Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩუგოშვილი ნარკოპოლიტიკაზე: ჩამოვყალიბდებით, ყველაზე სწორი გზა რა არის

18 სექტემბერი, 2017 12:33

მასალა მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ:

გასულ კვირას შეერთებულ შტატებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა. დელეგაციის წევრებს არაერთი შეხვედრა ჰქონდათ როგორც კონგრესში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანაში არსებული წინასაარჩევნო გარემო შეხვედრების მთავარი თემები იყო.
დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვაშინგტონში ყოფნისას „ამერიკის ხმას“ ამ და სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე ესაუბრა:

პარლამენტში უკვე ინიცირებულია და საშემოდგომო სესიაზე დაიწყება ნარკოპოლიტიკის ძირეული ცვლილებისთვის კანონპროექტის განხილვა, რომელიც ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკის მოხმარებისა და მცირე ოდენობის ფლობის დეკრიმინალიზებას გულისხმობს. ასევე ახლებურადაა გაწერილი ბევრი რამ, რაც ხშირად სადავო სასჯელის საფუძველი იყო. თქვენ თუ ემხრობით კანონპროექტის ძირითად ნაწილს, რას ფიქრობთ ნარკომოხმარების დეკრიმინალიზებაზე და რამდენად მწვავედ ხედავთ ამ რეფორმის საჭიროებას?

მე მგონია, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა, რომელსაც მხარს ვუჭერ და დრომ დაამტკიცა, რომ რეპრესიული მიდგომა ნარკოდანაშაულების მიმართ იყო არასწორი. თუ ჩვენი მიზანია, ნარკოდამოკიდებულება შემცირდეს ქვეყანაში და ის ზიანი, რომელსაც ნარკოდამოკიდებული ადამიანები იღებენ, მაშინ ამისთვის რეპრესია არ არის საუკეთესო გამოსავალი და, საერთოდ, ეს არ არის გამოსავალი.

ნარკოდამოკიდებულების შემცირებას, ზიანის შემცირებას სჭირდება სრულიად სხვა ტიპის მიდგომა - ბევრად უფრო ჰუმანური; სჭირდება პროგრამები, რომლებიც არის ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვაზე, ორიენტირებულია პრევენციაზე, რომლებიც სოციალურ რეაბილიტაციაზეა დამოკიდებული და რომლებიც ეხმარება ნარკოდამოკიდებულ ადამიანს დამოკიდებულების დაძლევასა და საზოგადოებაში რესოციალიზაციაში, ეს არის ამოსავალი.

აქამდე პოლიტიკა ყოველთვის იყო რეპრესიული. ანუ - მხოლოდ და მხოლოდ მკაცრი და უმკაცრესი, რაღაც ეტაპზე სრულიად არაპროპორციულად მკაცრი სისხლის სამართლის სასჯელები, კერძოდ, პატიმრობა ძალიან დიდი ვადით. ამ ყველაფერმა ხელი ვერ შეუწყო ნარკოდამოკიდებულების შემცირებას ქვეყანაში.  მე მაქვს სტატისტიკური მონაცემები ნანახი, რომლებიც, პირიქით, ზრდაზეც კი მეტყველებს და ასევე მაქვს ნანახი სოციოლოგიური  კვლევები, რომლებშიც მოსახლეობის დიდი ნაწილი ემხრობა ლიბერალიზაციას, ვგულისხმობ რეპრესიული პოლიტიკიდან ჰუმანურ და მზრუნველობით პოლიტიკაზე გადასვლას. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანზე, ვისაც აქვს პრობლემა, დავეხმაროთ ამ პრობლემის დაძლევაში და არა დავსაჯოთ სრულიად არაჰუმანური ფორმებით და დავტოვოთ ისევ იმ პრობლემაში, რომელშიც არიან.

ეს არის, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ამოსავალი ამ რეფორმის. რეფორმაზე იმუშავა ჯანდაცვის კომიტეტმა, რომელსაც ძალიან კარგი ექსპერტიზა აქვს ამ სფეროში, იმუშავა არასამთავრობო ორგანიზაციების პლატფორმასთან ერთად, რომლებიც, ძალიან დიდი ხანია, ცდილობენ,  რომ ცვლილებები მოხდეს ნარკოპოლიტიკის მხრივ ქვეყანაში.

მე მგონია, რომ შეიძლება იყოს გარკვეული შენიშვნები, იყოს გარკვეული საკითხები, კონკრეტული თემები, რომლებზეც პროექტში რაღაც ცვლილებები შევიდეს, მაგრამ მთლიანობაში იმ მიდგომას, რომ ჩვენ რეპრესიული პოლიტიკიდან უნდა გადავიდეთ ჰუმანურ, მზრუნველობით ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც შეამცირებს ნარკოდამოკიდებულებას ქვეყანაში და, პირიქით, პრევენციას მოახდენს, რომ ახალგაზრდები არ იქცნენ ამ პრობლემის ნაწილად და თავად არ გაუჩნდეთ ასეთი ტიპის დამოკიდებულება. ასე რომ, მე ეს სწორი მიდგომა მგონია და ვფიქრობ, ეს უფრო დაეხმარება ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, დაძლიოს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს.

ანუ ყველა ტიპის ნარკომოხმარების დეკრიმინალიზაციას ემხრობით?

ამაზე ჯერ კიდევ მიდის დისკუსია, თუ ზუსტად რა ტიპის... ცოტა რთულია ხოლმე გამიჯვნა მოხმარებებს შორის. ამაზე ჩვენ საბოლოო გადაწყვეტილება,  ჯერჯერობით, კიდევ არ მიგვიღია. ამაზე დისკუსია მიდის და ვნახოთ, პარლამენტში ჩემზე უფრო სიღრმისეულად გარკვეული პირები რაზე ჩამოყალიბდებიან. მიზანი რეფორმის, კიდევ ერთხელ ვამბობ, არის ის, რომ ნარკოდამოკიდებულება ქვეყანაში შემცირდეს. ეს არის ამოსავალი.

შესაძლებელია, ჩვენ გავმიჯნოთ კიდევაც და გარკვეული ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებზე არსებობდეს სანქციები და გარკვეულ ტიპზე - არა, მაგრამ ეს უფრო ექსპერტების სფეროა, უფრო ნაკროლოგებმა იციან უკეთ და კრიმინალისტებმა, პრინიცპში, რა ტიპის გამიჯვნა არის სწორი და შესაძლებელია თუ არა დახარისხება ნარკოტიკული საშუალებების, რომლებზეც უნდა დადგეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და რომლებზეც - არა. ასე რომ, ვნახოთ, ჩვენ ალბათ კიდევ გვექნება ამაზე დისკუსია და ჩამოვყალიბდებით, ყველაზე სწორი გზა რა არის.

თუმცა მმართველ გუნდში ძალიან ბევრი განსხვავებული აზრი არსებობს ამასთან დაკავშირებით და ბევრი სხვა არც ისე წარმატებული ინიციატივაც გვახსოვს, თუნდაც მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით ანუ ფიქრობთ, რომ ამ კანონპროექტს ძირითადი პათოსით აქვს შანსი, რომ მიიღონ?

კი, ძალიან ბევრი განსხვავებული აზრია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ კანონპროექტს აქვს შანსი იმიტომ, რომ ეს მგონია სწორი რეფორმა. თუმცა არის განსხვავებული მოსაზრებები და ამ თემაზე ნამდვილად დიდი დისკუსია გველის საქართველოს პარლამენტში.

„ქართული ოცნების" ნარკოპოლიტიკა - რა გაკეთდა 4 წლის განმავლობაში

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^