Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლევან ლორთქიფანიძის თქმით, 17 მაისს გამოსული ლგბტ თემის ნაწილი ტოტალიტარულ იდეოლოგიას ატარებს

22 მაისი, 2018 17:45

სამოქალაქო აქტივისტმა, ლევან ლორთქიფანიძემ 18 მაისს ტელეკომპანია „კავკასიაზე", დავით აქუბარდიას ტოქშოუში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს ლგბტ აქტივისტებსა და ფაშისტურ ჯგუფებს შორის დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „კორკოტას ეკვივალენტი" ლგბტ აქტივისტებს შორისაც იყო. 

„ლგბტ თემის წარმომადგენლები და ფაშისტები სცემენ, ურტყამენ ერთმანეთს, აგინებენ, ერთმანეთს ეძახიან ბნელებს და ჩამორჩენილებს, სცემენ, ჭამენ, ურტყამენ ერთმანეთს, ჩანან ტელევიზიებში, აქედან კორკოტა გამოდის, იქიდან კორკოტას ეკვივალენტი - ოღონდ, კორკოტას ლგბტ თემის წარმომადგენელი ეკვივალენტი გამოდის. ხოცავენ ერთმანეთს და ამ დროს ქვეყანაში გრძელდება ის უბედურება, რომელსაც ჩვენ ვებრძვით", - თქვა ლორთქიფანიძემ „კავკასიის" ეთერში. 

„ლიბერალი" დაინტერესდა, მიიჩნევს თუ არა ლორთქიფანიძე, რომ ამ ორ ჯგუფს შორის ტოლობის ნიშანი უნდა დაისვას? ლევან ლორთქიფანიძეს შეკითხვებით მივმართეთ, თუ შეუძლია, დაასახელოს კონკრეტული ფაქტი, რომ ფაშისტური ჯგუფის წარმომადგენლებს ლგბტ აქტივისტები ურტყამდნენ, ამასთან, ვინ მიაჩნია „კორკოტას" ეკვივალენტად ლგბტ თემში და რა მსგავსებებს ხედავს მათ შორის? მან „ლიბერალის" მიერ გაგზავნილ შეკითხვებს წერილობით უპასუხა.

ლორთქიფანიძე ამბობს, რომ „ოცდამეერთე საუკუნის ლიბერალიზმის საქართველოში გავრცელებული ფორმაც და ფაშიზმიც ტოტალიტარულ იდეოლოგიებს წარმოადგენს".

„სამწუხაროდ, ინტერნეტით გამოსვლის მხოლოდ ოცდახუთწამიანი მონაკვეთი გამოქვეყნდა, რაც ბუნებრივია, ჩემს სათქმელს სრულად არ გამოხატავს. მე მხოლოდ იმის თქმას ვცდილობდი, რომ ოცდამეერთე საუკუნის ლიბერალიზმის საქართველოში გავრცელებული ფორმაც (ჩემი შეფასებით, ამ იდეოლოგიის სახელით გასულ კვირას ლგბტ თემის ნაწილი საუბრობდა) და ფაშიზმიც ტოტალიტარულ იდეოლოგიებს წარმოადგენენ. მათ პრეტენზია აქვთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე და ნებისმიერ განსხვავებულ აზრს რეპრესიის სხვადასხვა მეთოდით უპირისპირდებიან. ამასთანავე, ორივე მხარე კაპიტალიზმის წინააღმდეგ მიმართულ ნებისმიერ საქმიანობას ბოლშევიზმად აცხადებს. ორი დაპირისპირებული ტოტალიტარული იდეოლოგია ერთმანეთს კვებავს. მათი მწვავე კონფლიქტი მემარცხენე დისკურსის განვითარების მოსპობასა და დიქოტომიის სამუდამოდ შენარჩუნებას ემსახურება. ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში ასე ზუსტად აზრის ჩამოყალიბების შანსები იშვიათად მეძლევა", - უთხრა ლორთქიფანიძემ „ლიბერალს". 

შეკითხვაზე - მიაჩნია თუ არა, რომ ამ ორი ჯგუფის გაიგივება სწორია და ორივე მხარის ქცევა ერთნაირად მიუღებელია, იგი პასუხობს, რომ „ორივე ტოტალიტარული იდეოლოგიის წარმომადგენლები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს".

„ისინი ხშირად ცვლიან ჩაგრულისა და მჩაგვრელის როლებს. დემოკრატიული სოციალიზმის იდეის გარიყვის საქმეში მათი ქცევა ერთნაირად მიუღებელია ჩემთვის", - ამბობს ლორთქიფანიძე.

შეკითხვაზე - ხომ არ მიაჩნია, რომ ტელეეთერში თავისი განცხადებებით არასწორი წარმოდგენა შეიძლება შეუქმნას ლგბტ თემის შესახებ ადამიანებს, რომლებიც ისედაც ჰომოფობიურად არიან განწყობილნი და საკითხში კარგად ვერ ერკვევიან? ლორთქიფანიძე პასუხობს, რომ იგი არც ერთი თემის წინააღმდეგ არ იბრძვის. 

„ზუსტად ვიცი, რომ მემარცხენე ფლანგზეც უამრავი ლგბტ თემის წევრი საქმიანობს. ისინი ხალხს „სინათლისა" და „სიბნელის" მომხრეებად არ ყოფენ და არც „იდენტობის პოლიტიკას" ემხრობიან. მე არც ერთი თემის წინააღმდეგ არ ვიბრძვი, მხოლოდ „იდენტობის პოლიტიკისა" და ლიბერალურ-კონსერვატორული დიქოტომიის ჰეგემონიის დარღვევაში მონაწილეობას ვისახავ მიზნად. ვფიქრობ, ჰომოფობიასთან ბრძოლის საუკეთესო გზა ყველა თემისათვის თანაბრად მნიშვნელოვანი ეკონომიკური პრობლემების დაწინაურებაზე გადის. „თანასწორობის მოძრაობის" პირობის ღალატმა ვითარება ჩემთვის მიუღებელი „სტატუს-კვოს" სასარგებლოდ შეცვალა", - უთხრა ლორთქიფანიძემ „ლიბერალს".

_________________________________________________

„ლიბერალი" გთავაზობთ 17 მაისს განვითარებული მოვლენების შესახებ ლორთქიფანიძის მიერ 18 მაისს „კავკასიის" ეთერში საუბარს:

„ყველაზე დიდი უბედურება დღეს არის არა სახელმწიფო, არამედ ჩვენი ხელისუფლება და ხელისუფლებები, რომლებიც ადამიანებს შორის ეძებენ კულტურულ განსხვავებებს და ამ განსხვავებულობების საფუძველზე ხელს უწყობენ კონფლიქტის გაღვივებას, შემდეგ გვევლინებიან ამ კონფლიქტების მომგვარებლად, ჰუმანისტებად, სიტუაციის დამლაგებლებად, გონიერ და გამჭრიახ ადამიანებად და ა.შ. ფსევდოკულტურული კონფლიქტების გაღვივების ხელშეწყობით, ისინი ცდილობენ და ამითი რას აკეთებენ - ლგბტ თემის წარმომადგენლები და ფაშისტები სცემენ, ურტყამენ ერთმანეთს, აგინებენ, ერთმანეთს ეძახიან ბნელებს და ჩამორჩენილებს, ცემენ, ჭამენ ურტყამენ ერთმანეთს, ჩანან ტეკევიზიებში, აქედან კორკოტა გამოდის, იქიდან კორკოტას ეკვივალენტი - ოღონდ, კორკოტას ლგბტ თემის წარმომადგენელი ეკვივალენტი გამოდის.

ხოცავენ ერთმანეთს და ამ დროს ქვეყანაში გრძელდება ის უბედურება, რომელსაც ჩვენ ვებრძვით, მე ვიცნობ ორივე მიტინგის მონაწილეებს, რომელთაც ბინა გაუყიდეს, იმიტომ, რომ ბანკში ჰქონდათ მათ მშობლებს შეტანილი. მე ორივე მიტინგის წარმომადგენლებს ვიცნობ, რომლის ოჯახის წევრებს გაუჩნდათ დაავადებები იმიტომ, რომ ცხოვრობენ იმ რეგიონებში, სადაც ჰაერი, წყალი, ნიადაგი არის კატასტროფულად დაბინძურებული; მე ვიცნობ ორივე მიტინგის წარმომადგენლებს, რომლებმაც ვერ მიიღეს საქართველოში ხარისხიანი და სათანადო განათლება, იმიტომ, რომ განათლების სისტემა დღეს ყველას ფეხებზე ჰკიდია და იმიტომ ხდება ასეთი კონფლიქტები ჩვენს ქვეყანაში; მე ვიცნობ ორივე დემონსტრაციის წარმომადგენლებს, რომლებიც ქალაქში ნორმალურად ვერ გადაადგილდებიან, იმიტომ, რომ ტრანსპორტის პრობლემა არ არის ქალაქში მოგვარებული და ტრანსპორტიც იწვევს სოციალურ გარიყულობას რიგი ადამიანების და კიდევ ბევრ პრობლემას ჩამოვთვლით.

მთავრობა ბედნიერია, ხალხი ჭამს ერთმანეთს, თავისუფლების განმარტებას გვთავაზობენ გაუნათლებელი ადამიანები და გვეუბნებიან, რომ თავისუფლება არის დედის გინება, თამარ მეფის კონდომზე გამოსახვა და ა.შ. და ეს სოციალური და ეკოლოგიური პრობლემები რჩება ყველა ყურადღების მიღმა. ამ ბრძოლიდან გამოდის ნარკობიზნესი, მისი მფარველი ადამიანები და საქართველოს მთავრობა, რომელსაც რეალური პრობლემებიდან ყურადღება გადააქვს სხვა მიმართულებით".

__________________________________________________

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ლგბტ აქტივისტებმა წინასწარ დაანონსებული აქცია გააუქმეს. მათი თქმით, მიუხედავად შსს-სგან მიღებული გარანტიებისა, ისინი თავს დაცულად ვერ გრძნობდნენ. სანაცვლოდ, აქტივისტებმა რამდენიმე ლოკაციაზე „პარტიზანული აქციები" გამართეს. 

საღამოს კიდევ ერთი აქცია გაიმართა კანცელარიასთან, რომელსაც პოლიციის კორდონი იცავდა. კორდონს მიღმა კონტრდემონსტრანტები იყვნენ მობილიზებულები, რომლებიც ლგბტ აქტივისტებს ემუქრებოდნენ. 

მიუხედავად პოლიციის ჯაჭვისა, ერთ-ერთმა კონტრდემონსტრანტმა ანტიჰომოფობიურ აქციაზე შეღწევა მოახერხა და სიტყვით გამოსვლის დროს ერთ-ერთ აქტივისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელი, რომელიც პოლიციამ ადგილზე დააკავა, არასრულწლოვანი აღმოჩნდა. მის მიმართ გამოძება სს კდოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

ომბუდსმენის ანგარიში: სახელმწიფო ლგბტ პირთა მიმართ ძალადობას სათანადოდ ვერ პასუხობს

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

ილონ მასკის დედის, მეი მასკის წიგნს ქართ ...

p.p1 {margin: 0.0px 0.0px 8.0px 0.0px; text-align: justify; font: 11.0px Helvetica; color: #000000; -webkit-text-stroke ...
08 ივნისი
08 ივნისი

რატომ უნდა ვიცნობდეთ რეი კურზველს?

ლიბერალმა“, როგორც მედიაპლატფორმამ, არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიპეტია გამოიარა. რამდენჯერმე შეიცვალა სარე ...
12 დეკემბერი
12 დეკემბერი

რა მოხდა „ლიბერალში"

დეკემბრიდან „ლიბერალის" რედაქციამ მუშაობა შეწყვიტა. ახალმა სარედაქციო გუნდმა ჟურნალში მუშაობა 2019 წლის ივნი ...
^