Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენად ფლობენ მოსწავლეები ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის კითხვის უნარს - კვლევის შედეგები

06 მაისი, 2018 21:39

მოსწავლეებში ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის კითხვის უნარის შეფასება წიგნიერების საერთაშორისო კვლევის (PIRLS) კომპონენტია. 2016 წელს შეფასება საქართველოში პირველად ჩატარდა. კვლევის ძირითადი მიგნებები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 5 მაისს გამართულ კონფერენციაზე - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ წარადგინა.

PIRLS  - წიგნიერების საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მიზნად ისახავს, შეაფასოს 9-10 წლის მოზარდების წაკითხულის გააზრების უნარი.

ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის კითხვის უნარის შეფასებაში (ePIRLS) სულ 5600 მოსწავლე მონაწილეობდა. 

კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ მოსწავლეების 14%-ს ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის კითხვის უნარი მინიმალურ დონეზეც არ აქვს. 

ინტერნეტში მოცემული ინფორმაციის კითხვის უნარი „უმაღლეს დონეზე“ კვლევაში მონაწილე მოსწავლეების მხოლოდ 1% აქვს, ამ მხრივ საერთაშორისო საშუალო 12%-ია  და გულისხმობს კომპლექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნების გამოტანის უნარს.

კვლევის შედეგები, დაახლოებით იგივეა, რაც წიგნიერების საერთაშორისო კვლევამ (PIRLS) აჩვენა. უფრო კონკრეტულად კი, მოსწავლეთა შედეგების რეიტინგული სკალის თანახმად, ქართველ მოსწავლეთა მხოლოდ 2% ახერხებს წაკითხულის გააზრებისას უმაღლესი საფეხურის დაძლევას, რაც გულისხმობს, რომ მოსწავლე გაწაფულია კითხვაში, იგებს, იაზრებს, აანალიზებს, ასაკთან შესაბამის როგორც ლიტერატურულ, ასევე საინფორმაციო ტიპის ტექსტებს.მიღწევების მაღალ საფეხურზეა მოსწავლეთა 22%, საშუალო საფეხურზე - 60%, დაბალ საფეხურზე კი მოსწავლეთა 86%. (მოცემულია კუმულაციური პროცენტი) მოსწავლეთა 14% კი ე.წ. „კრიტიკული მასაა“, რომლებიც მინიმალური დონეზეც ვერ ახერხებენ წაკითხულის გააზრებას.

რას ამბობს საერთაშორისო კვლევა ქართველი მოსწავლეების წიგნიერებაზე

როგორც კვლევის შედეგების წარდგენისას განათლების საკითხების მკვლევარმა ნათია ანდღულაძემ განმარტა, კვლევის ჩატარების ერთ-ერთი მოტივი პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ შედეგების შეფასებაა.

„2010 წლიდან დაიწყო პირველკალსელებისთვის კომპიტერების გადაცემა. დადგა დრო, რომ შევაფასოთ რა სარგებელი მოგვიტანა ამ მიმართულებით ინვესტიციამ. ყოველწლიურად 20 მილიონი ლარი იხარჯება პირველკლასელი მოსწავლეების კომპიუტერებით უზრუნველყოფაზე, ეს არის ნახევარი მთლიანად პროფესიული განათლების სექტორის დაფინაანსებისა, ეს არის ორჯერ უფრო მეტი, ვიდრე მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე დახარჯული თანხა, მეტია ვიდრე სახელმძღვანელოების შექმნისა და დაბეჭდვისთვის განკუთვნილი თანხა“,- თქვა მან. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შეფასებით, კვლევის შედეგებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის ფაქტი, რომ პირველკლასელებისთვის კომპიუტერების დარიგების პროგრამას დასახული მიზნისთვის არ მიუღწევია.

„ვფიქრობ, რომ გვეშინია შევცვალოთ ეს გადაწყვეტილება. ფაქტი სახეზეა, რომ პირველ რიგში ალბათ ჩვენ გვჭირდება კარგი მომზადება, რომ შემდეგ მოსწავლეს ვასწავლოთ თუ როგორ უნდა გამოიყენოს კომპიუტერი საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ეს არ არის მარტივი საქმე და ალბათ არ უნდა დავიწყოთ პირველკლასელებისთვის კომპიუტერების დარიგებით, ალბათ გაცილებით დიდ ეფექტს მივიღებდით თუ ამას გავაკეთებდით მაღალ კლასებში“,- თქვა მან.

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა, ის იზიარებს მოსაზრებას პროგრამის არაეფექტურობის შესახებ:

„დღევანდელი რეალობა და შეფასება სწორედ ასეთია, რომ კომპიუტერები არ გამოიყენება იმ მიზნისთვის, რისთვისაც გადაეცემათ მოსწავლეებს, ეფექტი ძალიან დაბალია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში,  სადაც სხვაგვარად არის უკვე განსაზღვრული ტექნოლოგიების გამოყენებაც და ელექტრონული საგანამანათლებლო რესურსების გამოყენებაც, ეს რეალობა შეიცვლება. ჩვენ ალბათ კიდევ ერთხელ დაგვჭირდება შეფასება, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ახალ კონტექსტში კომპიუტერების გამოყენება. ამის შემდგომ კი შესაძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება“,- განაცხადა მან.

უფრო დეტალური ინფორმაცია კვლევის მიგნებების შესახებ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე უახლოესი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება. სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებებს საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უძღვება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^