პარლამენტმა მარიხუანის მოხმარების გამო სისხლის სამართლის კოდექსიდან პატიმრობის ამოღებასთან დაკავშირებული კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე ჩააგდო.
47 მომხრე, 21 წინააღმდეგი - ასეთი შედეგით რამდენიმე წუთის წინ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა დეპუტატ გოგა ხაჩიძის კანონპროექტს. კანონპროექტის მიღებას სამი ხმა დააკლდა.
კანონის მისაღებად კი დამსწრეთა უმრავლესობის მხარდაჭერასთან ერთად, საჭიროა, რომ მათი რაოდენობა 150-წევრიანი პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეადგენდეს.
გოგა ხაჩიძის კანონპროექტის საბოლოო ვარიანტი, მართალია, მოხმარების დეკრიმინალიზაციას არ ითვალისწინებდა, მაგრამ პლენარულ სხდომაზე მის გატანას იურიდიულმა კომიტეტმა იმ შენიშვნის გათვალისწინებით დაუჭირა მხარი, რომ განმეორებით შემთხვევაში ანუ ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ მარიხუანის უკანონო მოხმარებისთვის, იგი სისხლის სამართლებრივი წესით დაისჯებოდა, ოღონდ სასჯელის სახედ პატიმრობა აღარ იქნებოდა გამოყენებული.
სისხლის სამართლის კოდექსის მოქმედი რედაქცია ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ მარიხუანის უკანონო მოხმარებისთვის, თავისუფლების აღკვეთის გარდა, სხვა სანქციებსაც ითვალისწინებს - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე.
რაც შეეხება მარიხუანის მოხმარების პირველ შემთხვევას, ხაჩიძის საკანონმდებლო ინიციატივით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების პირველ ჯერზე მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმდება. ავტორის ინიციატივით, ასევე ჩამოთვლილ მსუბუქ ნარკოტიკებზე (კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანა) არ გავრცელდება 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა.
გოგა ხაჩიძის მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებდა ცვლილებებს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში, სადაც შენიშვნის სახით გაჩნდება ჩანაწერი, რომ „სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება საქართველოს კანონის „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” №1 დანართის №82-85 და N2 დანართის N92-ე პუნქტებით განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალების გასაღების მიზნის გარეშე, მცირე ოდენობით უკანონო შეძენა ან შენახვა, ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება“.
აღნიშნული დანართებით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები კი სწორედ, კანაფი, კანაფის ფისი და მარიხუანაა.
კანონპრეოქტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანაფის (ზეთი, ფისი, ნაყენი, მცენარე), მარიხუანის (გამომშრალი, ნედლი) მცირე ოდენობით უკანონოდ შეძენა ან შენახვა გასაღების მიზნის გარეშე, ან/და ნარკოტიკული საშუალების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე არ უნდა იწვევდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მისი განმეორებით ჩადენის შემთხვევაშიც, რადგან აღნიშნული ქმედება არ არის სისხლისსამართლებრივად საშიში.
გოგა ხაჩიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს კენჭისყრის ამონაწერს, თუ ვინ დაუჭირა ცვლილებას მხარი და ვინ იყო წინააღმდეგი.