2012 წელი. კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა - "გადაიხედება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისათვის, აგრეთვე პირადი მოხმარებისათვის მისი მცირე ოდენობით შეძენის ან/და შენახვისათვის".
რა გაკეთდა ამ დაპირების შესასრულებლად?
ნარკომოხმარების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მერვე მოწვევის პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტი შევიდა. მათგან პარლამენტმა მხარი მხოლოდ 1 - იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებულ კანონპროექტს დაუჭირა. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული ცვლილება ფასადურია და ამ კუთხით არსებულ სისტემური სახის გამოწვევებს არ პასუხობს.
* ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაციის ინიციატივით 2012 წლის დეკემბერში ახალი მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი კობა დავითაშვილი გამოვიდა. მის მიერ შემოთავაზებულ კანონპროექტში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ალტერნატივა ადმინისტრაციური სასჯელი იყო და ნარკომომხმარებლების მაღალი ჯარიმებით დასჯას ითვალისწინებდა. დავითაშვილის ინიციატივა დეპუტატებმა საკომიტეტო მოსმენაზე დაიწუნეს და მისი თავიდან მომზადება მოითხოვეს.
* ამის შემდგომ პარლამენტში იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი შევიდა. საკანონმდებლო ცვლილების პაკეტი პარლამენტს 2013 წლის ივლისში გაეგზავნა. პლენარულ სხდომაზე კი ის ჩავარდა. აღნიშნული კანონპროექტით ცვლილება რამდენიმე კანონში შედიოდა. კანონპროექტი ახლებურად აყალიბებდა უკანონო ბრუნვაში მოქცეულ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მცირე, მნიშვნელოვან, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების შემუშავების წესებსა და ოდენობათა განსაზღვრის კრიტერიუმებს ადგენდა.
* მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზება - პარლამენტმა მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებასთან დაკავშირებული დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტიც ჩააგდო. 47 მომხრე, 21 წინააღმდეგი - კანონპროექტის მიღებას სამი ხმა დააკლდა (ვინ არ დაუჭირა მხარი მარიხუანის მოხმარების გამო პატიმრობის გაუქმებას).
* ნარკოტესტირების არსებული პრაქტიკის გაუქმება - პარლამენტმა მხარი არც ნარკოტესტირებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას დაუჭირა. დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს განაცხადებდა ნატკოტესტირებაზე, შემდეგ მისი არანებაყოფლობითი ნარკოლოგიური შემოწმება მხოლოდ სასამართლო განჩინების საფუძველზე გახდებოდა შესაძლებელი.
* ნარკოტესტირებაზე გადაყვანილთა რაოდენობა - 4 წლის განმავლობაში კვლავ მაღალი რჩებოდა აღნიშნული მაჩვენებელი. 2015 წელს ნარკოტესტირებაზე 37 503 ადამიანი გადაიყვანეს, წლების მიხედვით ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მაჩვენებელი ასეთია: 2012 წელს 21 749 პირი, 2013 წელს - 60 196, ხოლო 2014 წელს - 50 865.
მთავრობის ინიციატივები
* შეძენა/შენახვისა და გასაღების ფაქტების გამიჯვნა - ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ამ 4 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა შემოვიდა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტით, ერთმანეთისგან გაიმიჯნა ნარკოტიკების შეძენა/შენახვისა და გასაღების ფაქტები:
ცვლილება შევიდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში, რომლის მიხედვითაც ნარკოტიკული საშუალების წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნაზე 6 წლამდე, ხოლო გასაღებისთვის - 6-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაწესდა.
არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, კანონპროექტი ფასადურია და ის სისტემურად არ მოიცავს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ნორმებს.
* ნარკოტესტირებაზე პირის გადაყვანის ახალი ინსტრუქცია - 2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია დაამტკიცა. ახალი ინსტრუქცია ნარკოტესტირებაზე გადაყვანის საფუძვლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასაც ითვალისწინებს.
EMC-ის შეფასებით, შსს-ს ინსტრუქცია ნარკოტესტირების მავნე პრაქტიკის გაგრძელების საშუალებას იძლევა.
„ამ შემთხვევაში შეზღუდულად მოხდება ამ ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება. შეუძლებელია, სასამართლოს წინაშე დაიკითხოს უშუალოდ კონფიდენტი, რომელმაც პოლიციელს ინფორმაცია ოპერატიულად მოაწოდა. მოსამართლეს და მეორე მხარეს, ვისი გადაყვანაც მოხდა, არ აქვს უფლება, რომ ამ ადამიანის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენოს. ეს არის პრობლემა“, - ამბობდა „ლიბერალთან“ საუბრისას EMC-ის იურისტი გურამ იმნაძე.
* ზედოზირების შემთხვევები
წლების განმავლობაში პრობლემად რჩებოდა ის, რომ ზედოზირების შემთხვევებს სამედიცინო დაწესებულება პოლიციას ატყობინებდა. ვინაიდან საქართველოში ნარკომოხმარება დასჯადია, პოლიციის მხრიდან ამგვარ ფაქტებს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვებოდა ხოლმე. ამის გამო ზედოზირების შემთხვევებში ადამიანები, ჯარიმისა თუ დაპატიმრების შიშით, სასწრაფო დახმარების გამოძახებისგან თავს იკავებდნენ. 2014 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით ეს წესი შეიცვალა და სამედიცინო დახმარებას პოლიციისთვის ზედოზირების შესახებ შეტყობინების ვალდებულება გაუუქმდა. თუმცა, მიუხედავად რეგულაციის ცვლილებისა, ზედოზირების შემთხვევებზე ინფორმაცია პოლიციის ყურამდე მაინც მიდის. „ლიბერალის“ რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ ამგვარი ფაქტები განსაკუთრებით ხშირია რეგიონებში.
* სააფთიაქო ნარკომანია
„სააფთიაქო ნარკომანიის” დასაძლევად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ძალაში 2014 წლის 15 მარტს შევიდა. კრიმინალიზებულ იქნა კოდეინის, ეფედრინის, ნორეფედრინისა და ფსევდოეფედრინის შემცველი კომბინირებული სამკურნალო საშუალებების არალეგალური ბრუნვა. აღნიშნული პრეპარატების ურეცეპტოდ გაცემის შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ვრცელდება იურიდიულ (აფთიაქი) და რეალიზაციასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებზე.
შესაბამისი უწყებების ინფორმაციით, აღნიშნული ღონისძიებების შემდეგ „კუსტარული ნარკოტიკების” მოხმარება მინიმუმამდე შემცირდა. მიუხედავად თანამდებობის პირების განცხადებისა, დარგის ექსპერტებისთვის ეს მონაცემებიც სადავოა. მათი თქმით, მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ რა მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებენ ამას ოფიციალური უწყებები.
* ნარკოვითარების მონიტორინგის ცენტრი - 2014 წლის ოქტომბერში საქართველოში ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნა დაანონსდა.
ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ფუნქცია საქართველოში არსებულ ნარკოვითარებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამეცნიერო-პრაქტიკული მეთოდოლოგიების დანერგვა, საერთაშორისო დონეზე შესაბამის ორგანიზაციებთან ინფორმაციის გაცვლა და ანგარიშგების წარმოება უნდა ყოფილიყო. ცენტრი ამ დრომდე არ შექმნილა.
* რიგი ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების განსაზღვრა - ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა. ვინაიდან დღევანდელი კანონმდებლობით, ნივთიერებებზე, რომელთა რომელთა მხოლოდ დიდი ოდენობაა განსაზღვრული, პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება ავტომატურად, დიდი ოდენობის შესაბამისად ხდება. შესაბამისად, მაღალია სასჯელიც.
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო ჯგუფი ნარკოტიკული საშუალებების მცირე ოდენობების განსაზღვრაზე მუშაობს. კანონპროექტის სამუშაო ვერსია 7 ნარკოტიკულ საშუალებაზე მცირე ოდენობებს განსაზღვრავს. ესენია: ამფეტამინი (0.0001), დეზომორფინი (0.0001), ლიზერგინი (0.00001), MDMA (0.01), მეთადონი (0.2), მეტამფეტამინი (0.0001), ჰეროინი (0.001).
დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს ცვლილება მხოლოდ ცვლილებებისთვის ხდება. მათი თქმით, ნებისმიერ ნარკოტიკულ საშუალებაზე მცირე ოდენობა უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რა რაოდენობა სჭირდება ადამიანს ერთჯერადად, პირადი მოხმარებისთვის.
ნარკოლოგები აღნიშნავენ, რომ 0.0001 გრამი თვალისთვის უხილავი რაოდენობაა, რომლის განსაზღვრასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მისი თქმით, ეს რაოდენობა სუფთა ნივთიერებაზეც რომ იყოს გათვლილი, მაინც ძალიან მცირეა. ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ამ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტის საბოლოო სახე ამ დრომდე არ წარმოუდგენია (ნარკოტიკების დოზები - სამართალწარმოება მცირე ოდენობების გარეშე).
***
* ბექა კრიმინალი არ არის
2015 წლის 24 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ბექა წიქარიშვილის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ პირისგან 70 გრამამდე მარიხუანის ქონა შეუძლებელია მიზნად ისახავდეს გასაღებას ან მსგავს საფრთხეს შეიცავდეს შეიცავდეს. ამდენად, აღნიშნული ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა არაჰუმანურ, სასტიკ და ღირსების შემლახველ მოპყრობას წარმოადგენს.
საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ მედია აშუქებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლო ნედლ მარიხუანაზე არ ავრცელებდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ამ დრომდე არ შეუტანია.
* ლევან აბზიანიძე
2015 წლის 17 ივნისს ქუთაისში ნარკოტესტირების შედეგ ლევან აბზიანიძე გარდაიცვალა. ექსპერტიზის დასკვნით, ნარკოტესტირების შემდეგ გარდაცვლილი ლევან აბზიანიძის ორგანიზმში შარდმდენის კვალი აღმოჩნდა. აბზიანიძის მეუღლე ამბობს, რომ პოლიციელებმა ლევან აბზიანიძეს 3 აბი შარდმდენის მიღება აიძულეს, რამაც წნევის დაცემა გამოიწვია და სწორედ ეს გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. ამ დრომდე მიმდინარეობს ექსპერტიზა იმის დასადგენად, თუ რა გახდა აბზიანიძის გარდაცვალების მიზეზი.
ნარკოპოლიტიკაში არსებული გამოწვევები
* მოხდეს ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზება - ეს ის საკითხია, რომელსაც ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საზოგადოებრივი მოძრაობები მოითხოვენ.
აღნიშნულზე საკონსტიტუციო სარჩელი აქვს შეტანილი სახალხო დამცველსაც. ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანამ ჰუმანური ნარკოპოლიტიკა გაატაროს და სადამსჯელო ღონისძიებებზე მეტად რესურსები რეაბილიტაციასა და მკურნალობისაკენ მიმართოს.
დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით, გასაღების მიზნის გარეშე, უკანონოდ შეძენა ან შენახვა, ან ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება ითვალისწინებს 500 ლარის ჯარიმას ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.
იმ შემთხვევაში თუ ამ დანაშაულისთვის ნასამართლევმა პირმა იგივე დანაშაული ჩაიდინა, მას უკვე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ემუქრება (სსკ 273-მუხლი) და პირი ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით.
სისხლისსამართლის კოდექსში ასევე არსებობს სხვა მუხლი, რომელიც „ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას“ ეხება და სხვადასხვა დანაშაულისთვის საშუალოდ 5 წლიდან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
* ნარკოტესტირების პრაქტიკის შეცვლა - როგორც ზემოთ აღინიშნა, მიუხედავად ტესტირებაზე გადაყვანის ინსტრუქციის ცვლილებისა, პოლიციას მოქალაქეები ნარკოტესტირებაზე მაინც დამატებითი ახსნა-განმარტების გარეშე გადაჰყავს.
აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ომბუდსმენს სარჩელი, ე.წ. „ქუჩის ნარკოტესტირების“ პრაქტიკაზე აქვს შეტანილი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პირის ადმინისტრაციული წესით „წარდგენა“ თავისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე უტოლდება თავისუფლების შეზღუდვას. გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმები, ყველა შემთხვევაში ადამიანის პირადი თავისუფლების შეზღუდვას ითვალისწინებს, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად აუცილებელია შეზღუდვა კონკრეტული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების მიზნებისთვის, თანაც ისე, რომ თავისუფლებაშეზღუდული პირი ვერ სარგებლობს კონსტიტუციის მე-18 მუხლით გათვალისწინებული პროცესუალური გარანტიებით.
* ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებულია ნარკოტიკებისთვის მცირე ოდენობის არარსებობის საკითხი. საკონსტიტუციო სარჩელი ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელთან“, „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელთან“ და „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ერთად, „ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით მოამზადა.
* ნარკოტიკული დანაშაულის გამო მსჯავრდებული პირებისთვის დაწესებული უფლებრივი შეზღუდვები - ამ საკითხის მოსაგვარებლად, ასევე მომზადდა საკონსტიტუციო სარჩელი.
დღეს მოქმედ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლში აღნიშნულია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს 3 წლით ჩამოერთმევა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება და სხვა.
* ნარკომომხმარებელი თემის წინაშე ასევე უცვლელად დგას სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროგრამების ხელმისაწვდომობა და ზიანის შემცირება - პრევენციის პროგამების არსებობა. აღსანიშნავია 2012 წლის საარჩევნო პროგრამა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ჯანდაცვის სისტემის სახელმწიფო დაფინანსების მოდელი დაეფუძნება პრინციპებს, რომლის ჩამონათვალში ნარკომანიის მკურნალობის პროგრამაცაა მითითებული.