Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თავგადასავლები - ინტერვიუ მეი მასკთან

13 აგვისტო, 2020 19:22

წიგნი მემუარული ჟანრისაა. ავტორი კანადაში დაიბადა, სამხრეთ აფრიკაში გაიზარდა და ორ პროფესიას - ნუტრიციოლოგიას და სამოდელო ხელოვნებას დაეუფლა. ის მკითხველს საკუთარი თავგადასავლებითა და სირთულეებით საცსე ცხოვრების შესახებ უყვება და ქალი მკითხველებისთვის განსაკუთრებით საგულისხმოა.

მეი მასკი სამი ძალიან წარმატებული შვილის დედა და ცამეტი შვილიშვილის ბებიაა და სამოცდათორმეტი წლის ასაკშიც ახერხებს, პოპულარული მოდელი იყოს. მისი ბიოგრაფია სავსეა  რთული ეპიზოდებით და წიგნიც ამ სირთულეებით გამოწრთობილ ადამიანურ სიძლიერეს წარმოაჩენს. 

„ლიბერალი“ წარმოგიდგენთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მეი მასკთან. 

რამ გადაგაწყვეტინათ თქვენი წიგნის ქართულ ენაზე თარგმნა და მისი საქართველოში გამოცემა? იცნობთ თუ არა ჩვენს ქვეყანას? 

„ტვიტერში“ დავწერე, რომ ჩემი წიგნი ბევრ ქვეყანაში გამოიცა. უამრავი ადამიანი გამომეხმაურა და მომწერეს, თქვენი წიგნი საქართველოშიც ძალიან გვჭირდებაო. ისინი ჩემს ლიტერატურულ აგენტებთან დავაკავშირე და ჩემდა მოულოდნელად, ეს მართლაც გამოვიდა. 

საქართველოს შესახებ ინფორმაცია ინტერნეტში მოვიძიე და ვფიქრობ, რომ თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია, საჭმელი კი საუცხოოდ გამოიყურება! იმედს ვიტოვებ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად გესტუმრებით. 

შესავალში წერთ, რომ წიგნის დაწერა გამომცემლობამ შემოგთავაზათ. თუ შეიძლება, მოგვიყევით წერის პროცესის შესახებ, რა შეგძინათ ამ გამოცდილებამ?

წერის პროცესი საკმაოდ მარტივი იყო. ხმის ჩამწერის მეშვეობით მოვყევი ის ცხოვრებისეული ამბები და გაკვეთილები, რომელთა წყალობით სხვისთვის რჩევის მიცემა შემიძლია. შემდეგ კი ეს მასალა გაიშიფრა და ნაწილებად და თავებად დაიყო: ჯანმრთელობა, წარმატება, ოჯახი, მოდა და თავგადასავლები. შვილებმა მირჩიეს, სირთულეებზეც მელაპარაკა, რაც მე ძალიან არ მინდოდა. თუმცა, მაინც ჩავწერე ეს ამბები. უკვე დაწერილი რომ წავიკითხე, რედაქტორს ვთხოვე, ეს ტექსტები წიგნიდან ამოეღო, თუმცა ჩემმა თხოვნამ არ გაჭრა. მან დამარწმუნა, რომ ეს ამბები აუცილებლად უნდა დაგვეტოვებინა იმ ქალი მკითხველებისთვის, ვისაც მსგავსი სირთულეები აქვთ გამოვლილი. 

ამ პროცესში ჩემ შესახებ ახალი არაფერი აღმომიჩენია, მაგრამ ჩემი და-ძმები აღშფოთდნენ, როცა გაიგეს, რომ ამდენი საშინელება ისე გამოვიარე,  მათთვის არაფერი მითქვამს.

როგორი გამოხმაურებები მოჰყვა თქვენს წიგნს?

წიგნის გამოსვლის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი გამომეხმაურა. წარმოდგენაც კი არ მქონდა, რომ ამდენი ქალი ანალოგიურ სიტუაციაში იყო. მათ ეშინიათ, არ იციან, როგორ დააღწიონ თავი აგრესიულ ურთიერთობებს და ცხოვრების ხელახლა დაწყება სურთ. მწერდნენ, რომ ჩემი წიგნი მათთვის შთაგონების წყარო გახდა. მისი დახმარებით, ახალი მიზნები და ახალი გეგმები დაისახეს. ეს სიტუაცია აუცილებლად უნდა შეიცვლაოს. ქალები ქალებს აუცილებლად უნდა დაეხმარონ, კაცებიც უნდა ამოუდგნენ ქალებს მხარში. 

ნათელია, რომ თქვენი ცხოვრებისეული სირთულეებისა და გამოცდილების გამო, თქვენი წიგნი ქალებს ემშობლიურებათ, მაგრამ ჰყავს თუ არა მას კაცი მკითხველები?

შეიძლება სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ კაც მკითხველებს ჩემი წიგნი ძალიან უყვართ. მათ მოსწონთ ამბები თავგადასავლებზე, ჩემს ბიზნესსა და დაუღალავ შრომაზე, ბავშვების აღზრდასა და ჯანმრთელობაზე. ისე კი, ეს სულაც არ არის მოულოდნელი, ვიცოდი, რომ წიგნი კაცებსაც ძალიან მოეწონებოდათ. 

სატელევიზიო ინტერვიუებში ძალიან გულღია, გაწონასწორებული და გონიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ. რა როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში გეოგრაფიამ, იმ ფაქტმა, რომ კანადაში დაიბადეთ, სამხრეთ აფრიკაში გაიზარდეთ და ახლა ამერიკაში ცხოვრობთ? რით განსხვავდება ეს ქვეყნები და მათი კულტურა ერთმანეთისგან? 

ჩემი მშობლები კანადელები იყვნენ და ბევრს შრომობდნენ. მათ დამოუკიდებელ და საკუთარ გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელ ადამიანებად აღგვზარდეს. შეკითხვები რომ  გვიჩნდებოდა, ისინი გზას გვიჩვენებდნენ. ჩვენ თავაზიანები ვიყავით და პირველ რიგში, სხვებს ვითვალისწინებდით. ამას გარდა, ძალიან ბევრს ვშრომობდით. სამხრეთ აფრიკელებიც ძალიან ბევრს მუშაობენ. მათი იუმორის გრძნობა კი მენატრება ხოლმე! 

ამერიკა ძალიან ბევრ შესაძლებლობას გვაძლევს და ეს მე და ჩემს შვილებს ძალიან გვხიბლავს. 

კითხვა თუ გიყვართ? რომელმა ავტორებმა მოახდინეს თქვენზე ყველაზე დიდი გავლენა? 

სასიყვარულო რომანების კითხვა მიყვარს. ჩემს შვილს, ტოსკას, საკუთარი პლატფორმა აქვს, სახელად Passionflix. მისი კომპანია ბესტსელერი რომანების მიხედვით ფილმებს იღებს. სასიამოვნოა ისეთი ფილმის ყურება, სადაც ადამიანებს ერთმანეთი უყვართ, ერთმანეთს კარგად ექცევიან და დასასრულიც ბედნიერი აქვს. ამას გარდა, ძირითადად სამეცნიერო კვლევებს ვკითხულობ ჯანმრთელობის შესახებ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^