Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბანკები ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას პასუხობენ

13 აპრილი, 2018 15:15

„საქართვლოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურებიან. 

როგორც „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურე საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის საკრედიტო ინსტიტუტია და მას ყველაფრის დაფინანსება არ უნდა მოვთხოვოთ. ხაზარაძის შეფასებით, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე და სამწუხაროა, რომ ეკონომიკის დამფინანსებელი მარტო ქართული საბანკო სისტემაა.

„ქართული საბანკო სისტემა არის ქართული ეკონომიკის 60%-ის პროცენტის დამფინანსებელი. ქართული საბანკო სისტემა არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონში და მსოფლიოს მასშტაბით წამყვანი და გამორჩეული სისტემაა. ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი და მინდა გითხრათ, რომ ქართულ საბანკო სისტემას რეგიონში ყველაზე დაბალი განაკვეთი აქვს, რომელსაც ჩვენ კორპორაციებზე გავცემთ. უფრო მეტს გეტყვით, რომ ჩვენი დაფინანსებული კორპორაციებისთვის საპროცენტო განაკვეთი, ქართულ კორპორაციებზე და კომპანიებზე მაქვს საუბარი, ფინანსურად და პროცენტული თვალსაზრისით უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინასებენ დამფინანსებელს", - განაცხადა ხაზარაძემ. 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები, არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, საფონდო ბირჟა და ფონდები. ხაზარაძე იმედს გამოთქვამს, რომ რეფორმების შედეგად შეიქმნება ეს მექანიზმები.

„მარტო „თიბისი ბანკის“ მონაცემებით სამ მილიარდნახევარი გვაქვს ჩვენ ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესებში ქართულ კომპანიებში. ამას ვაგრძელებთ“, - განაცხადა ხაზარაძემ. 

მას მინისტრის გუშინდელი განცხადების მიზეზებზე საუბარი უჭრს, თუმცა აღნიშნავს, რომ საბანკო სისტემა არის ძალიან კონკურენტუნარიანი და ქვეყანაში ოცზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბანკია.

„როგორც მოგახსენეთ, ორ ბანკს მსოფლიოს ხუთი კონტინეტიდან ჰყავს მოზიდული მაღალი კლასის ინვესტორები. თქვენ ეს სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ და მოგაწვდით უახლოეს მომავალში, თუ რამდენი ასეული მილიონი დოლარი შემოგვაქვს ქვეყანაში ეკონომიკის დასაფინანსებლად. ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უნდა განვითარდეს კაპიტალის ბაზარი, ქვეყანაში უნდა განვითარდეს ის ადგილები, სადაც ალტერნატიული დაფინანსებები შეიქმნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი. საბანკო სისტემა არის საკრედიტო ინსტიტუტი და ნუ მოვთხოვთ, მას ყველაფრის დაფინანსებას“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 

ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძეც პასუხობს. ის მიიჩნევს, რომ მამუკა ბახტაძის გუშინდელი განცხადება  სასტარტო კაპიტალის პროგრამას უკავშირდება. 

„სტარტაპების" დაფინანსება ბანკებისთვის მართლაც პრობლემურია, ძალიან ძნელია. რთულია, გაზრდილი თუ დიდი რისკებიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, „საქართველოს ბანკმა“ არა მარტო სტარტაპების, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით საკმაოდ ბევრი ინიციატივა გააკეთა წელს და ვფიქრობ, „საქართველოს ბანკი“ ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში; მათ შორის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში. დღეს ეს პორტფელი დაახლოებით, 580 მლნ ლარს შეადგენს“,- განაცხადა კიკნაველიძემ. 

გუშინ ახალგაზრდა ფერმერებთან და მეწარმეებთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ახალი პროექტის შესახებ ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოს მიერ მეწარმეების თანადაფინანსებას გულისხმობს.

პრემიერმა ახალგაზრდა მეწარმეებს „სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმის“ ინიციატივა გააცნო

„საუბარია იმაზე, რომ თანამონაწილეობა,  ანუ არსებული კაპიტალი კომპანიას  არ აძლევს საშუალებას, აიღოს ის საბანკო დაფინანსება, რომელიც მას საშუალებას მისცემს, განახორციელოს ესა თუ ის პროექტი. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო კონკრეტული პრიორიტეტებით ჩაერევა და გააკეთებს ინექციას კაპიტალში იმისათვის, რომ პროექტის დაფინანსება შესაძლებელი გახადოს კომერციული საბანკო სექტორის მიერ“, - განაცხადა პრემიერმა. 

მეწარმეებისა და ბიზნესისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებზე გუშინ ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემაც ისაუბრა. მისი თქმით, „მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

ფინანსთა მინისტრი: საბანკო სისტემაში მაღალპროცენტიანი სესხები აფერხებს ბიზნესის განვითარებას

იურიდიულ პირებზე 2017 წელს გაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთი 8-დან 13,5%-მდე მერყეობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^