Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„პირველი არხი“ გამოირჩევა ხელისუფლებისადმი ლოიალური პოლიტიკით - II ტურის მედიამონიტორინგი

06 დეკემბერი, 2018 20:13

როგორ შეფასდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობა არჩევნების მეორე ტურის წინ? - ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“ ფარგლებში „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ“ მედიამონიტორინგი ჩაატარა. მონიტორები აკვირდებოდნენ სხვადასხვა ონლაინ და ბეჭდურ გამოცემებს, ასევე 8 სატელევიზიო არხს, მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს. წინამდებარე ანგარიში ასახავს 29 ოქტომბერი - 27 ნოემბრის პერიოდში გასული გადაცემების ანალიზს. 

საზმაუმ წარმოაჩინა მკვეთრად მიკერძოებული პოზიცია ოპოზიციური ძალის წინააღმდეგ - სადამკვირვებლო მისია

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, პირველი ტურის დასრულების შემდეგ ტელემედიამ მნიშვნელოვანი ცვლილება განიცადა – უფრო ცალსახად გამოჩნდა მაუწყებელთა სარედაქციო პოლიტიკა და მათი მიკერძოება საპრეზიდენტო კანდიდატების სასარგებლოდ. 

სატელევიზიო ტოქშოუები

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ტელესივრცე ფაქტობრივად ორპოლუსიანი გახდა, სადაც „რუსთავი 2“ ერთ მხარეს, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი მეორე მხარეს აღმოჩნდნენ.

„რუსთავი 2-ზე“ ძირითადად განიხილავდნენ იმას, თუ რატომ იქნება ცუდი სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება, „იმედი“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი კი გრიგოლ ვაშაძის გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მოძალადე ძალის ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობად წარმოაჩენდნენ“, - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, „იმედსა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელზე წამყვანები კრიტიკული კითხვებისა და ოპონირების ნაცვლად უფრო მეტად საკუთარ გეგმებზე სასაუბროდ პლატფორმას სთავაზობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რაც მათ პოზიტიურ ჭრილში წარმოჩენის საშუალებას აძლევდა.

„მაგალითად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე „არჩევანი 2018-ს“ პრემიერ-მინისტრი და მინისტრები სტუმრობდნენ (ეკონომიკის, გარემოს დაცვის, იუსტიციის), თუმცა წამყვანები არ იყვნენ კრიტიკული და არ გამოუყენებიათ შანსი, რომ პრობლემურ საკითხებზე მიეღოთ მთავარ პასუხისმგებელ პირთა ახსნა-განმარტებები. 19 ნოემბერს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იმეორებდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ფონდი ქართუს“ და „ქართული ოცნების“ ინიციატივა 600 000 მოქალაქის სესხის დაფარვაზე. პრემიერმინისტრს სრული თავისუფლება ჰქონდა მხოლოდ პოზიტიურად განეხილა ეს ინიციატივა და საბოლოოდ ისე დასრულდა ინტერვიუ, ბევრი დეტალი ბუნდოვანი დარჩა. წამყვანები საშუალებას აძლევდნენ პრემიერ-მინისტრს გამუდმებით დაბრუნებოდა წინა ხელისუფლებისგან დატოვებულ მძიმე მემკვიდრეობაზე საუბარს“. 

სატელევიზიო ახალი ამბები

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, „პირველი არხი“ გამოირჩევა ხელისუფლებისადმი ლოიალური სარედაქციო პოლიტიკით;

„მეორე ტურის წინ ეს ტენდეცია უფრო შესამჩნევი გახდა, მომრავლდა სიუჟეტები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდზე, იმდროინდელი მაღალჩინოსნების დანაშაულებებზე. კიდევ უფრო შემცირდა ისეთი თემების წამოწევა, სადაც დღევანდელი ხელისუფლება უარყოფითად შეიძლებოდა წარმოჩენილიყო. „მოამბეში“ ამბების თანმიმდევრობაც ხშირად ამ პოლიტიკის დამადასტურებელი იყო. ზოგჯერ ხელისუფლებისთვის მწვავე თემები გამოშვების მეორე ნაწილში შუქდებოდა, ამასთან, ნაკლებ კრიტიკული აქცენტებით. ამის ფონზე, გამხსნელ სიუჟეტებად გვხვდებოდა წინა ხელისუფლების მამხილებელი სიუჟეტები და „ქართული ოცნების“ მიერ მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სიკეთეები: კანაფის კულტივაციის კანონპროექტის გაწვევა, ბავშვებისთვის სოციალური დახმარების გაზრდა, საბანკო შეღავათები და ა.შ.“, - წერია ანგარიშში. 

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, „პირველი არხი“, ხელისუფლების მსგავსად, გამოირჩეოდა არასამთავრობო სექტორის მიმართ კრიტიკული მოსაზრებების ტირაჟირებით. ასეთ სიუჟეტებში უმეტესად ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიცია დომინირებდა. ტენდენციის სახე ჰქონდა სიუჟეტებში ხელისუფლების წარმომადგენლების დიდი დოზით და “ბოლო სიტყვის უფლებით” მონაწილეობას.

„შეგვხვდა შემთხვევები, როცა არასამთავრობოებზე, ოპოზიციაზე, მომზადებულ სიუჟეტებში დასკვნითი სიტყვა მაინც ხელისუფლებას ეკუთვნოდა.   პირველი არხი დადებითად აშუქებდა ბიძინა ივანიშვილს. მისი ინტერვიუების შესახებ „მოამბეში“ გასული სიუჟეტები ივანიშვილის დადებითად წარმოჩენის შთაბეჭდილებას ტოვებდა. „მოამბე,“ როგორც წინა ანგარიშში აღვნიშნეთ, ამჯერადაც დადებით კონტექსტში აჩვენებდა პრემიერის საქმიანობას. მის მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების გახსნა თუ მონახულება მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე აქტიურად შუქდებოდა“. 

ანგარიშში წერია, რომ რამდენიმე სიუჟეტში გამოიხატა არხის დადებითი დამოკიდებულება სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ამასთან, არხს აშკარა, უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა გრიგოლ ვაშაძის მისამართით.   გავიდა რამდენიმე სიუჟეტი, რომელთა მთავარი გზავნილი იყო, თუ რა საფრთხეებს შეიცავდა გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტება. ასევე, რამდენიმე სიუჟეტში გამოჩნდა ჟურნალისტის მიკერძოება „ნაციონალური მოძრაობის“ უარყოფითად წარმოჩენის კუთხით.

„პირველი არხი“ განსაკუთრებული ინტენსივობით აშუქებდა ყველა იმ მოძრაობას, რომელიც სხვადასხვა ორგანიზაციებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ წამოიწყეს: აქციები შინაარსით „არა ნაცებს!“ „მოამბეში“ პერმანენტულად და ზოგჯერ დაუბალანსებლად შუქდებოდა“. 


მეთოდოლოგია: მონიტორინგის მეთოდოლოგია ტელევიზიების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება. გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როცა მასზე საუბრობენ ირიბად და ასევე მაშინ, როდესაც ის თვითონ საუბრობს საკუთარ თავზე, სხვა სუბიექტებზე ან ზოგად საკითხებზე. დიაგრამებზე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი). როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი დრო, იქვე ხდება დათმობილი დროის ტონის შეფასება. ყურადღება ექცევა როგორც ჟურნალისტის ან რესპონდენტის ტექსტს, ასევე სიუჟეტის მთლიან კონტექსტს. თვისებრივად მონიტორინგის დროს ყურადღება ექცევა ბალანსს, ანუ რამდენად არის სიუჟეტებში წარმოდგენილი გაშუქებული საკითხის გარშემო რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება. ასევე სიზუსტეს, რომლის შესაფასებლადაც მონიტორი აკვირდება, თუ რამდენად შესაბამისია ერთმანეთთან ჟურნალისტის დასკვნა და სიუჟეტში გამოყენებული მასალები (კადრები, რესპონდენტების კომენტარები).

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^