სამეგრელოში, მარტვილის სოფელ ბანძაში მოქალაქეებმა საფლავის გათხრისას ოქროსა და ვერცხლის მონეტები იპოვეს. მათ ნივთების ნაწილი გარდაცვლილი პირის ოჯახს მისცეს, რომელმაც ისინი მუზეუმში მიიტანა.
დანარჩენი ოქროსა და ვერცხლის მონეტები მპოვნელებმა ქუთაისში ლომბარდში ჩააბარეს. როგორც „ლიბერალს“ შსს-ში უთხრეს, ფაქტის დასადგენად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-მუხლით დაიწყო, რაც ნივთის ფარულად დაუფლებას გულისხმობს.
ამ საკითხთან დაკავშირებით მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განმარტებას აქვეყნებს და ჰყვება მონეტებისა და ძვირფასეულობის აღმოჩენის ისტორიას:
„მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბანძაში სოფლის მკვიდრის, მაყვალა კეკელიას საფლავის გაჭრის დროს მესაფლავეებმა აღმოაჩინეს ტრაპეზის ქვა და ქვის ქვემოთ ქოთანი ვერცხლისა და ოქროს მონეტებით, ასევე ვერცხლის ბეჭდები ფირუზის თვლებით, რამდენიმე ოქროს ფირფიტა წმინდანების გამოსახულებით.
ქალბატონი მაყვალა იყო შვილიშვილი ბლაღოჩინ ანტონ კეკელიასი, რომელიც, სავარაუდოდ, იმ ადგილას იყო დაკრძალული, სადაც ქალბატონ მაყვალას საფლავის გაჭრა მოხდა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ სიკვდილის წინ ქალბატონმა მაყვალამ შვილებს სთხოვა, დაესაფლავებინათ ის არა სოფელ ონოღიაში (მეუღლის გვერდით), არამედ თავისი წინაპრების სამარხში. ვფიქრობთ, რომ განძი, რომელიც მესაფლავეებმა იპოვეს იმ ეკლესიის საკუთრება იყო, 1931 წელს კომუნისტებმა რომ დაანგრიეს. როცა მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისათვის ცნობილი გახდა ამ ამბის შესახებ, დავიწყეთ ფაქტების მოძიება, გავესაუბრეთ თვითმხილველებს, მესაფლავეებს, გავიგეთ მონეტების სავარაუდო რაოდენობა.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ოჯახს, ქალბატონ მაყვალას შვილებს: მაია და გრიშა ტორჩინავებს, რომლებმაც მონეტები გადმოგვცეს.
რაც შეეხება, ლომბარდში ჩაბარებულ ნივთებს, ქალბატონმა ა.ჭ-მ (ოქროს ლომბარდის გამყიდველი) მხოლოდ რვა ვერცხლის მონეტისა და ერთი ფირუზის თვლიანი ბეჭედის დაბრუნება ისურვა.
საქმე ძიებაშია და ვფიქრობთ, ეს განძი მალე იპოვის თავის ადგილს მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში", - ამბობენ მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.