Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI-ის კვლევა - ვინ არიან ნეონაცისტური ჯგუფის წევრები და მათთან დაკავშირებული ადამიანები

18 მაისი, 2018 16:47

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” კვლევა ჩაატარა, რომლის მიზანი იმ ნეონაცისტური ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ადამიანების იდენტიფიცირება იყო, რომლებიც „ბოლო პერიოდში ლიბერალური შეხედულებების მქონე ჯგუფების მიმართ აგრესიით გამოირჩევიან“.

TI-ის განმარტებით, ისინი ხშირ შემთხვევაში, არაფორმალური გაერთიანებების წევრები არიან და შესაძლოა, მათი სია უფრო ვრცელი იყოს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ნეონაცისტური ორგანიზაციების დაფინანსების პირდაპირი წყაროების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, თუმცა, ცალკეული ლიდერები პირდაპირ უკავშირდებიან რუსეთის სახელმწიფოს ან ადგილობრივ პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

გთავაზობთ კვლევიდან ამონარიდებს:

  1. რა არის „ქართული მარში”?

„ქართული მარში” არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც სხვადასხვა ნეონაცისტურ ორგანიზაციას აერთიანებს. „ქართული მარშის” სახელით მოქმედმა გაერთიანებამ საქმიანობა 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ირანის მოქალაქის მხრიდან არასრულწლოვანი პირების მიმართ გარყვნილი ქმედება გააპროტესტეს. ქსენოფობიური აქციის მთავარი მოწოდება ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება იყო. თუმცა, გაერთიანებაში შემავალი პირები თუ ორგანიზაციები, უკვე წლებია, გამოირჩევიან ჰომოფობიური და რასისტული გამონათქვამებით და ხშირად მონაწილეობენ ძალადობრივ აქციებში.

„ქართული მარშის” აქციებზე უმეტესად ქსენოფობიური, ჰომოფობიური, რასისტული განცხადებები და მოწოდებები ისმის. ძირითადად, ისინი აგრესიით და ძალადობით გამოირჩევიან.

„ქართული მარშის” გამოკვეთილი სახეები სანდრო ბრეგაძე და გია კორკოტაშვილი არიან. „ქართული მარშის” დაშლის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა, თუმცა ბრეგაძე და კორკოტაშვილი აქციებზე კვლავ ერთად ჩნდებიან.

2. ქართულ მარშთან დაკავშირებული ორგანიზაციები და ცალკეული პირები

  • „ეროვნულ ძალთა შეთანხმება”

მიმდინარე წლის 11-13 მაისს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ახალგაზრდები ღამის კლუბებში სპეცოპერაციასა და სამართალდამცავთა მხრიდან სავარაუდო ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ. პარალელურად გამართული კონტაქციის მონაწილე პირები კი, აქციაზე მყოფ პირებს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. 

ახალგაზრდების პროტესტის პარალელურად, ცალკეულ ნეონაცისტური მოძრაობის წარმომადგენლებსა თუ შეხედულებების მქონე პირებს შორის ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმება” შედგა.

ახალი ერთობის, ე.წ. “ეროვნულ ძალთა შეთანხმების” უკან რუსული კვალი ჩანს. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორი თვის წინ განაცხადა, რომ პარტია “დემოკრატიულ მოძრაობას” ტოვებს, პოლიტიკაში შესვენებას იღებს და სამოქალაქო სექტორში გადადის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი გახდა.

TI: დიმიტრი ლორთქიფანიძე „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორია

აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც. ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს “საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და “გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა.

  • მოძრაობა „ეროვნულები“

სანდრო ბრეგაძე -  მოძრაობა „ეროვნულების“ დამფუძნებელია. 2016 წლის თებერვლამდე, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ბრეგაძე დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო, მანამდე კი ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილის პოზიცია ეკავა. თანამდებობაზე ყოფნისას გამოირჩეოდა ჰომოფობიური განცხადებებით. 2004 წლამდე ასლან აბაშიძის პარტიის, “საქართველოს დემოკრატიული აღორძინების” წევრი იყო და მისი საარჩევნო ბლოკის სახელით წარმოდგენილი იყო პარლამენტში.

ბრეგაძეს 2011 წელს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ჩადენილი ხულიგნობისათვის მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, რაც პირობით სასჯელში ჩაეთვალა.

“სამოქალაქო აქტივობის კლუბი” - გიორგი გაბედავას დაფუძნებული ორგანიზაციაა. სამოქალაქო აქტივობის კლუბის წესდებაში ვკითხულობთ, რომ ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანია ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების დაცვა:

  • “საქართველოს ეროვნული ერთობა”

“ქართულ იდეასთან” კავშირი აქვს საქართველოს “ეროვნული ერთობის” ხელმძღვანელობასაც, რომელიც საკუთარ თავს ფაშისტურ ორგანიზაციად მოიაზრებს. ორგანიზაცია 2016 წელს დაფუძნდა. წესდების მიხედვით, “საქართველოს ეროვნული ერთობის” მიზანია  “საერთო თანხმობისა და მშვიდობის პოლიტიკის გატარება, რომლის მიხედვითაც მოძრაობა პრიორიტეტულად წარმოაჩენს მენტალურად ქართულ მსოფლმხედველობას. ასევე, პატივმცემელი და შემგუებელი იქნება ყველა ეთნიკურად განსხვავებული საქართველოს მოქალაქის ტრადიციულ, მენტალურ, რელიგიურ თუ პოლიტიკურ მსოფლმხედველობისადმი, თუ ისინი არ შეურაცხყოფენ მენტალურ ქართულ მსოფლმხედველობას”. საჯარო რეესტრის მიხედვით, მათ ჰყავთ მეთაური და მწიგნობართუხუცესი.

www.manifest.ge-ზე იძებნება “ეროვნული ერთობის” პეტიცია,  რომლითაც ისინი საქართველოში ჯორჯ სოროსის ფონდის ,,ღია საზოგადოება – საქართველო'' აკრძალვას ითხოვენ. მათ ასევე, “რუსთავი 2-ზე” ჟურნალისტ  გიორგი გაბუნიას რელიგიურ გამონათქვამს ფეისბუქ გვერდზე მუქარის წერილით უპასუხეს.

  • მოძრაობა “სამოქალაქო სოლიდარობა”

გია (გიორგი) კორკოტაშვილი - მოძრაობა “სამოქალაქო სოლიდარობის“ დამფუძნებელია. ორგანიზაცია რეგისტრირებულიაკორკოტაშვილის სახლის მისამართზე. გამგეობის წევრებს შორის არიან:

  • მამუკა არეშიძე - პოლიტოლოგი, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ქართული ოცნების გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი იყო. 2016 წელს კი "პატრიოტთა ალიანსის" თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად იყრიდა კენჭს.

  • ირაკლი კაკაბაძე - მწერალი, აქტივისტი.

  • დავით ბეგიაშვილი - ბიზნესმენი, “ალბატროს ჯგუფის” დამფუძნებელი;

  • ნანა თხელიძე - ყოფილი პროკურორი, პოლიტმატიმრის სტატუსით გათავისუფლებული.

მოძრაობის გამგეობის თავმჯდომარე იყო 2015 წელს მოკლული ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანი.

მოძრაობის მიზანი სამართლიანობის აღდგენა, ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრების მიერ შეუსრულებული დაპირებების მონიტორინგი და მხილება იყო. ამიტომ ორგანიზაციაში ძირითადად გაერთიანდნენ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პერიოდში დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლები და პოლიტპატიმრები.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული მისია”

გია კორკოტაშვილი ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული მისიის” დამფუძნებელია. მათი ფეისბუქ გვერდის მიხედვით, ორგანიზაცია იურიდიულ დახმარებას სთავაზობს მოქალაქეებს, მათ შორის უცხოელებს.

2016 წელს ორგანიზაციის შეკრებაზე გამოჩნდა და სიტყვით გამოვიდა დემურ გიორხელიძე, მამუკა არეშიძე, ასევე ზაზა შათირიშვილი, რომელიც დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრია.

კავშირები პოლიტიკურ პარტია “პატრიოტთა ალიანსთან”

კონსტანტინე მორგოშია - პატრიოტთა ალიანსის წევრი, 2016 წელს მცხეთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. მისმა ოჯახის წევრებმა “პატრიოტთა ალიანსს” 96 ათასი ლარი შესწირეს. აუდიტის სამსახურის მოკვლევის საფუძველზე სასამართლომ მორგოშია 180 ათასი ლარით დააჯარიმა, კანონის გვერდის ავლით განხორციელებული შემოწირულობისთვის. მორგოშია, “ქართული მარშის” სხვა წევრებთან ერთად, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით ოსურ მხარესთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მისივე ფეისბუქ პოსტის მიხედვით, ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადიოდა. მორგოშია აქტიურად იყო ჩართული თათია დოლიძის მისამართით საჯარო მუქარების გავრცელებაში.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით აქვს წილი შპს “კემ კონსტრაქშენში” და რეგისტრირებულია დირექტორად შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაში”,  შპს “საინვესტიციო ჯგუფი კონსტანტინეში” და თავმჯდომარე ა(ა)იპ “კავკასიონში”.

ლადო სადღობელაშვილი - 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბლოკ პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიციის სახელით მთაწმინდის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადღობელაშვილი “მამული, ენა, სარწმუნოება”-ს თავმჯდომარე და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირია. ორგანიზაცია 2011 წელსაა დაფუძნებული და მისი თანათავმჯდომარეა ლევან კოჭლოშვილი, რომელიც 2017 წელს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ქართული ოცნების” სიით მოხვდა და ამჟამად, ერთ-ერთი კომისიის თავმჯდომარეა. სადღობელაშვილი რამდენჯერმე დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ამჯერად კი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი და 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება “რუსთავი 2”-ის  ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო.

სადღობელაშვილი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე დიღმის რაიონის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით.

ემზარ კვიციანი - 14 მაისს “ბასიანისა” და კაფე “გალერის” წინააღმდეგ “ქართული მარშის” აქციას შეუერთდა. ემზარ კვიციანი პატრიოტთა ალიანსის დეპუტატია. ის 2006 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებული იყო კოდორის ხეობაში. 2006 წლის შემდეგ იძებნებოდა. მას ბრალი ედებოდა სამხედრო ამბოხებასა და ტერორისტული აქტების მოწყობაში. 2014 წელს კვიციანი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. მას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ თავისუფლების 12 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 2015 წელს კი ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არსებითი განხილვის გარეშე დარბაზიდან გაათავისუფლა. ემზარ კვიციანმა ასევე აღიარა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და მათი დავალებით განცხადებებს ავრცელებდა.

  • სხვა ორგანიზაციები და პირები

“ქართულ მარშს” სოციალური ქსელით მხარს უჭერდა “ქართული ძალა”, რომლის დამფუძლებელი და ლიდერია ნიკოლოზ ბურნაძე. ორგანიზაციის სახელს უკავშირდება თბილისში ვეგანური კაფის დარბევა. თუმცა, დაჯგუფება ამ ბრალდებას უარყოფს. ასევე 2016 წელს აღმაშენებლის გამზირზე თურქულ რესტორნებთან გამართული ნაციონალისტური აქცია, რომლის დროსაც ჯგუფის რამდენიმე წევრი დააკავეს.

ქართული მარშის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო რადიკალი ნაციონალისტების მოძრაობა „წინააღმდეგობა - მომავლისთვის“. ამჟამად, მათი ერთ დროს საკმაოდ აქტიური ფეისბუქ გვერდი აღარ იძებნება.

რამაზ გაგნიძე - ქართული მარშის აქტივისტი. 2014 წელს კენჭს იყრიდა დიღმის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატად კოალიცია“ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის” სახელით. 

მიხეილ ამისულაშვილი მოძრაობის ერთ-ერთი წევრია. ის თათია დოლიძის მიმართ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი კომენტარების ერთ-ერთი ავტორია. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა შედეგები დღემდე არ გასაჯაროებულა. ამისულაშვილი 2018 წლის 20 მარტს "რუსთავი 2"-თან მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ხულიგნობას ედავება. მანამდე 2-ჯერ არის ნასამართლევი ცემის მუხლით.

მსახიობი ალეკო თეთრაშვილიც  ქართული მარშის მხარდამჭერია. ის არის პეტიციის ხელმომწერი, რომლის ერთ-ერთი მოთხოვნაცაა დაუყოვნებლივ დაიწყოს ნაციონალური მოძრაობის, მათი სატელიტებისა და უცხო ქვეყნიდან დაფინანსებული ანტიეროვნული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაციების აკრძალვის სამართლებრივი პროცესი. ის  2017 წლის აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციაზეც გამოჩნდა.

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი, აგვისტოს ომის შემდეგ სამშობლოს ღალატისთვის ნასამართლევი და 2013 წელს ქართული ოცნების ხელისუფლების დროს გათავისუფლებული, ასევე მონაწილეობდა ქართულ მარშში.

“ქართული მარშის“ აქციის მონაწილის, დავით ნემსაძის წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა ლიკა ალელიშვილმა ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის გამო პოლიციას მიმართა და მოითხოვა, რომ დავით ნემსაძეს მასთან მიახლოება აეკრძალოს“,- აღნიშნულია კვლევაში.

TI-ის კვლევის სრული ვერსიის სანახავად გადადით ბმულზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^