Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორია სამუშაო პირობები და რა გამოწვევების წინაშე დგანან სოციალური მუშაკები

12 ოქტომბერი, 2017 17:43

11 ოქტომებრს არსამთავრობო ორგანიზაციების „საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა“ (GASW) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ორგანიზებით მრგვალი მაგიდის შეხვედრა გაიმართა. განხილვის საგანი იყო სოციალური მუშაობის კუთხით საქართველოში არსებული გამოწვევები, შეხვედრაზე დამსწრე ორგანიზაციებმა და მთავრობის წარმომადგენლებმა სოციალურ მუშაკთა შრომით გარემოსა და პირობებზე, პროფესიის განვითარებაზე იმსჯელეს. 

სოციალური მუშაკის რთული მისია

არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეხვედრაზე ერთობლივად შემუშავებული დოკუმენტი -  „სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურ მუშაკთა სამუშაო პირობები და მასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები“ - წარმოადგინეს. კვლევა ეხება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების შრომით პირობებს. კვლევაში 30-მდე სოციალური მუშაკი მონაწილეობდა.

კვლევა აჩვენებს, რომ სოციალური მუშაკების რაოდენობა და მათზე დაკისრებული სამუშაოს მოცულობა არაპროპორციულია. სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს უმეტესად არ აქვთ შრომის სათანადო პირობები და სამუშაო გარემო, რაც ვლინდება ისეთ ფაქტორებში, როგორებიცაა: სოციალური მუშაკების სამუშაოს დიდი მოცულობა, სოციალური მუშაკების გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, დაბალი ანაზღაურება, ანაზღაურების გარეშე სავალდებულო ზეგანაკვეთური შრომა, შრომისათვის შეუსაბამო ინფრასტრუქტურა, წამახალისებელი ღონისძიებების არარსებობა და სოციალურ მუშაკთა პროფესიული გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის არარსებობა.

„შედეგად, სოციალური მომსახურების სააგენტოში არსებული რთული სამუშაო გარემო, სოციალური მუშაკების სიმცირის გათვალისწინებით, უარყოფითად აისახება სოციალური სამუშაოს ხარისხზე, რაც ასუსტებს ქვეყნის სოციალური პოლიტიკის ეფექტიან აღსრულებას და აკნინებს სოციალური მუშაობის როლსა და მნიშვნელობას. ამასთან, არსებული პრობლემები სოციალური მომსახურების სააგენტოს არასასურველ დასაქმების ადგილად აქცევს, რაც სოციალური მუშაკების სისტემიდან მუდმივ გადინებაში გამოიხატება, რაც სააგენტოში კვალიფიციური და პროფესიონალი სოციალური მუშაკების დასაქმებისა და შენარჩუნებისათვის დიდი დაბრკოლებაა, რაც საერთო ჯამში აზიანებს სოციალური მუშაობის პროფესიის მდგრადი გაძლიერების პროცესს და აბრკოლებს ეფექტიანი სისტემის განვითარებას“, - წერია კვლევაში.  

EMC-ის წარმომადგენელი ლელა გვიშიანი ამბობს, რომ სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკები ერთ-ერთ პრობლემად დიდი მოცულობით ტექნიკური სამუშაოს შესრულებას ასახელებენ, რაც აბრკოლებს სოციალური სამუშაოს შესრულებას.

„რესპონდენტები ამბობენ, რომ მთელი სამუშაო დრო მიდის იმაზე, რომ შეასრულონ ტექნიკური, ბიუროკრატიული სამუშაო - ანგარიშვალდებულებების ცხრილების შევსება და ა.შ. მთავარი ფუნქცია - ბენეფიციარებთან მუშაობა, სოციალურად დაბალფუნქციონირებადი მოსახლეობის გაძლიერება - ამ სამუშაოს ეფექტიანად განხორციელებისთვის სოციალურ მუშაკებს დრო აღარ რჩებათ“, - ამბობს ლელა გვიშიანი. 

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი, მარი წერეთელი ამბობს, რომ ეს პრობლემა იყო. თუმცა 2018 წლიდან „ექსელის“ ნაცვლად UNICEF-ის დახმარებით სააგენტოს სისტემისა და პროგრამის მუშაობა „სოფტზე“ გადაინაცვლებს და სოციალურ მუშაკებს ცხრილების ხშირად შევსება აღარ მოუწევთ.

„ბიუროკრატია რატომღაც ყოველთვის ცუდი გაგებით აღიქმება. უნდა მოხდეს ნებისმიერი საქმიანობის, არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, დოკუმენტირება, აღრიცხვა. ეს ის თემაა, რომელიც ყველა პროფესიას ახლავს, ისეთ რეგულირებად პროფესიას, მაგალითად, როგორიც არის ექიმი - ექიმიც წერს ისტორიას, ეს მისი ფორმალური ნაწილია“, - ამბობს მარი წერეთელი 

ლელა გვიშიანის თქმით, სააგენტოში დასაქმებულ სოციალურ მუშაკებს ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება უწევთ: დასვენების დღეებში, არასამუშაო საათებში, დღესასწაულებზე მუშაობა. ეს ყველაფერი დამსაქმებლისგან წინასწარი შეთანხმების გარეშე ხდება. მისი თქმით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების პრაქტიკის არქონა მისაღებ გარემოებად იქცა. სააგენტოში არ არსებობს იმის პრაქტიკაც კი, როგორ უნდა დაითვალოს ზეგანაკვეთური შრომა; რამდენი იშრომა კონკრეტულმა სოციალურმა მუშაკმა. 

„სოციალური მუშაკები 26 მიმართულებით მუშაობენ - ეს არის საქმე, რომელიც მათ სამუშაო აღწერილობაშია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება მხოლოდ ამ სამუშაოს, სოციალური მუშაკები მის მიღმაც ძალიან ბევრ ფუნქციას ასრულებენ“, - განაცხადა EMC-ის წარმომადგენელმა.  

აღნიშნულ პრობლემას ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, მარი წერეთელი არ უარყოფს. 

„ზეგანაკვეთური სამუშაო - ეს ის საკითხია, რომელსაც რეგულირება უნდა. მე ვთვლი, რომ არამხოლოდ ფინანსური რეგულირება, არამედ კადრების დამატებაც საჭიროა. ადამიანებს უნდა განესაზღვროთ სამუშაო საათები. ეს შეიძლება ასე დავარეგულიროთ: იყვნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც დღის სხვა გრაფიკით იმუშავებენ“, - განაცხადა მარი წერეთელმა. 

სააგენტოში უფროსი სოციალური მუშაკის ხელფასი  საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით 1000 ლარია, სოციალური მუშაკის - 800 ლარი. თუმცა რეგიონების მიხედვით ანაზღაურებაც განსხვავებულია.

კვლევის მიხედვით, გარდა იმისა, რომ დასაქმებულთა რაოდენობა გაწეულ სამუშაოსთან შედარებით მცირეა, შრომის ანაზღაურება მოიცავს ტრანსპორტირების ხარჯებსაც. სოცმუშაკებს ხშირად უწევთ მათი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში გადაადგილება. ისინი მიდიან ბენეფიციარებთან, როგორც გეგმური მონიტორინგის, ასევე გამოძახებების შემთხვევაშიც. მათ კი ხელფასის ხარჯზე უწევთ ტრანსპორტის დაქირავება. ეს განსაკუთრებით პრობლემაა რეგიონებში, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტი არ არის განვითარებული და რთულად მისასვლელ სოფლებში მათვე უწევთ კერძო ტრანსპორტის დასაქირავებლად ხარჯების გაწევა, რაც კიდევ უფრო ამცირებს მათი შრომის ანაზღაურებას.  

მარი წერეთელი საპასუხოდ ამბობს, რომ სოციალურ მუშაკებს ხელფასი 2015 წელს გაეზარდათ. 

კვლევა ასევე აჩვენებს, რომ არ არსებობს წამახალისებელი მექანიზმები. EMC-ის წარმომადგენლების განცხადებით, შრომით ურთიერთობაში, სახელმწიფო უწყებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეფექტური და დროული სამუშაოს შესრულებისთვის დამსაქმებელმა წაახალისოს დასაქმებული. თუმცა ამგვარი წამახალისებელი მექანიზმები არ არსებობს პრემიის ან დანამატის სახით. 

მარი წერეთელმა საპასუხოდ თქვა, რომ შარშან წლის ბოლოს 30-35 სოციალურ მუშაკს საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადასცეს. მისი თქმით, კარგია, როცა სახელმწიფო კარგად შესრულებულ საქმეს ხედავს. 

შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, სამუშაო ადგილებზე თითქმის არ არსებობს შესაბამისი რაოდენობის საოფისე ტექნიკა, არ გააჩნიათ სათანადო ავეჯი.

„გვეუბნებოდნენ, რომ არ არსებობს ელემენტარული პირობებიც კი. სკამიც კი არ გვაქვს იმისთვის, რომ მოქალაქეს დაჯდომა შევთავაზოთ. არ არსებობს კონფიდენციალური გასაუბრებისთვის შესაბამისი სივრცე დამოუკიდებელი ოთახების სახით, რომ სოციალურმა მუშაკებმა ბენეფიციარებთან ინდივიდუალურად მოახერხონ გასაუბრება და ინფორმაციის მიღება. ძალიან პრობლემურია ბენეფიციარების შესახებ დოკუმენტების დაუცველობის საკითხი, რაც მათ პერსონალურ ინფორმაციას მესამე პირების წვდომისგან ვერ იცავს“, - განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა

კვლევამ კვალიფიკაციისა და უწყვეტი განათლების არარსებობის საკითხიც გამოავლინა. რაზეც მარი წერეთელმა განაცხადა:

„მე ვთვლი, რომ არის ისეთი რაღაცები, რაც სხვა სისტემებში სოციალური მუშაკის გაჩენას საჭიროებს, სადაც ჩვენი ფუნქციების ნაწილი გადანაწილდება. მეურვეობა-მზრუნველობის ფუნქცია, რომელსაც ჩვენ ვასრულებთ, უნდა გადანაწილდეს. ძალიან მინდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში იყოს სოციალური მუშაკი“, - თქვა მარი წერეთელმა. 

შეხვედრაზე „სოციალურ მუშაკთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ია შეყრილაძემ საქართველოში სოციალური მუშაკის პროფესიის რეგულირების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება და საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა.

„პროფესიის რეგულირება არის ძალიან მნიშვნელოვანი ცნება. რეგულირებადია ის პროფესიები, რომლებიც გულისხმობენ, რომ ამ დარგის წარმომადგენლები მუშაობენ ადამიანებთან, მოწყვლად ჯგუფებთან და მათი არაპროფესიონალიზმი შეიძლება ძვირად დაუჯდეს იმ ადამიანებს, რომლებთანაც ისინი მუშაობენ. ვინ შეიძლება ჩავთვალოთ სოციალურ მუშაობაში ფორმალური განათლების მქონედ? ასეთი დღესდღეობით ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის სოციალურ მუშაობაში ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხის მქონე კადრი. ასევე, ადამიანი, რომელიც სოციალურ მუშაობაში ფლობს სერტიფიკატს“, -  განაცხადა ია შეყრილაძემ.

შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო პეტიცია - „მოვითხოვთ, სოციალურ მუშაკებს მიეცეთ პროფესიული ვალდებულებების აღსრულების საშუალება“, რომელსაც ხელს აწერენ ადგილობრივი და უცხოური ორგანიზაციები, მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, პოლონეთის, უნგრეთის, თურქეთის, კოსოვოს, მოლდავეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაციები. 

ხელმომწერები ჯანდაცვის სამინისტროს შემდეგი თხოვნით მიმართავენ: 

  1. სამუშაო ინსტრუმენტების (მეთოდებისა და მოდელების) შემუშავება და სოციალური მუშაკების გადამზადება მათ გამოყენებაში.
  2. მნიშვნელოვანია, სოციალურ მუშაკებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იმუშაონ შესაბამისი ინვენტარით აღჭურვილ, უსაფრთხო გარემოში (სამუშაო დატვირთვის ნორმალიზება, ღამის საათებში მოულოდნელი გამოძახებების რეგულირება, საგზაო ხარჯების გათვალისწინება, ინდივიდუალური გასაუბრებისთვის სივრცის გამოყოფა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს რეგულაციების არსებობა და ა.შ.) და ჰქონდეთ ღირსეული ანაზღაურება.
  3. ასევე მნიშვნელოვანია, სამუშაო ჯგუფის შექმნა აღნიშნული პროცესების დასაწყებად, რომელშიც ჩართული იქნებიან როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ისე პროფესიულად მხარდამჭერი ორგანიზაციები და ველზე მომუშავე სოციალური მუშაკები.

„შეშფოთებული ვართ 5 სექტემბერს მომხდარი ინციდენტით, როდესაც სოციალური მუშაკები პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ოჯახის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. აღნიშნულმა შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა სფეროში არსებული სირთულეები და გამოწვევები“, - წერია პეტიციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^