Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრევენცია და რეპრესიული ნარკოპოლიტიკა

24 მარტი 2016

წლების განმავლობაში საქართველოში აივ ინფიცირებულებში ინფექციის გადაცემის მთავარი გზა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება იყო. 2011 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში შიდსის ვირუსით ინფიცირების 3080 შემთხვევა დარეგისტრირდა, რომელთა 55,6% ნარკოტიკების ინექციური მოხმარების გზით გავრცელდა. აივ ინფიცირებულებში ინფექციის გადაცემის მთავარი გზა 2012 წელსაც ნარკოტიკების ინექციური მოხმარება იყო (366 ახალი შემთხვევა 54.9%- ინექციური მოხმარება).

შიდსის ცენტრის მონაცემებით, ბოლო სამი წელია შიდსის ვირუსის გადაცემის მთავარი გზა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება აღარაა. 2013, 2014 და 2015 წლების სტატისტიკის მიხედვით აივ ინფექციის ჰეტეროსექსუალური კავშირებით გადაცემა დომინანტობს.

2013 წელს 490 ახალი შემთხვევიდან 245 ჰეტეროსექსუალური აქტის საშუალებით გავრცელდა.

2014 და 2015 წლებშიც შიდსის გავრცელების ძირითადი გზა ჰეტეროსექსუალური კავშირები იყო.

სპეციალისტების აზრით, აღნიშნული შედეგი დიდი ალბათობით სწორედ ზიანის შემცირებასა და ცნობიერების გაზრდაზე მიმართულმა ღონისძიებებმა განაპირობა.

ზიანის შემცირების პროგრამებში ერთ-ერთი წამყვანი, ე.წ. შპრიცების გაცვლის პროგრამაა, რომლის მიზანიც აივ ინფექციისა და სხვა სისხლით გადამდები დაავადებების გადადების ალბათობის შემცირებაა. იმ დაავადებების, რომლებიც ნარკოტიკების  ინექციურ მომხმარებლებს შორის ადვილად ვრცელდება საზიარო შპრიცის გამოყენებით.

შპრიცების გაცვლის პროგრამები მომხმარებლისთვის უკვე გამოყენებული შპრიცების სანაცვლოდ ახალი შპრიცის გადაცემას ითვალისწინებს. სოციალური მუშაკები და ნარკომომხმარებლები ერთმანეთში შპრიცებს ცვლიან. ნარკომომხმარებელი  სოციალურ მუშაკს უბრუნებს ნახმარ შპრიცს, სანაცვლოდ კი მისგან ახალ შპრიცს იღებენ.

ე.წ. შპრიცების გაცვლის პროგრამა საქართველოში 2001 წელს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით ამოქმედდა. დღესდღეობით პროგრამა საქართველოში მხოლოდ გლობალური ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. საქართველოში ასეთი სულ 14 პროგრამა ფუნქციონირებს. წელიწადში პროგრამა ამ სერვისით 18-დან 20 ათასამდე ადამიანს ემსახურება. ის მხოლოდ შპრიცების გაცვლას არ გულისხმობს. გარდა სტერილური საინექციო აღჭურვილობისა, ბენეფიციარებს უტარდებათ გამოკვლევები აივ ინფექციაზე, B და ჩ ჰეპატიტებსა და სიფილისზე; მიეწოდებათ საინფორმაციო საგანმანათლებლო მასალები ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების გზებზე; ზედოზირების შემთხვევაში გამოყენებისთვის ურიგდებათ ნალოქსონი ოპიოიდებით. ყველა მომსახურება უფასო და ანონიმურია.

დღეს საქართველოში სულ 14 ცენტრი ფუნქციონირებს.ერთ-ერთი სერვისცენტრი სოხუმში მდებარეობს.

პრევენციული ღონისძიებებისა და ზიანის შემცირებაზე მიმართული პროგრამების ეფექტურობაზე განვითარებული სამყარო დიდი ხანია შეთანხმდა. წამალდამოკიდებულების კვლევების ორგანიზაცია „ალტერნატივა ჯორჯიას” ხელმძღვანელის დათო ოთიაშვილის  თქმით, ჩვენნაირი ქვეყნისთვის, სადაც აივის გავრცელების ერთ-ერთი წამყვანი ჯგუფი ისევ ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და სადაც ჩ ჰეპატიტით ინფიცირებულთა ყველაზე დიდი ჯგუფი ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლებზე მოდის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პრევენციული ღონისძიებები. (ამ ჯგუფზე ჩ ჰეპატიტით ინფიცირებული ადამიანების დაახლოებით 60% მოდის).

„მეცნიერულად დადასტურებულია და არსებობს უამრავი მაგალითი იმ რეგიონებისა და ქვეყნების, სადაც ეს პროგრამები არ ხორციელდებოდა და იზრდებოდა ინფექციებისა და ეპიდემიების გავრცელება; ქვეყნებისა და რეგიონების, სადაც ამ პროგრამების დროული და ფართო დანერგვა მოხდა. ამ ქვეყნებში პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანეს აივის ინექციურ მომხმარებლებში გავრცელება. ასეთი შედეგები მიღწეულია, მაგალითად, ინგლისში, ჩეხეთში და კიდევ სხვა ქვეყნებში. ეს ყველაფერი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩ ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის კონტექსტში. ელიმინაციას პრევენციის გარეშე ვერ მივაღწევთ”, - ამბობს დათო ოთიაშვილი. 

ზიანის შემცირების ქსელის თანამშრომლის მაკა გოგიას თქმით, პროგრამის ეფექტი სახეზეა.

„როდესაც პროგრამის ეფექტურობაზე ვსაუბრობ, ვგულისხმობ უსაფრთხო ქცევის ფორმირების სახით  გამოხატულ ქცევას.  ნარკოტიკების მომხმარებლები აღარ იზიარებენ შპრიცს, ასევე სხვა საინექციო აღჭურვილობას - კოვზს, ბამბას, ფილტრს და ასე შემდეგ. ეს უკვე აისახა იმაზე, რომ შიდსის ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით გადაცემა მნიშვნელოვნად შემცირებულია. ეს არაერთ ანგარიშშია ასახული“, - ამბობს მაკა გოგია. 

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, ზიანის შემცირების პროგრამები საქართველოში გლობალური ფონდის მიერ ფინანსდება. გლობალური ფონდი 2018 წლიდან ქვეყნიდან გასვლას იწყებს. შესაბამისად, მის მიერ დღეს დაფინანსებული პროგრამები მომავალში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააფინანსოს. მეტადონის პროგრამის ნაწილში, რომელსაც დღეს ნაწილობრივ ასევე გლობალური ფონდი აფინანსებს, სახელმწიფო პოზიცია უფრო ცხადია - ჯერერობით მხოლოდ განცხადებების დონეზე არაერთხელ ითქვა, რომ 2018 წლიდან სახელმწიფო სრულად დააფინანსებს მეტადონის პროგრამებს. თუმცა რა პოზიცია აქვს სახელმწიფოს ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსებასთან მიმართებით, უცნობია. შესაბამისად, ამ პროგრამის მდგრადობა მნიშვნელოვანი რისკის ქვეშაა.

„სახელმწიფომ სრულად აიღო პასუხისმგებლობა, რომ გლობალური ფონდის გასვლის შემდეგ მეტადონის ჩანაცვლების პროგრამებს დააფინანსებს. შპრიცების გაცვლის პროგრამასთან დაკავშირებით ასეთი ვალდებულება არ აუღია. ნათქვამია სიტყვიერი თანხმობა, რომ გააგრძელებენ. რიცხვებში ეს ასახული არ არის. თუმცა ვერბალურად არ უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ ეს პროგრამები არ დაიხურება”, - ამბობს დათო ოთიაშვილი.

2014 წლიდან გლობალური ფონდის გრანტს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იღებს. ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ირა ხონელიძის თქმით, სახელმწიფო 2016 წლის აპრილში მუშაობას დაიწყებს გეგმაზე, სადაც გაწერილი იქნება, თუ როგორ გადაიბარებს სახელმწიფო გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებს. ის იმედს გამოთქვამს, რომ 2019 წლიდან სახელმწიფო ზიანის შემცირების პროგრამების დაფინანსებასაც გააგრძელებს.

„ჩემი აზრით, ის, რომ ქვეყნები ამ გზით მიდიან, რომ მკურნალობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს თავის თავზე გადააქვს, ლოგიკურია. მაგრამ გეთანხმებით, რომ ეს არ ნიშნავს პრევენციის ნაწილის უგულვებელყოფას. ახსნას არ საჭიროებს, რამდენად ეფექტურია პრევენცია და რამხელა შედეგს იძლევა ის. ფაქტი ისაა, რომ ამ სეგმენტის ერთ-ერთი მიზანია, არ მოხდეს დაავადების გავრცელება. ვგულისხმობ, რომ ღონისძიებები მიმართულია შიდსის გავრცელების წინააღმდეგ. ფაქტია, რომ არ იზრდება მათი რიცხვი. ძირითადად შიდსის გადაცემა ამ გზით ხდება. ზრდის ტემპი სხვა ჯგუფებზე მოდის და არა ინტრავენტულ ნარკომანებზე. მეორე მხარეა, რომ ნარკომომხმარებლებში სხვადასხვა მონაცემით გვაქვს (65%, 68%, 2/3) ჩ ჰეპატიტის შემთხვევები. ამიტომ ელიმინაციის ნაწილში უპირველესად მნიშვნელოვანია ჩ ჰეპატიტის და შიდსის გამოვლენა და შემდეგ ამ ხალხის მკურნალობა”,  - ამბობს ირმა ხონელიძე. 

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის მდგრადობისა და ეფექტურობის კუთხით ერთადერთი პრობლემა არაა. საქართველოში მკაცრი ნარკოპოლიტიკის გამო შპრიცების გაცვლის პროგრამა იმ ფორმით, რა ფორმითაც უნდა ხორციელდებოდეს, ვერ ხორციელდება. სერვისის მიმწოდებლების თქმით, სოციალური მუშაკები საქმიანობის სრულფასოვნად განხორციელებას ვერ ახერხებენ და მუშაობის პროცესში ბარიერებს აწყდებიან. ნარკომომხმარებლებს ნახმარი შპრიცები უკან ვერ მოაქვთ, რადგან შპრიცში რაღაც დოზით ნარკოტიკის აღმოჩენის შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტები გახდებიან.

„ქვეყანაში მკაცრი ნარკოპოლიტიკაა. გამოყენებული შპრიცის დაბრუნება არ ხდება, რადგან ეს არის საშიში არა მხოლოდ ბენეფიციარისთვის, არამედ სოცმუშაკისთვის, რომელიც ამ შპრიცს ჩაიბარებს. იმიტომ, რომ არ არის დადგენილი ნარკოტიკის მოხმარების ოდენობები, თუკი შპრიცის გამორეცხვის შედეგად 0,001 გრამი ნარკოტიკული ხსნარი მიიღება, ეს შეიძლება იყოს დასჯადი. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობაც კანონთან პირდაპირ წინააღმდეგობაში შეიძლება მოვიდეს. ჩვენ ამის გამო ვერ ვახერხებთ შპრიცების გაცვლას. გვაქვს მხოლოდ დისტრიბუცია. ამ თვალსაზრისით ალბათ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანა ვართ. 92 ქვეყანაში ხორციელდება შპრიცების გაცვლა. ერთადერთი მხოლოდ ჩვენ ვართ, ვინც შპრიცების დისტრიბუციას აკეთებს“, - ამბობს მაკა გოგია. 

მაკა გოგიას თქმით, შპრიცების გაცვლის პროგრამის განხორციელებას სამართლდამცველების მხრიდან ხშირად ექმნება პრობლემა.

„ჩვენს პროგრამაში დასაქმებული არცერთი კადრი პოლიციისგან დაზღვეული არ არის. არაერთხელ ყოფილა დაჭერის, იძულებით ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მცდელობა. ჩვენ იურისტიც გვყავს. ვეხმარებით, თუმცა ეს ძალიან დამთრგუნველია. ჩვენი ბენეფიციარებიც ხედავენ, რომ, როდესაც პროგრამაში დასაქმებულ კადრს პოლიცია ებრძვის, ისინი დაცულები არ არიან“, - ამბობს მაკა გოგია.

მაკა გოგიას თქმით, ერთ-ერთი ასეთი ბოლო შემთხვევა აჭარაში მოხდა.

„განგაში გამოვაცხადეთ, მივმართეთ არჩილ თალაკვაძეს, შევხვდით ქსელიდან რვაკაციან ჯგუფს და გავაკეთეთ ახსნა-განმარტება - ვინ ვართ, რა პროგრამას ვახორციელებთ, რატომ არ უნდა გვიშლიდეს პოლიცია ხელს. მოვისმინეთ ერთმანეთის არგუმენტები და მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ჩვენი სამოქმედო არეალის ზონაში პოლიცია ხელს არ შეგვიშლიდა.

ეს შეხვედრა იყო თებერვალში. მან წარმატებით ჩაიარა იმ თვალსაზრისით, რომ პირველად მოხდა ასეთი გახსნილი დიალოგი პოლიციასთან და შეთანხმება, რომ ჩვენ სამოქმედო არეალზე, ჩვენს მობილურ ამბულატორიაში მოსული ბენეფიციარი მინიმუმ არ უნდა იყოს გადაყვანილი  ტესტირებაზე და მაქსიმუმ - დაჭერილი”, - ამბობს მაკა გოგია.

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის წარმომადგენელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ნარკოლოგიის დეპარტამენტის ხელძღვანელი ხათუნა თოდაძეც ამბობს, რომ დღეს არსებული ნარკოპოლიტიკა რეპრესიულია და ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ ასეთი მიდგომა ზიანის შემცირების პროგრამების ეფექტურობას აქვეითებს.

„ის, რომ საქართველოში დღეს მოქმედი ნარკოპოლიტიკა ზედმეტად მკაცრია, მე მგონი ამაზე უკვე ყველა თანხმდება. აზრთა სხვადასხვაობა კი იმ საკითხზე, თუ როგორი უნდა იყოს ახლო მომავალში ნარკოპოლიტიკა, ნამდვილად არის. ამის გამო მიმდინარეობს დებატები სხვადასხვა სფეროში, უამრავი სარჩელია შეტანილი იგივე საკონსტიტუციო სასამართლოში, კანონპროექტები შეტანილია პარლამენტშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება ძალიან აქტიურია. საზოგადოებამ დაინახა, რომ ის ნარკოპოლიტიკა, რომელიც დღეს არსებობს, არ არის მორგებული იმას, რომ მაქსიმალურად მოხდეს ნარკოტიკების მოხმარების პრევენცია, ან გაუმჯობესდეს ზიანის შემცირების პროგრამები და, რაც მთავარია, ნარკოტიკების მომხმარებელთა უფლებები იყოს დაცული. შესაბამისად, ველოდები, რომ უახლოეს მომავალში იქნება გარკვეული ცვლილებები, და ჩვენი ნარკოპოლიტიკა უფრო გონივრული გახდება”, - ამბობს ხათუნა თოდაძე.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მოთხოვნები

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნები საქართველოს ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელების კუთხით რიგ მოთხოვნებს უყენებს.

ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ სახელმწიფომ რისკის შესამცირებლად ნარკომომხმარებელთა ინფორმირება და შესაბამის სერვისებზე წვდომისთვის უნდა უზრუნველყოს ფასილიტაცია.

ასევე უნდა უზრუნველყოს ნარკოდამოკიდებულებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებისა და პრევენციის პროცესში ოჯახებისა და საზოგადოების ინფორმირება.

„HIV-ის, B და ჩ ჰეპატიტის, ტუბორკულოზისა და სექსუალური გზით გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ზომების, ასევე აღნიშნული დაავადებების სკრინინგის უზრუნველყოფა ინექციურ ნარკომომხმარებელთა და მათი სოციალური წრეებისთვის".

კითხვაზე, რას აკეთებს სახელმწიფო ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად, ხათუნა თოდაძე პასუხობს, რომ ქვეყანა ამ კუთხით მუშაობს, თუმცა ტემპები ნელია, რისი მიზეზიც ძირითადად არასაკმარისი ფინანსებია.

ამას გარდა, ზიანის შემცირების პროგრამების მოცვის გაფართოებასა და ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბარია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიაში, რომელიც ქვეყანამ 2014 წელს მიიღო. სტრატეგია მიზნად ზიანის შემცირების პროგრამების სრულფასოვანი და ეფექტური განხორციელებისთვის ხელშემწყობი გარემოს შექმნასაც ითვალისწინებს.

ხათუნა თოდაძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მოუწევს თავის თავზე ზიანის შემცირების პროგრამის აღება.

„შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც გარდამავალ პერიოდში იმუშავებს, რომ ქვეყანამ ეს ტვირთი მაქსიმალურად ეფექტურად აიღოს. თუმცა ზიანის შემცირების პროგრამებისთვის რამდენიმე წელი ჯერ კიდევ გვაქს. ჯერჯერობით 2018 წლის ბოლომდე ამ პროგრამას გლობალური ფონდი აფინანსებს", - ამბობს თოდაძე.

სტატია მომზადებულია პროექტის "მედია საქართველოს ევროპული დღის წესრიგისთვის" (M-GEA) ფარგლებში. M-GEA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. მასალის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^