Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თუ საკუთარ მიწის ნაკვეთზე კულტურული ღირებულების ნივთს აღმოაჩენ, კომპენსაციას ვერ მიიღებ

13 დეკემბერი, 2018 13:45

მარტვილის სოფელ ბანძაში საფლავის გათხრისას აღმოჩენილი ოქროსა და ვერცხლის მონეტების საკითხმა ნათლად წარმოაჩინა, როგორ რეგულირდება საქართველოში ისტორიული მნიშვნელობის ნივთების საკითხი. 

მესაფლავეებმა ნაპოვნი ნივთების ნაწილი გარდაცვლილი პირის ოჯახს მისცეს, რომელმაც ისინი მუზეუმში მიიტანა.დანარჩენი ოქროსა და ვერცხლის მონეტები მპოვნელებმა ქუთაისში,  „ოქროს ბირჟაზე" ჩააბარეს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, ფაქტის დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს. 

„ლიბერალი“ ესაუბრა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურისტს სოფო ჩიხრაძეს, რათა გაერკვია, მსგავს შემთხვევაში ვინ ხდება ნივთის მესაკუთრე. 

სოფო ჩიხრაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სამართლებრივ რეგულირებას კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონი ახორციელებს. აღნიშნული კანონის  მეათე მუხლში  წერია, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოვლენილი ან აღმოჩენილი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის პირველადი დაცვა. ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ გარკვეული მიწის სამუშაოების დროს რაიმე არტეფაქტის გამოვლენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მოხდეს შეტყობინება შესაბამისი ორგანოსთვის. აქ მითითებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. 

ჩიხრაძე განმარტავს, რომ თუ არტეფაქტების აღმომჩენი არ ატყობინებს ადმინისტრაციულ ორგანოს და განაგრძობს მიწის სამუშაოებს უკანონოდ, აღნიშნული ქმედება ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით. 

„ადმინისტრაციულ ორგანოს აუცილებლად უნდა შეატყობინონ, რომ აღმოჩენილია გარკვეული არტეფაქტები. ამის შემდეგ ადმინისტრაციული ორგანოს  მხრიდან მოხდება რეაგირება, არქეოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა დათვალიერდეს ობიექტი. სხვა შემთხვევაში, თუ გრძელდება მიწის სამუშაოები, უკვე საქმე გვაქვს უკანონო არქეოლოგიურ სამუშაოებთან, რაც არის სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი, ამას უკვე სს კოდექსის 259-ე პრიმა მუხლი არეგულირებს“, - ამბობს ჩიხრაძე. 

ჩიხრაძის თქმით, თუ აღმოჩენილი ნივთი არ არის კულტურული ღირებულების და არის განძი - ამ შემთხვევაში, მესაკუთრის ვინაობა განისაზღვრება სამოქალაქო კოდექსის 192-ე მუხლით. მესაკუთრეები ხდებიან აღმომჩენი და იმ ადგილის ან ნივთის მესაკუთრე, სადაც განძი იპოვეს. თუმცა ჩიხრაძე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაშიც საჭიროა ადმინისტრაციული ორგანოსთვის ინფორმაციის მიწოდება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კულტურული ღირებულება აღმოჩენილ ნივთს. 

სააგენტოს იურისტის თქმით, ბანძაში ნივთების პოვნის შემდეგ უნებართვო არქოლოგიური სამუშაოები წარიმართა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამუშაოების წარმმართველი არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდა. მისი თქმით, ისინი ნივთების აღმოჩენის შემდეგ უნდა გაჩერებულიყვნენ და დალოდებოდნენ არქეოლოგებს. 

„თუ აღმოჩნდებოდა ისეთი ნივთები, რომლებსაც არქეოლოგები დაათარიღებდნენ და ექსპერტები იტყოდნენ, რომ ისინი ღირებული არ არის, მაშინ ამ ფაქტს შესაბამისი მსვლელობა მიეცემოდა და სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესებაც არ იქნებოდა. მათ განახორციელეს უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოები და მეორე, მათ იცოდნენ, რომ იქ ღირებული არტეფაქტები იყო და სარეალიზაციოდაც გაიტანეს“, - თქვა ჩიხრაძემ. 

საქმე ის არის, რომ აღმოჩენილი ძვირფასეულობა თუ ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდება, სახელმწიფო ვალდებული არ არის, მპოვნელს კომპენსაცია გადასცეს. როგორც ჩიხრაძე განმარტავს, აღმოჩენილი ნივთი სახელმწიფოს საკუთრებაა.

რა ხდება თუ პირმა საკუთარ ტერიტორიაზე ჩვეულებრვად, ნებართვის ფარგლებში წარმოებულ სამუშაოებში აღმოაჩინა ღირებული არტეფაქტი და მოითხოვა კომპენსაცია?

„ჩვენ გვქონდა სასამართლო პროცესი ამ ტიპის საკითხზე და სასამართლომ მოქალაქეს სარჩელი არ დაუკმაყოფილა. ის ნივთები მუზეუმში დარჩა ისე, რომ სასამართლომ მოქალაქეს კომპენსანციის მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. სააგენტოს პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომპენსაციას არ უხდიან. კანონიდან გამომდინარე, კომპენსაცია არ გაიცემა. განძი სხვა თემაა, მაგრამ კულტურული ღირებულების ნივთი სხვა", - აცხადებს სოფო ჩიხრაძე. 

ვის ეკუთვნის სოფელ ბანძაში მაყვალა კეკელიას საფლავის გაჭრისას აღმოჩენილი ოქროს მონეტები

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

23 მარტი
23 მარტი

ვიდეო► ლადო აფხაზავამ სახალისო პრეზენტაც ...

ქართველი მასწავლებელი ლადო აფხაზავა, რომელიც მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტია, ამჟამად დუბაიში იმყოფება, სადაც 2 ...
23 მარტი
23 მარტი

EMC ზვიად რატიანის საქმეზე შინაგან საქმე ...

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას შესახ ...
23 მარტი
23 მარტი

სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ტყი ...

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურ ...
^