარ და პირადად შევხვედრივარ ძალიან გონებაგახსნილ და ჭკვიან ადამიანებს. მათ მხოლოდ გაძლიერება სჭირდებათ და ნარკოპოლიტიკის რეფორმაც დაიწყება“, - ამბობს პაველ ბემი.

რატომ არ უნდა ისჯებოდეს ნარკოტიკების მოხმარება პატიმრობით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

24 მაისი
24 მაისი

ინტერნეტით ნარკოტიკული საშუალებების შეკვ ...

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებ ...
23 მაისი
23 მაისი

ქართველ პარლამენტარს არაბთა გაერთიანებულ ...

საქართველოს პარლამენტის წევრს „პატრიოტთა ალიანსიდან“ გელა მიქაძეს არაბთა გაერთიანებული საემიროების სასამართლ ...
23 მაისი
23 მაისი

ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყ ...

„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფრო ...
^