Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ძიუდოისტებმა დავით ქევხიშვილის კაბინეტის კარი აჭედეს

22 მაისი, 2018 12:34

საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომლებიც კვლავ ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.

სპორტსმენებმა ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის სკამი კაბინეტიდან გამოიტანეს და სანაგვე ურნაში ჩააგდეს, შემდეგ მისი კაბინეტის კარი აჭედეს.

სპორტსმენები უნდობლობას უცხადებენ სპეციალურ კომისიას, რომელიც ძიუდოს ფედერაციაში არსებული ვითარების შესასწავლად შეიქმნა.

„პროტესტი გრძელდება და უპირობოა ჩვენი მოთხოვნა, უნდა გადადგეს დავით ქევხიშვილი დაკავებული თანამდებობიდან. 20 დღეა, ჩვენ უკვე აღარ ვვარჯიშობთ,  ყურადღება ჩვენ მიმართ არის ნაკლები იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც ხელეწიფება ამ პრობლემის მოგვარება, ჩვენ ვაგრძელებთ ჯანსაღ პროტესტს,“ - განაცხადა ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.

კითხვები დავით ქევხიშვილს - ძიუდოისტები განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას სამი კვირაა ითხოვენ. 10 მაისს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობაც გაიმართა. დავით ქვეხიშვილის თქმით, ის მზად იყო სპორტსმენებს შეხვედროდა ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ყრილობა სპორტსმენებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტმა ძიუდოისტების კითხვებს არ უპასუხა.

ძიუდოისტებსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის დაპირისპირება თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატს მოჰყვა. ისრაელში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა უმედლოდ დაასრულა. წარუმატებლობის შემდეგ 30 აპრილს ნაკრების მთელი სამწვრთნელო შტაბი გადადგა.

ყოფილმა ძიუდოისტმა და პარლამენტარმა ზურაბ ზვიადაურმა ევროპის ჩემპიონატში წარუმატებლობისთვის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი გააკრიტიკა. ზვიადაური წერდა, რომ ქევხიშვილი არამიზნობრივად ხარჯავს ფულს, ფედერაცია ნაკრების მწვრთნელის საქმიანობაში ერევა და სპორტის ეს სახეობა საქართველოში ნადგურდება.

ქევხიშვილის კრიტიკა დაიწყეს თავად ძიუდოისტთა ნაკრების წევრებმაც. მათ 4 მაისს ფედერაციასთან აქციაც გამართეს და განაცხადეს, რომ სანამ ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს შეჯიბრებებზე არ გამოვლენ. ბოსნიაში ტურნირზე ასპარეზობა ამის გამო შეწყვიტა ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ავთანდილ ჭრიკიშვილმა. ის საქართველოში დაბრუნდა და სპორტსმენთა პროტესტს შეუერთდა.

დავით ქევხიშვილმა პროტესტს მართული უწოდა. „მართული პროცესია, რომლის უკანაც გაკრვეული ძალები დგანან. დღეს ზედმეტია ამაზე საუბარი“, - თქვა ქევხიშვილმა.

ფედერაციის პრეზიდენტს დაუჭირა მხარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისი თქმით, ყველამ უნდა გაითვალისწინოს საკუთარი მოვალეობები და ისე იმოქმედონ.

„პირადად ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნებში, თუმცა [ძიუდოისტებსა და ფედერაციასთან] შეხვედრაზე, ალბათ, უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ გააგრძელოს საქმიანობა“ - თქვა ყაველაშვილმა.

კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ კი მხარეებს სამართლებრივ ჩარჩოში დარჩენისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებას სპეციალური კომისია შეისწავლის.

„სამინისტროს, საპარლამენტო კომიტეტის და ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი კომისია ჩამოყალიბდა, რომელმაც გამოითხოვა დეტალური ინფორმაცია ფედერაციიდან ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც იყო ამ დღეებში საუბარი“, - თქვა მინისტრმა. გიორგაძემ განმარტა, რომ კომისია ყველა საკითხს უახლოეს დღეებში შეისწავლის და იქნება მიუკერძოებელი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^