Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა სიახლეებს ითვალისწინებს განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმა

07 მაისი, 2018 14:48

დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროს სამოქმედო გეგმა წარადგინა.

მინისტრმა სამოქმედო გეგმის წარდგენისას ისაუბრა როგორც ზოგადი განათლების, ასევე პროფესიული, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დაგეგმილ საქმიანობებზე. მისი განმარტებით, სამოქმედო გეგმა განათლების ყველა დონეზე ხარისხის ამაღლებას ემსახურება.

ზოგადი განათლება

პედაგოგთა პროფესიული განვითარება - მინისტრის განმარტებით, სამინისტრო უზრუნველყოფს პედაგოგთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებასა და პროფესიული ცოდნის ამაღლებას. მისივე თქმით, ტრენინგები ზაფხულში ჩატარდება და მეტად ორიენტირებული იქნება მასწავლებლებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისკენ. ტრენინგები იქნება უფრო გრძელვადიანი და შეფასდება, რა პოზიტიური გავლენა იქონია ტრენინგში ჩართულობამ მასწავლებლის საქმიანობაზე.

მისივე ინფორმაციით, ტრენინგებს ძირითადად მასწავლებლის სახლი გამართავს, თუმცა პარალელურად უახლოეს ხანებში გამოცხადდება  საგრანტო კონკურსი ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც შეეძლებათ საგანმანათლებლო პროგრამები შესთავაზონ მასწავლებლებს.

ფინური განათლების სისტემის ელემენტების დანერგვა - მინისტრმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა ზოგადი განათლების საფეხურზე ფინური განათლების სისტემის ელემენტების დანერგვის მიზნით.

„ეს არ ნიშნავს სისტემის კოპირებას, ჩვენი სისტემა დაფუძნებული იქნება ეროვნულ მოდელზე, მაგრამ არის მთელი რიგი ძალიან საინტერესო მიმდინარეობები ფინეთის სისტემაში, რაც სერიოზულად აამაღლებს ჩვენი ზოგადი განათლები სისტემის ხარისხს. ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ ფინელ კოლეგებთან, რომ იდენტიფიცირდეს  ფინეთის განათლების სისტემიდან ის მიმართულებები, რომლებსაც დავნერგავთ ჩვენს სისტემაში“, - განაცხადა მინისტრმა.

სასკოლო სახელმძღვანელოები - მიხეილ ჩხენკელის თქმით, უახლოეს რამდენიმე დღეში დასრულდება I-VI კლასებისთვის ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. მინისტრი განმარტავს, რომ ახალი სახელმძღვანელოები არა მხოლოდ შინაარსობლივად იქნება გაუმჯობესებული, არამედ შემცირებული იქნება წონაც. მომდევნო ორი წლის განმავლობაში კი დაგეგმილია, ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები შევიდეს საბაზო და საშუალო საფეხურზეც.

სოფლის სკოლების განვითარება - კიდევ ერთი პრიორიტეტული მიმართულება, რომლის შესახებაც მინისტრმა ისაუბრა სოფლის სკოლებს ეხება. მისი განმარტებით იგეგმება, რომ სოფლის სკოლები გარდაიქმნას საგანმანათლებლო-კულტურულ ცენტრებად, რომლებიც საბავშვო ბაღს, სკოლას, კოლეჯს, ბიბლიოთეკას, სპორტულ და შემოქმედებით კლუბებს გააერთიანებს. მისივე თქმით, აღნიშნული მიზნად ისახავს მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლების ხელშეწყობას.

უსაფრთხო სასკოლო გარემო - მინისტრმა უსაფრთხო სასკოლო გარემოს შექმნაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ, გარდა მანდატურის სამსახურის რეფორმისა, რომლის შესახებაც კანონპროექტი უკვე მომზადდა და პარალმენტი განიხილავს, მნიშვნელოვანია სკოლისა და მშობლების თანამშრომლობა.

მისივე თქმით, მომავალი სასწავლო წლიდან მშობლებსა და სკოლას შორის დაიდება კონტრაქტი, რომელიც განსაზღვრავს უფლებებს, ვალდებულებებს და მოვალეობებს ორივე მხარისათვის.

„მშობლების, ოჯახების ჩართულობა ბულინგის აღმოსფხვრელად არის აუცილებელი. კონტრაქტები მშობლებთან ეს იქნება უმთავრესი მიმართულება, სექტემბრიდან დავიწყებთ უკვე ამის განხორციელებას.  ეს გულისხმობს, რომ სკოლასა და მშობლებს შორის დაიდება კონტრაქტი, სადაც გაწერილი იქნება უფლებები, ვალდებულებები, მოვალეობები, რომელიც თითოეულ მხარეს აქვს. ჩვენი მიდგომაა, რომ სკოლის ხელმძღვანელები, მანდატურები, მშობლები წარმოადგენდნენ ერთ გუნდს, გუნდის მთავარი მიზანი კი ბავშვებზე ზრუნვაა“,- განაცხადა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა მოზარდებში შემოქმედებითი აზროვნების განვითარების აუცილებლობაზე და ამ მიმართულებით დაგეგმილ პროექტ „ევრიკაზე“. პროექტის ფარგლებში, დარგის სპეციალისტები და წამყვანი მეცნიერები, სხვადასხვა საგანში არასტანდარტულ, სახალისო გაკვეთილებს ჩაატარებენ, რაც მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, მოზარდებს შემოქმედებით ინტერესს გაუღვიძებს;

ტექნოლოგიების დანერგვა სკოლებში  -  სამინისტრო გეგმავს Microsoft-ის საგანმანათლებლო პროექტ MinecraftEducationEdition-ის სკოლებში დანერგვას. თამაშზე დაფუძნებულ საგანმანათლებლო პროგრამას პედაგოგები გარკვეული საგნების სწავლების დროს გამოიყენებენ, რაც მოსწავლეებში სივრცითი, ლოგიკური და შემოქმედებითი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

პროფესიული განათლება

პროფესიულ განათლებაზე საუბრისას მინისტრმა რამდენიმე მიმართულებაზე გაამახვილა ყურადღება,- უმაღლესი პროფესიული განათლება, დასაქმებაზე ორიენტირება და სწავლების ინტერნაციონალიზაცია.

უფრო კონკრეტულად კი, მისი განმარტებთ, პროფესიული კოლეჯები უნივერსიტეტებში დაფუძნდება. სტუდენტები ისარგებლებენ ყველა იმ უპირატესობით, რაც საუნივერსიტეტო სივრცეს აქვს. კოლეჯები კერძო კომპანიების ბაზაზეც შეიქმნება, საუკეთესო სტუდენტებს კი ექნებათ შესაძლებლობა, ამავე კომპანიაში დასაქმდნენ. მისი თქმით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო პროფესიულ სასწავლებლებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობა, განავითარებს აკადემიურ პროგრამებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის დონეზე აიყვანს.

უმაღლესი განათლება

მინისტრმა განაცხადა, რომ შესაცვლელი და გასაუმჯობესებელია უმაღლესი განათლების დაფინანასების მოდელი. მინისტრი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით წინსვლისთვის, აუცილებელია უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსება.

„სწორედ საბაზისო დაფინანსების საფუძველზე შესაძლებლობა გვექნება, სამეცნიერო კვლევითი და ასევე სასწავლო, ზოგადად აკადემიური კუთხით უნივერსიტეტები სერიოზულად განვითარდეს“,- განაცხადა მინისტრმა.

მისი განმარტებით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მსოფლიო ბანკთან, რათა შემუშავდეს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, სამუშაოების დასრულების შემდგომ კი პროექტი განსახილველად საჯაროდ გამოქვეყნდება. განხილვაში ჩაერთვებიან უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები.

მეცნიერებაზე საუბრისას, მინისტრმა განაცხადა, რომ მოეწყობა საგრანტო კონკურსები, როგორც ფუნდამენტურ, ასევე, გამოყენებით კვლევებში. გაღრმავდება თანამშრომლობა საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებსა და ორგანიზაციებთან Horizon2020, CostAction, AcademiaEuropea, Cern, რაც ქართველ მეცნიერებს ხელს შეუწყობს, საერთაშორისო დონის კვლევები უცხოელ კოლეგებთან ერთად აწარმოონ.

როგორ აფასებს განათლების სამინისტროს სამოქმედო გეგმას შალვა ტაბატაძე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 ოქტომბერი
23 ოქტომბერი

წულუკიანი დანიაში კონფერენციაზე: შესაძლო ...

კომპენჰაგენში საერთაშორისო ანტიკორუფციულ კონფერენციაზე, რომელიც  ყოველ წელს იმართება და კორუფციასთან დაკა ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

IPN: ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მო ...

საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქ ...
22 ოქტომბერი
22 ოქტომბერი

„შეგვიძლია, გავგზავნოთ ეკა კვესიტაძე“ - ...

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხვალ  „რუსთავი 2-ის“, „ი ...
^