2015 წელს ნარკოტესტირებაზე 37 503 ადამიანი გადაიყვანეს. ამის შესახებ „ლიბერალის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოთხოვილ ინფორმაციაშია აღნიშნული.
ნარკოტესტირებაზე გადაყვანილი პირებიდან ჯამში 14 138 დაუდგინდა მოხმარების ფაქტი. მათგან 10 894-ს - ნარკოტიკული საშუალების, ხოლო 3 244-ს - ფსიქოტროპული ნივთიერების.
2015 წლის 30 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტის დადგენის მიზნით პირის გამოსაკვლევად წარდგენის ინსტრუქცია დაამტკიცა.
ახალი ინსტრუქციის ამოქმედების შემდეგ, 2015 წლის ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში ტესტირებაზე ჯამში 6 953 ადამიანი გადაიყვანეს. 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი 12 742-ია.
წლების მიხედვით ნარკოტესტირებაზე გადაყვანის მაჩვენებელი ასეთია: 2012 წელს 21 749 პირი, 2013 წელს - 60 196, ხოლო 2014 წელს - 50 865.
„ლიბერალთან საუბრისას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი გურამ იმნაძე აცხადებდა, რომ შსს-ს ახალი ინსტრუქცია ნარკოტესტირების არსებული პრაქტიკით გაგრძელების შესაძლებლობას იძლევა.
მისი თქმით, რაღაც მიმართულებებით ეს ბრძანება უფრო ნათელს ხდის ნარკოტესტირებაზე გადაყვანის პროცედურებს, თუმცა ბრძანების დანართის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტი, ფაქტობრივად, ისევ იმავე მდგომარეობაში აყენებს ყველაფერს, „ამ ქვეპუნქტით ჩვეულებრივად შეეძლებათ სამართალდამცავებს, გააგრძელონ ის მავნე პრაქტიკა, რაც აქამდე არსებობდა".
მუხლში, რომელსაც იურისტი ახსენებს, აღნიშნულია, რომ პოლიციელი უფლებამოსილია, პირი საექსპერტო დაწესებულებაში გამოსაკვლევად წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, სამინისტროს სსიპ – „112“-ში შესული შეტყობინება, ან უშუალოდ პოლიციისათვის პირდაპირი შეტყობინების გზით იდენტიფიცირებული წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაცია პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების ან/და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ მოხმარების შესახებ.
„ამ შემთხვევაში შეზღუდულად ხდება ამ ოპერატიული ინფორმაციის გადამოწმება, შეუძლებელია, სასამართლოს წინაშე დაიკითხოს უშუალოდ კონფიდენტი, რომელმაც პოლიციელს ინფორმაცია ოპერატიულად მოაწოდა. მოსამართლეს და მეორე მხარეს, ვისი გადაყვანაც მოხდა, არ აქვს უფლება, რომ ამ ადამიანის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენოს, ეს არის პრობლემა“, - ამბობს იმნაძე.
„ლიბერალის" შეკითხვაზე, რამდენადა ქვს სასამართლოში პოლიციელს ვალდებულება, დაასახელოს ინფორმაციის მიმწოდებლის ვინაობა,იმის დასადასტურებლად, რომ მას პირის ნარკოტესტირებაზე გადაყვანამდე ოპერატიული ინფორმაცია რეალურად ჰქონდა?
იმნაძე პასუხობს, რომ თუ ინფორმაცია კონფიდენტის მიერ არის მიღებული, მაშინ, პოლიციას არ აქვს ვალდებულება, დაასახელოს მისი ვინაობა.
„ამ შემთხვევაშიც კონფიდენტის ინტერესებიც არსებობს, რომ მისი ვინაობა და სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები იყოს დაფარული და არ გამჟღავნდეს“, - აცხადებს იმნაძე.
რა სახის რეკვიზიტებს შეიცავს ოპერატიული ინფორმაციის დოკუმენტი? არის თუ არა მასში წყაროს პირადი ინფორმაცია მითითებული: როგორიცაა სახელი, გვარი და პირადი ნომერი? იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პირადი ინფორმაცია დოკუმენტს თანდართული არ აქვს, როგორ მტკიცდება წყაროს ავთენტურობა, რომ ასეთი ინფორმაციის გამცემი რეალურად არსებობს? თუ წყაროს სურს, მის მიმართ დაიცვან კონფიდენციალობა, რა ხდება ასეთ შემთხვევაში? ასახელებს თუ არა შსს-ს წარმომადგენელი მის სახელსა და გვარს სასამართლოში? თუ არა, მაშინ, როგორ ამტკიცებს შსს, რომ მან ინფორმაცია რეალური წყაროსგან მიიღო?
აღნიშნულ შეკითხვებზე, შსს-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ოქროპირიძემ „ლიბერალს" წერილობით უპასუხა: „ოპერატიული ინფორმაციის მიღების დამუშავების წესი და პროცედურები განისაზღვრება და რეგულირდება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი კანონმდებლობით".
EMC-ის რეკომენდაციით, ნარკოტესტირებაზე გადაყვანა დამოკიდებული არ უნდა იყოს მხოლოდ იმაზე, რომ პოლიციელს ინფორმაცია აქვს პირის მიერ ნარკოტიკის მოხმარებაზე, არამედ იმ შემთხვევაზე, როდესაც პირი უშუალოდ ჩაიდენს სხვა სამართალდარღვევას.
„მაგალითად, თუ პირი არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, ან საჭესთან ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფება, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, გამართლებული იქნებოდა ნარკოტესტირებაზე გადაყვანა“, - აღნიშნავს იმნაძე.