Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაშის ნათესავი მუშაობს ერთ-ერთ უნივერსიტეტში, რომელსაც შესაძლოა ავტორიზაციის ვადა გაუხანგრძლივდეს

21 სექტემბერი, 2018 12:41

იმ უნივერსიტეტებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში ეწურებათ, შესაძლოა, ის 2020 წლამდე გაუგრძელდეთ.

საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ასევე - დეპუტატები გენადი მარგველაშვილი, გია ჟორჟოლიანი და სიმონ ნოზაძე.

საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავდა, თუმცა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ განხილვა გადაიდო.

პარლამენტის  თავმჯდომარის განმარტებით, მიზეზი დარგის სპეციალისტების შენიშვნებია და ცვლილებები დამატებითი კონსულტაციების საჭიროებს.

პლენარულ სხდომამდე უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტთა ნაწილმა განცხადება გაავრცელა. ისინი აღნიშნულ ცვლილებას დაუშვებლად მიიჩნევენ და გამოთქვამენ ეჭვს, რომ დაგეგმილი ცვლილება ემსახურება იმ ცალკეული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება.

ექსპერტთა შეფასებით, უნივერსიტეტების ნაწილისთვის ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივება დაუშვებელია

სანდო წყარომ „ლიბერალს“ განუცხადა, რომ საკანონმდებლო ცვლილებების მიზეზი კონკრეტული უნივერსიტეტები და პირები არიან.

კერძოდ, საუბარია თბილისის სასწავლო უნივერსიტეტზე, სადაც ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მიმართულების ხელმძღვანელი გაიოზ ნადირაშვილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის ოჯახთან დაახლოებული პირია.

ასევე, ევრორეგიონული უნივერსიტეტის ერთ-ერთი მეწილე (20%) და უნივერსიტეტის ყოფილი ვიცე-რექტორი ეკატერინე სუხიშვილი გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეა.

საგულისხმოა, რომ ამ ორი უნივერსიტეტის ავტორიზაციის მინიჭების თაობაზე სხდომა 16 სექტემბერს უნდა გამართულიყო ხარისხის მართვის ცენტრში, თუმცა საკითხის განხილვა გადაიდო და მალევე პარლამენტში ცვლილებების პროექტი წარადგინეს დაჩქარებული წესით განსახილველად.

ხარისხის მართვის ცენტრში „ლიბერალს“ განუცხადეს, რომ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა და ევრორეგიონულმა სასწავლო უნივერსიტეტმა  ცენტრს საბჭოს სხდომის გადავადების თხოვნით თავადვე მიმართეს. როგორც „ლიბერალს“ ცენტრში განუმარტეს, სხდომები ჯერჯერობით არ ჩაუნიშნავთ.

„ლიბერალი“ ესაუბრა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსს დავით გუბელაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ სხდომის გადადება თავად მოითხოვეს, რადგან სჭირდებოდათ გონივრული დრო ექსპერტთა დასკვნებზე შესაბამისი იურდიული დოკუმენტაციის წარსადგენად. მისივე თქმით, უნივერსიტეტმა 41-გვერდიანი შესაგებელი დაწერა და ექსპერტთა დასკვნას არ ეთანხმებოდა.

გუბელაძის თქმით, უნივერსიტეტს დიდი ისტორია აქვს და ყველა სამართლებრივ/ ნორმატიული დოკუმენტი კანონთან შესაბამისობაშია.

შეკითხვაზე, არის თუ არა უნივერსიტეტის თანამშრომელი გაიოზ ნადირაშვილი და რა იცის მისი და კომიტეტის თავმჯდომარის ნათესაური კავშირის შესახებ გვიპასუხა, რომ გაიოზი მათი თანამშრომელია 2010 წლიდან, მას ადმინისტრაციული თანამდებობა არ უკავია და მარიამ ჯაშთან მისი ნათესაური კავშირის შესახებ არაფერი იცის.

„ლიბერალი“ გაიოზ ნადირაშვილს დაუკავშირდა, მან დაგვიდასტურა, რომ მარიამ ჯაშის მამიდის მეუღლეა და გვითხრა, რომ მარიამ ჯაშთან „უნივერსიტეტთან დაკავშირებულ და სხვა რაღაც საქმეებზე“ არავითარი კავშირი არ აქვს.

„50 წელი ვიმუშავე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. 12 წელია, ვმუშაობ ამ უნივერსიტეტში, ვუძღვები ჩემს პროფესიულ საქმიანობას, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად. არავითარი საყვედური არავის არ უთქვამს. რა გახდა ეს ამბავი? მე ვარ მამიდის მეუღლე. საზოგადოება იცნობს მარიამ ჯაშს, კარგის მეტი ამ ახალგაზრდა ქალბატონზე არაფერი გამიგია. ეს უნივერსიტეტი არის 25 წლის, მე 12 წელია, ვმუშაობ აქ. პროგრამის ხელმძღვანელი ვარ. სტუდენტებს ვუყვარვარ, სუყველა კმაყოფილია და იმის გამო, რომ მისი მამიდის მეუღლე ვარ, რა გახდა ეს ამბავი?  

ქვეყანა რა მდგომარეობაშია იცით. ყველა ერთმანეთზე ცუდს ლაპარაკობნს. ამისთანა კარგ ადამიანზე რა უნდა ვთქვა, რა დააშავა? ან როგორ უნდა დააშავოს ? როგორც მე ვიცი, თავის საქმეს აკეთებს ძალიან კარგად. არავითარი კავშირი მასთან უნივერსიტეტთან დაკავშირებულ  და რაღაც საქმეებზე არა მაქვს“.

„ლიბერალი“ ასევე ესაუბრა ევრორეგიონული უნივერსიტეტის ხარისხის მართვის სამსახურის ხელმძღვანელს, ლევან მოსახლიშვილს, რომელმაც განმარტა, რომ მათ შემთხვევაშიც, სხდომის გადავადების მიზეზი ექსპერტების დასკვნისთვის არგუმენტების მოსამზადებლად არასაკმარისი დრო იყო.

„ექსპერტთა დასკვნა გვიან მოვიდა და ვადა ხომ სჭირდება პასუხის მომზადებას, აქედან გამომდინარე, მოვითხოვეთ ვადები. ჯერ ადმინისტრაციული წარმოებაა. 8 ოქტომბრამდე გვაქვს ვადა და იმედია, მანამდე გაიმართება სხდომა... ექსპერტებს აქვთ, ბუნებრივია, გარკვეული შენიშვნები და რეკომენდაციები და ჩვენც ვამზადებთ ამაზე ჩვენს პოზიციას, ამ ეტაპზე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებთ.“

მისივე თქმით, დასკვნაში არის გარკვეული საკითხები, რომლებსაც უნივერსიტეტი არ იზიარებს, თუმცა მან წარმოების ვადის დასრულებამდე კონკრეტული საკითხების დასახელებისგან თავი შეიკავა. 

რაც შეეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, ლევან მოსახლიშვილმა „ლიბერალს“ უთხრა, რომ ის კარგად არ იცნობს აღნიშნული ცვლილებების შინაარსს, ამიტომ წინასწარ ვერ იტყვის, მათ ძალაში შესვლის შემთხვევაში მიმართავს თუ არა უნივერსიტეტი ცენტრს ავტორიზაციის ვადის გახანგრძლივებისთვის.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ეკატერინე სუხლიშვილს, რომელმაც ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და შეტყობინება მოგვწერა: „კომენტარს აღარ ვიძლევი. უნივერსიტეტი წარმატებული იყო მაშინაც, როცა სტუდენტი ვიყავი; მაშინაც, როცა ექიმად ვმუშაობდი და მაშინაც, როცა ვხელმძღვანელობდი. 25-წლიანი ისტორია როცა აქვს უნივერსიტეტს და უამრავი წარმატება და სირთულე აქვს გამოვლილი, ჩემზე აპელირება და ხელის გამოშვერა ცოტა უხერხულია. ნამდვილად არ ვფლობ იმ ძალაუფლებას, რომ ამხელა გარდატეხა მოვახდინო.“

---------------

„ლიბერალი“ შეეცადა,მარიამ ჯაშთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს შეტყობინებას არ უპასუხა. მარიამ ჯაში საქართველოში არ იმყოფება. საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით მან facebook-ის პირად გვერდზე გაავრცელა პოსტი, რომელშიც წერს, რომ საკანონმდებლო ინიციატივის მის პირად ინტერესებთან დაკავშირება არის „აბსურდული ბრალდება“:

„რაც შეეხება ოპონენტების მიერ გაჟღერებულ პიროვნულ ინტერესებს - ეს არის აბსურდული ბრალდება. არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში!

აქვე ვამაყობ, რომ ჩვენს დიდ ოჯახს არაერთი დამსახურებული პედაგოგი ჰყავს, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდნენ და დღესაც მუშაობენ (არა ფლობენ) სხვადასხვა უნივერსიტეტში. მათ შორის გიდასტურებთ, რომ ერთი-ერთი სასწავლებელი დღეს ავტორიზაციის პროცესს გადის და, როგორც ჩანს, ჩემი ოპონენტები, ცდილობენ, ჩემი გადაწყვეტილება დაუკავშირონ ამ ფაქტს.“

მარიამ ჯაში ასევე წერს, რომ რაკი საკითხს ფართო რეზონანსი მოჰყვა, 25 სექტემბერს გამართავს სამუშაო შეხვედრას, რომელზეც ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილავენ. 

ისეთი უნივერსიტეტი, სადაც უკვე იმყოფებოდნენ ექსპერტები, მაგრამ ავტორიზაციის საბჭოს სხდომა ჯერ არ გამართულა, სულ ათია:

საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიეტეტი;

თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ქუთაისის უნივერსიტეტი;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;

საქართველოს ტექინკური უნივერსიტეტი;

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია;

საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი (უნიჯეო);

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი;

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

ისეთი უნივერსიტეტი კი, სადაც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს ექსპერტთა ვიზიტი სულ ექვსია:

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი;

უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია;

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი;

თბილისი ღია სასწავლო უნივერსიტეტი;

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი.

სამინისტრო: ავტორიზაციის პროცესის კორექტირება გამოწვეულია გამოვლენილი ხარვეზებით

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^