Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეფორმას შეუძლია ნარკოპოლიტიკის სფეროში გენდერული უთანასწორობის შემცირება - დოკუმენტი

14 დეკემბერი, 2017 17:32

ფოტო: ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „აკესო“;

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის გენდერული გავლენის შეფასების დოკუმენტი მოამზადა.

შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად საქართველოში ნარკომომხმარებელი ქალები ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული, სტიგმატიზებული და „უხილავი“ პოპულაციაა. 2012 წლის მონაცემებით, სავარაუდოდ, არსებული 45 000 ნარკომომხმარებლიდან დაახლოებით 10%-ს ქალები შეადგენდნენ. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 4 000-დან 10 000-მდე მერყეობს. მიუხედავად ამისა, ნარკოდამოკიდებული ქალების სამკურნალო პროგრამებში ჩართულობა ძალიან დაბალია (2011 წლის მონაცემებით, სამკურნალო პროგრამებში ჩართულთა მხოლოდ 2%-ს შეადგენენ).

დოკუმენტის ავტორების შეფასებით, არსებული პოლიტიკის პირობებში, გენდერული თანასწორობის მხრივ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ვინაიდან პოლიტიკა არ არის ორიენტირებული გენდერულ საკითხებზე. რეფორმის გაუტარებლობის შემთხვევაში, იზრდება ნარკომომხმარებელთა რაოდენობა, რაც თავისთავად გულისხმობს ქალი ნარკომომხმარებლების რაოდენობის ზრდის შესაძლებლობას. აგრეთვე, იზრდება С ჰეპატიტისა და აივ/ინფექციების პრევალენტობა. შესაბამისად, იზრდება როგორც პატიმარ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა და მათ შესანახად საჭირო ხარჯი სასჯელაღსრულების სისტემისთვის, აგრეთვე ჯარიმის სახით გადახდილი თანხების ოდენობაც.

„ვინაიდან დღეს არსებულ ნარკოპოლიტიკასთან შედარებით, რეფორმა ითვალისწინებს რიგი ღონისძიების გატარებას, სასურველი შედეგი ნარკომომხმარებელთა რაოდენობის  შემცირების მიმართულებით დგება სწორედ რეფორმის განხორციელების შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმაში გამოკვეთილად არ არის საუბარი ნარკოპოლიტიკის გენდერულ მხარეზე, გრძელვადიან პერიოდში ნარკომომხმარებელთა საერთო რაოდენობის შემცირება ირიბად გულისხმობს ქალ ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას; აგრეთვე მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას; C ჰეპატიტით და აივ/ინფექციებით დაავადების პრევალენტობისა და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას ქალ ნარკომომხმარებლებში. აგრეთვე, ვინაიდან რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება სასჯელაღსრულების სისტემაში თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელმისჯილთა რაოდენობა სსკ-ის XXXIII თავით გათვალისწინებულ ნარკოტიკულ დანაშაულებთან მიმართებაში, აღნიშნულსაც შესაბამისად, გავლენა ექნება ამავე მუხლებით სასჯელმისჯილ ქალ პატიმრებზე", - ნათქვამია დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული სახელმწიფო კლინიკების რაოდენობა საკმარისი არ არის და მათზე ხელმისაწვდომობა წარმოადგენს ბარიერს ნარკოდამოკიდებული მოსახლეობის მკურნალობის პროცესში. ქვეყანა, როგორც წესი, მკურნალობს პრობლემური ნარკომომხმარებლების მხოლოდ 5%-ს. ამას ემატება ისიც, რომ არსებული ნარკოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებები ძირითადად მამაკაც ბენეფიციარებზეა მორგებული, არ არის გენდერულად სენსიტიური, არ ითვალისწინებს ნარკოდამოკიდებული ქალების განსაკუთრებულ საჭიროებებს და ქმნის დამატებით ბარიერს ნარკოდამოკიდებული ქალებისათვის.]

საქართველოში ქალებზე ორიენტირებული ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის შესწავლისას გამოიკვეთა ოთხი ძირითადი პრობლემა, რაც ქალებისთვის ეფექტიანი და ხარისხიანი სერვისების მიწოდებას აბრკოლებს. ესენია:

  • არსებული ნარკოპოლიტიკა - მკაცრი კანონმდებლობა, ნარკოდამოკიდებულების გამჟღავნების შიში და შესაბამისი სასჯელი;
  • სოციოკულტურული ბარიერები - საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებები ქალის როლის შესახებ, ღირებულებები, სტიგმატიზაციის და გარიყვის შიში;
  • სტრუქტურული ბარიერები - სერვისის მიმწოდებელთა დაბალი კვალიფიკაცია, გენდერულად არასენსიტიური სერვისები,
  • პირადი/ინტერპერსონალური ასპექტები - ოჯახში კონფლიქტის შიში, შვილებთან განშორება, ინფორმაციის ნაკლებობა, ოჯახში ძალადობა და ა.შ

ქვეყანაში დაბალია პერსონალის კვალიფიკაცია გენდერულად სპეციფიკური მკურნალობის მისაწოდებლად. საქართველოში არ არსებობს ამ სფეროში მოღვაწე სპეციალისტების გადამზადების ინსტიტუციური მექანიზმები.

დოკუმენტის ავტორების თქმით, აუცილებელია ქალთა სპეციფიკური საჭიროებების სერვისებში ჩართვა და ყველა პაციენტის ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა. ეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხები მოითხოვს ძლიერ პოლიტიკურ ნებას და საკითხის განხილვის დაუყოვნებლივ დაწყებას.

რეფორმის შედეგად:

გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეფორმის შედეგად ნარკოდამოკიდებულების არსებულ სამკურნალო დაწესებულებებს დაემატება ახალი რეაბილიტაციისა და ჯანდაცვის ცენტრები. შემოთავაზებული მოდელი ითვალისწინებს ნარკოლოგიური დახმარების და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის საპასუხო სისტემაში ოთხი კრიტიკული კომპონენტის შემოტანას: (1) ფიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე მიმართული სისტემის ამუშავებას; (2) შეფასების და გადამისამართების კომისიების ამოქმედებას; (3) კონსულტირებისა და მკურნალობის სერვისების სპექტრის გაფართოებას; (4) ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სისტემის ჩამოყალიბებას.

„რეფორმის შედეგად მოსალოდნელია, რომ გაიზრდება ნარკოტიკების იმ პრობლემური მომხმარებლების რიცხვი, რომლებიც ჩართულები იქნებიან წამალდამოკიდებულების სამკურნალო პროგრამებში. ასევე გაიზრდება მათი რიცხვი, ვინც წამალდამოკიდებულების მკურნალობის პროცესში გაივლიან ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სრულ კურსს. საბოლოო ჯამში, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებული უარყოფითი სოციალური და ჯანდაცვის შედეგები შემცირდება, სისტემა გახდება მკურნალობაზე და არა დასჯაზე ორიენტირებული. რეფორმას პირდაპირი დადებითი შედეგი ექნება ქვეყნის სოციალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესზე, რაც ბოლო წლებში საქართველოს მნიშვნელოვანი პრიორიტეტია და ასახულია ქვეყნის ახალ კონსტიტუციაშიც“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

შეფასების დოკუმენტის ავტორების  თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რეფორმა ცალსახად არ მოიცავს ქალ ნარკომომხმარებელთა განსაკუთრებულ საჭიროებებს, აღსანიშნავია, საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ შემოთავაზებულ რეკომენდაციები, სადაც ხაზგასმულია, რომ საჭიროა შეიქმნას სამკურნალო ცენტრი ქალი მომხმარებლებისათვის. ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო სერვისების ხარისხის და დაფარვის გაზრდა, რასაკვირველია, დადებით აისახება ქალ ბენეფიციარებზეც, თუმცა საყურადღებოა ქალებს და კაცებს შორის არსებული ბიოლოგიური თუ სოციალურად კონსტრუირებული განსხვავებები, რისი იგნორირებაც რეფორმის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ამასთან, დოკუმენტის ავტორების თქმით, კანონპროექტი, განსაკუთრებით კი სამოქალაქო უფლებების ავტომატურ რეჟიმში ჩამორთმევის წესის გაუქმება, დაეხმარება ნარკომომხმარებლებს საზოგადოებაში ინტეგრაციაში.

„მათ მიეცემათ დასაქმების და ლეგალური შემოსავლის მიღების მეტი შესაძლებლობა...  ქალ ნარკომომხმარებლებს მიეცემათ თვითრეალიზაციის მეტი შესაძლებლობა, მოიპოვებენ ფინანსური დამოუკიდებლობის მეტ ხარისხს, რაც მისცემს მათ შესაძლებლობას, რომ თუნდაც ოჯახში ძალადობის არსებობის შემთხვევაში, არ იყვნენ იძულებული ითმინონ ძალადობა, დამოუკიდებლად ცხოვრების პერსპექტივის არარსებობის გამო. რეფორმა ხელს შეუწყობს საპროცესო შეთანხმების დადებისას ქალისა და მამაკაცის ზემოთ განხილული ფაქტობრივი უთანასწორობის შემცირებას. სასჯელების შემსუბუქების პირობებში მოსამართლეს თავისი ინიციატივითაც ექნება თითოეული ბრალდებულის თავისებურებებისა და საჭიროებების უკეთ გათვალისწინებისა და შესაბამისად, მსუბუქი სასჯელის დანიშვნის შესაძლებლობა“, - ვკითხულობთ ნარკოპოლიტიკის რეფორმის შეფასების დოკუმენტში.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ დეკრიმინალიზაციის პირობებში ქალ ნარკომომხმარებლებს ნაკლები ბარიერი შეექმნებათ მკურნალობა-რეაბილიტაციის სერვისების მისაღებად.

ამასთან, მათი თქმით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნარკოპოლიტიკის რეფორმის ამ პაკეტს აქვს საშუალება შეცვალოს საზოგადოების აღქმა და გადადგას დამატებითი ნაბიჯი გენდერული თანასწორობის გაუმჯობესების კუთხით.

„შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემოთავაზებული რეფორმას შეუძლია ნარკოპოლიტიკის სფეროში არსებული გენდერული უთანასწორობის შემცირება გენდერული გავლენის შეფასების ოთხივე კრიტერიუმით. ამ რეფორმის სრულყოფილად გატარების შემთხვევაში მცირდება ნარკომომხმარებლის რაოდენობა, მცირდება ნარკოტიკის ინექციური წესით მოხმარებით გამოწვეული ინფექციური დაავადებების რაოდენობა, ქალები მეტად ერთვებიან სამკურნალო სერვისებში, იზრდება ნარკოდამოკიდებულების სამკურნალო სერვისების ხარისხი და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, იცვლება საზოგადოების ნორმები და ფასეულობები, უმჯობესდება ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისათვის პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებრივი მდგომარეობა, მცირდება ქალზე ძალადობის ფაქტები",- აღნიშნავენ შეფასების ავტორები.

ნარკომომხმარებელი ქალები სტიგმისა და ძალადობის უწყვეტ ციკლში

ანგარიში: თუ რეფორმა სრულად ამოქმედდება, 10 წელში ინექციურ მომხმარებელთა რიცხვი განახევრდება

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^