ნარკოტიკული საშუალებების გასაღებისა და შეძენა/შენახვისთვის პასუხისმგებლობები ერთმანეთისგან გამიჯვნა იგეგმება. ცვლილებათა პროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლში შედის, პროკურატურამ, იუსტიციის და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთობლივად მოამზადა.
სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მოქმედი რედაქციით, ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება, ერთგვაროვანი პასუხისმგებლობით - თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ცვლილებათა პროექტის მიხედვით კი დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნისთვის პასუხისმგებლობა 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა იქნება, ხოლო გასაღებისთვის - 6-დან 11 წლამდე.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში პროექტის მიღების მიზნად ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულება დასახელდა.
ავტორების თქმით, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის შესრულების შემფასებელი მისიის ერთ-ერთმა წევრმა, ფინელმა ექსპერტმა ტერჰო რაიალამ, თავის დასკვნაში, რეკომენდაცია მისცა საქართველოს სახელმწიფოს. ქვეყანას საკანონმდებლო ცვლილების საშუალებით ერთმანეთისაგან უნდა გაემიჯნა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, ერთი მხრივ, ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით ფლობისათვის, მეორე მხრივ, მისი უკანონო გასაღებისათვის.
„სხვა მოთხოვნებთან ერთად ამ რეკომენდაციის შესრულება აუცილებელია იმისათვის, რათა 2015 წლის 21-22 მაისის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის რიგაში ევროპულმა კომისიამ გამოსცეს რეკომენდაცია საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმისა და, შესაბამისად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მოთხოვნების შესრულების შესახებ“, - ვკითხულობთ განმარტებით ბარათში.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტის (EMC) იურისტი გურამ იმნაძე „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ფრაგმენტულია და ის სისტემურად არ მოიცავს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ნორმებს.
„ეს ცვლილება ფასადურია და რეალურად, ლიბერალიზაციას და შერბილებას არ გულისხმობს, ამიტომ ის ვერ უზრუნველყოფს საერთაშორისო გამოწვევებისთვის პასუხის გაცემას, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს“, - ამბობს ინმაძე.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან გაიმიჯნა ნარკოტიკული საშუალების გასაღება და შეძენა/შენახვა, ამ უკანასკნელის შემთხვევაში სასჯელი მინიმალურად შემსუბუქდა.
იმნაძემ ყურადღება კანონპროექტის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილზე გაამახვილა, რის მიხედვითაც განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში ადამიანს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. შესაბამისად, როდესაც საქმე ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ეხება, გაუმიჯნავია როგორც გასაღება, ასევე შეძენა, შენახვა და ა.შ.
„ეს კანონპროექტი ძალიან ფრაგმენტულია, რადგან რეალურად ნარკოდანაშაულს ჯამში 12 თუ 13 მუხლი აწესრიგებს. თუმცა მხოლოდ ერთ მუხლში გადაწყვიტეს ცვლილების შეტანა. ასევე, 260-ე და 261- ე მუხლებს შორის მხოლოდ ის განსხვავებაა, რომ 260-ე ნარკოტიკულ ნივთიერებებს ეხება, ხოლო 261-ე ფსიქოტროპულ ნივთიერებებს. მეორე შემთხვევაში კი ასევე გაუმიჯნავი რჩება გასაღებისა და შეძენა/შენახვის მიზნები. რატომ მოხდა მხოლოდ 260-ეს მოწესრიგება და სხვა მუხლების უგულებელყოფა, გაურკვეველია“, - ამბობს იმნაძე.
მისი თქმით, პრინციპების დონეზე აუცილებელია, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისთვის დეკრიმინალიზაცია თუ არა, თავისუფლების აღკვეთის გაუქმება მაინც მოხდეს. მოხმარებისთვის შესაძლებელია სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობა არსებობა, მაგრამ ეს უნდა შემოიფარგლებოდეს ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით და არა თავისუფლების აღკვეთით.
„ასევე ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი საკითხია, ნარკოტიკული ნივთიერებების ოდენობების სწორად განსაზღვრა. მაგალითად, ძალიან ბევრ ნარკოტიკულ ნივთიერებებზე საერთოდ არ არის დადგენილი მცირე ოდენობა და მათი ნებისმიერი დოზის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი პირს შეიძლება სს პასუხისმგებლობა დაეკისროს, რაც გაუმართლებელია“, - ამბობს იმნაძე.
კანონპროექტს არაეფექტურს უწოდებენ თავად ნარკომომხმარებელთა თემის წარმომადგენლები. „ნარკოტკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წევრი კოტე რუხაძე ამბობს, რომ ერთმანეთისგან გამიჯვნა უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა კვლავ პრობლემად რჩება დოზები/ოდენობები, „რაც ამ ცვლილებას ფასადურს ხდის და ის ვერ მოიტანს რეალურ შედეგს“.
„პირველ რიგში, უნდა მოხდეს მოხმარების დეკრიმინალიზაცია. განისაზღვროს დოზები, რისი ფლობის უფლება აქვს დაავადებულ ადამიანს და რისი - არა. გამიჯვნის მიუხედავად მაინც რჩება ძალიან მაღალი სასჯელები და, რაც მთავარია, კომპლექსურად უნდა შეიცვალოს მიდგომები. ნარკოტიკების მომხმარებლების პრობლემებით ჯანდაცვის სამინისტრო უნდა დაკავდეს, ხოლო მიწოდებას, შემოტანა და გავრცელებას შსს-მ უნდა ებრძოლოს“, - ამბობს რუხაძე.
სამოქალაქო აქტივისტი პაატა საბელაშვილი „ლიბერალთან" საუბრისას ამბობს, რომ სახელმწიფოს მიმართ წლების განმავლობაში არსებული ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნების ფონზე, ეს ცვლილება ცინიკურია.
მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ევროკავშირს ვუახლოვდებით, საქართველოს „საშინაო დავალება“ ჰქონდა შესასრულებელი - მას უნდა შეეცვალა არაჰუმანური ნარკოპოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ სამოქმედო გეგმით გათვალიწინებული ღონისძიებები კარგია, ხელისუფლება არაფერს აკეთებს ამის დასანერგად.
საბელაშვილის თქმით, მათ ჰქონდათ კიდეც შეხვედრები ევროკავშირის ექსპერტებთან, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველო არ აპირებს ნარკოპოლიტიკის პრაქტიკის შეცვლას, ცვლილებები მხოლოდ ფასადურია, გამიზნულია მხოლოდ იმისთვის, რომ მოხდეს ვიზალიბერალიზაცია.
„ვიზალიბერალიზაციის არსიდან გამომდინარე ეს ცვლილებები უსუსურია. ვიზალიბერალიზაციის მოხდენისთანავე 45 ათასი ნარკომომხმარებლის უმეტესობა მაშინვე ევროკავშირის ქვეყნებს მიაწყდება და თავშესაფარს მოითხოვს. მიიღებენ კიდეც, ვინაიდან მათ დადასტურებული ექნებათ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო საკუთარ ქვეყანაში ფიზიკური განადგურების საფრთხე ელოდებათ. აქ არ არსებობს დახმარების პროგრამები, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ ფინანსდება ზიანის შემცირება და რომ ამის გამო ისინი ან მოკვდებიან, ან ციხეში ჩაჯდებიან. ცხადია, ქვეყანა ვიზალიბერალიზაციას საკუთარი თავის მოტყუებით ვერ მიიღებს. ევროკავშირი არ მოტყუვდება“, - ამბობს საბელაშვილი.
იუსტიციის მინისტის მოადგილის ალქსანდრე ბარამიძის თქმით, ვისაც მიაჩნია, რომ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს მხოლოდ „ფასადური მნიშვნელობა“ აქვს, ის ფიქრობს და აზროვნებს პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი“, რაც მისი შეფასებით, არარაციონალური მიდგომაა.
მისი თქმით, უსამართლობაა, როდესაც ნარკოტიკული საშუალებების დამზადების, წარმოების, შეძენის, შენახვის, გადაზიდვისა და გადაგზავნისთვის პირი შეიძლება ისევე მკაცრად დაისაჯოს, როგორც გასაღებისთვის.
„ჩვენი კანონპროექტი სწორედ ამგვარი უსამართლობის დაძლევას ემსახურება. კანონის ამოქმედებისთანავე ამ ცვლილების სიკეთეს თავის თავზე იგრძნობს ბევრი უკვე გასამართლებული პირი, რადგან ამ კანონს უკუძალა ექნება. ბევრმა შეიძლება მაშინვე დატოვოს თავისუფლების აღკვეთის ადგილი, უფრო ბევრისთვის კი ციხეში ყოფნის ვადა მნიშვნელოვნად შემცირდეს. არაფერს ვამბობ პოტენციურ მსჯავრდებულებზე, რომლებიც შეიძლება გასამართლდნენ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის ახალი რედაქციის შესაბამისად“, - აცხადებს ბარამიძე.
მინისტრის მოადგილე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ შემუშავებული ცვლილებები ფასადურია და ამბობს, რომ ეს ძალზე სერიოზული რეფორმაა.
მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო, სხვა შესაბამის უწყებებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური კონსულტაციების საფუძველზე განიხილავს სხვა შესაძლო ზომებსაც, „მაგრამ ყველაფერს თავისი რიგი და დრო აქვს. ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღების უფლება არ გვაქვს“, - ამბობს ბარამიძე.
როგორი უნდა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ნარკოპოლიტიკა - EMC-ის 2014 წლის კვლევაში - „არაეთიკური ნარკოპოლიტიკა“ - წარმოდგენილია საერთაშორისო აქტების ის რეკომენდაციები, რის მიხედვითაც უნდა მოხდეს მისი განსაზღვრა.
მაგალითად, United Nation Office on Drug and Crimes -ის რეკომენდაციით, საერთაშორისო კონვენციების დებულებებიდან გამომდინარე, მკურნალობა-რეაბილიტაცია, სოციალური რეინტეგრაცია და მკურნალობის შემდგომი დახმარება სისხლისსამართლებრივი სასჯელების ალტერნატივად უნდა ჩაითვალოს. პირები, რომლებმაც ჩაიდინეს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებასთან დაკავშირებული დანაშაულები, შეიძლება წავახალისოთ და მათ მიმართ, ნაცვლად სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმებისა, გამოვიყენოთ მკურნალობის კურსი.
ამასთან, „ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმის რეკომენდაციით, წამალდამოკიდებულება უნდა ითვლებოდეს არა დანაშაულად, არამედ ჯანმრთელობის პრობლემად.
ორგანიზაციის განმარტებით, კანონმდებლობა ხელს უნდა უწყობდეს ბალანსის შენარჩუნებას ნარკობაზრის პრობლემის გადაჭრისა და სოციალური პოლიტიკის იმ პროგრამების განხორციელებას შორის, რომელთა მიზანსაც ნარკოტიკების მომხმარებლების დახმარება წარმოადგენს.
მათი თქმით, კანონმდებლობა უნდა აკეთებდეს ცალსახა დიფერენცირებას ნარკობაზრის სხვადასხვა მოქმედ პირს შორის. წამალდამოკიდებული პირების მიმართ უნდა გამოიყენებოდეს თავისუფლების აღკვეთის ალტერნატიული ზომები. ამასთან, კანონმდებლობა მოსამართლეს შეფასების შესაძლებლობას უნდა აძლევდეს, რათა ნარკოტიკის მომხმარებლებს სარეაბილიტაციო საშუალებების გამოყენების შესაძლებლობა მიეცეთ.