Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

27 თებერვალი, 2023 15:31

ავტორი / მთარგმნელი: ირაკლი ლომოური

სტატიების ეს კრებული, რომელიც მალე წიგნადაც გამოიცემა, ეძღვნება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ერთი წლის თავს. 

ნაწილი I იხილეთ აქ: https://liberali.ge/articles/view/46961/rusetis-sabedistsero-paradigma

პირველი ტომი

ევროპის ნაწილი
რუსეთის სახელმწიფოს ისტორია
საწყისებიდან - მონღოლების შემოსევამდე

პირველი ტომის შესავალი 

აკუნინი დაბეჯითებით აფრთხილებს მკითხველს - რასაც იგი რუსეთის სახელმწიფოს საწყისებზე, მის უძველეს ისტორიაზე წერს, მხოლოდ რეკონსტრუქციაა, ვარაუდია, რომელზეც მეცნიერთა წრეში გარკვეული, მეტ-ნაკლები კონსენსუსი არსებობს. საქმე ისაა, რომ წყაროები მეტისმეტად მწირია, რიგ შემთხვევაში კი აშკარად მითოლოგიზებული. 

ავტორი აცხადებს, რომ ამ მცირერიცხოვანი წყაროებისა და მათზე დაწერილი მრავალრიცხოვანი გამოკვლევა-კომენტარების შესწავლის შემდეგ, მას ჩამოუყალიბდა მტკიცე შეხედულება: არცერთმა ისტორიკოსმა არ იცის ზუტად, როდის, ვის მიერ და რა გარემოებებში შეიქმნა პირველი რუსული სახელმწიფო. 

ამ ბუნდოვანების, ფაქტების სიმწირის გამო მრავალი მკვლევარი ქმნის  საკუთარ ჰიპოთეზებსა  და ვერსიებს, უარყოფს „კანონიკურ“ დათარიღებას, რადგან იქ მეტისმეტად ბევრი შეუსაბამობაა - და ცდილობს, ისტორია გადაატრიალოს. რაც უფრო ცოცხალი ტემპერამენტი აქვს ისტორიკოსს, მით უფრო რევოლუციურ ვერსიებს იგონებს.

აკუნინი თქმით, მის მიერ დაწერილი ტექსტი სრულიად არარევოლუციურია. მისი ძირითადი მეთოდია „ოკამის სამართებელი“, როდესაც მსჯელობისას ყველაფერი ზედმეტია  და ნაკლებსანდო,  თითქოსდა სამართებლით ჩამოიკვეთება და რჩება მხოლოდ შემოწმებული ფაქტები, რომელთაც მეცნიერთა უმეტესობა დამაჯერებლად ან, ყოველ შემთხვევაში, ყველაზე უფრო სავარაუდოდ მიიჩნევს. თუკი რაღაც საკითხზე ეჭვი რჩება, ამას  ყოველთვის საგანგებოდ აღნიშნავს.

ძველი რუსეთი იმდენად განსხვავდებოდა მონღოლთა შემდგომი რუსეთისგან, რომ განვლილი ასწლეულების შემდეგ რაღაც გამქრალ, ლეგენდარულ ატლანტიდად წარმოგვესახება. ამიტომ ავტორმა საჭიროდ მიიჩნია, პოლიტიკური ისტორიისთვის დაერთო თავი: „ცხოვრება ძველ რუსეთში“. ისტორიულ მატიანეებში მხოლოდ ექსტრაორდინარული მოვლენებია ასახული. ადამიანი ქრონიკების გადმოცემით რომ შემოიფარგლოს,  შეიძლება შეექმნას შთაბეჭდილება, ძველი რუსეთის ცხოვრება მხოლოდ ომების, ეპიდემიების, მოუსავლიანი წლების, მმართველთა ცვლილებებისა და დიდი ტაძრებისა და ციხე-სიმაგრეების შენებისგან შედგებოდა. ეს თავი გარკვეულად სცილდება ნაშრომის მიზანდასახულობას, სამაგიეროდ, მკითხველს უქმნის წარმოდგენას, თუ როგორ ცხოვრობდნენ ძველი რუსები. 

კიევის  რუსეთის პერიოდის ისტორიოგრაფია უაღრესად მწირია. მათ შორის მთავარი წყარო, - ფაქტობრივად, ფუძემდებლური, - ერთია,  ესაა „გარდასულ წელთა მატიანე“*

*«Повесть временных лет» - დაიწერა კიევში ნახევრად ლეგენდარული მემატიანის, ნესტორის მიერ დაახლოებით 1110 წელს (რედ.შენიშვნ.).

ხელნაწერს თავდაპირველი სახით არ მოუღწევია, არამედ არსებობს გვიანდელი პერიოდის ორი სხვადასხვა ვარიანტი. ფრაგმენტები, რომლებიც ორივე ხელნაწერში ერთმანეთს ემთხვევა, პროტოგრაფად, ანუ პირვანდელ ტექსტად მიიჩნევა, მაგრამ ეს ნაწილებიც, სავარაუდოდ, პოლიტიკური კონიუნქტურის გავლენით იცვლებოდა - ხელნაწერების გადაწერისას. მეცხრე და მეათე საუკუნეების მოვლენები ძალზე მიახლოებით, ზოგჯერ კი აშკარად მცდარადაა აღწერილი, ტექსტში ასევე ჩართულია ლეგენდები და გადმოცემები, რომლებიც, როგორც ჩანს, ფოლკლორიდანაა აღებული. არის დიდი ლაკუნები. მხოლოდ მეთერთმეტე საუკუნიდან ემსგავსება მატიანე ნამდვილ ისტორიულ ქრონიკას . თუმცა მემატიანე აშკარად მიკერძოებულია და ცდილობს, ვლადიმირ მონომახს*

 *ვლადიმირ მონომახი - კიევის რუსეთის დიდი მთავარი 1113–1125 წლებში (რედ.შენიშვნ.).

აამოს (ის, შესაძლოა, იყო კიდეც ინიციატორი, ან, სულაც, დამკვეთი ჩვენამდე მოღწეული რედაქციისა), რაც ტექსტის მიმართ ერთგვარ სკეპტიკურ დამოკიდებულებას აძლიერებს. ალტერნატიული ქრონიკები, მათ შორის, რეგიონული (ნოვგოროდული, გალიც-ვოლინური) მხოლოდ აღნიშნული პერიოდის ბოლოს ჩნდება და სურათს ვერ ავსებს. 

რაც შეეხება პოლიტიკური ისტორიის სხვა წყაროებს... არსებობს მეთერთმეტე საუკუნის კანონთა კრებული, „რუსული სამართალი“, რომელიც ასევე გვიანდელი ხელნაწერის სახითაა შემორჩნილი და, რაც მთავარია, იქ ისტორიული მოვლენები  გადმოცემული არაა. 

ზოგიერთი ცნობა გვხვდება უცხოურ ქრონიკებში, ბიზანტიურსა და დასავლეთევროპულში, მაგრამ ისინი ხშირად დამახინჯებულია,  ანდა აშკარად მიკერძოებული, თანაც მეტად ფრაგმენტულია და სრულყოფილ წყაროებად ასევე არ გამოდგება. 

არსებობს მოგზაურთა ჩანაწერები, რომელეთაც რუსეთი მოინახულეს. ცალკეულ შემთხვევაში, ამა თუ იმ ფაქტის დაზუსტებაში,  ისინი მკვლევარს შეიძლება დაეხმაროს, მაგრამ უცხოელები ცუდად ერკვეოდნენ რუსულ რეალიებში, ამახინჯებდნენ სახელებს და ზოგჯერ აშკარა ტყუილებსაც კი წერდნენ. 

არქეოლოგიური არტეფაქტები ზოგ  შემთხვევაში პოლიტიკური ისტორიისთვის საინტერესო ცნობებს იძლევა, თუმცა, უმეტესად, ისინი ახალ კითხვებს წარმოშობს, პასუხებს კი არ გვთავაზობს. 

აკუნინი ხაზგასმით იმეორებს, რომ  წყაროების ასეთი სიმწირის პირობებში ძველი რუსეთის „ოფიციალური ისტორია“ სხვა არაფერია, თუ არა კონსენსუსზე დამყარებული რეკონსტრუქცია - ანუ მკვლევართა უმეტესობის მიერ გაზიარებული ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში. ბევრ საკითხზე კი კონსენსუსიც არ მოიპოვება. 

არსებობდა თუ არა სინამდვილეში რიურიკი? მოიწვიეს თუ არა სლავებმა ვარიაგები? საერთოდაც, ვინ არიან „ვარიაგ-რუსები“? («варяги-русь»)? მიაჭედა თუ არა მთავარმა ოლეგმა თავისი ფარი ცარგრადის (ანუ კონსტანტინოპოლის) კარიბჭეზე? ამ და მრავალ სხვა კითხვაზე  ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს - მხოლოდ ვარაუდებია.  

ამავდროულად, საკითხები სხვადასხვა მნიშვნელობისაა - ზოგი პირველხარისხოვანია, ზოგი მეორეხარისხოვანი და ზოგიც - მესამეხარისხოვანი.

აკუნინი აცხადებს, რომ  ყველა კითხვაზე პასუხის მოძიებას არ აპირებს - მხოლოდ პირველხარისხოვნებზე ეცდება. მისი აზრით, ეს კითხვებია:

1. როგორ, როდის და, რაც მთავარია, რატომ შეიქმნა რუსეთის პირველი სახელმწიფო?

2. რა ფაქტორებმა და მოვლენებმა განსაზღვრეს ამ სახელმწიფოს ბუნება და ფორმა? 

3. შეიძლება თუ არა, რუსეთის პირველი სახელმწიფო მივიჩნიოთ ამჟამინდელი რუსეთის უშუალო წინაპრად?

ცხრატომეულის პირველი ტომი წარმოადგენს მცდელობას, ამ კითხვებიდან პირველს უპასუხოს, და ასევე, იწყებს პასუხის გაცემას მეორე კითხვაზე, რისთვისაც უფრო ფართო პერსპექტივაა საჭირო.

მესამე საკითხი სადისკუსიოა, - წერს აკუნინი. არსებობს კარგად არგუმენტირებული მოსაზრება, რომ რუსეთის სახელმწიფოს ისტორიის საწყისი მონღოლთა შემდგომი პერიოდიდანაა საძიებელი - როდესაც ქვეყნის პოლიტიკურ ცენტრად მოსკოვი იქცა. თუმცა ამ შეხედულებას თავად არ იზიარებს. ეთანმხება იმ ისტორიკოსებს (მისი თქმით, ისინი უმრავლესობას შეადგენენ), რომელთაც  მიაჩნიათ, რომ მიუხედავად ყველა ზიგზაგისა და მეტამორფოზისა, რომლის ძალითაც რუსეთი („Русь-Россия“) ხან ევროპული, ხანაც კი აზიური სამყროს ნაწილი იყო, შემდეგ კი საკუთარი ევროაზიული იმპერიის მშენებლობა დაიწყო. რუსეთის სახელმწიფო, როგორც პოლიტიკური ფენომენი, IX საუკუნიდან არსებობს. 

მრავალტომეული ნაშრომის პირველ ტომს ავტორმა უწოდა „ევროპის ნაწილი“, რადგან იმ პეროიდში რუსეთი, კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით, მთლიანად ევროპულ სამყაროს ეკუთვნოდა. მეორე ტომს დაარქვა „აზიის ნაწილი“. 

პირველი ტომის დასკვნა*

*ამ და ყველა დანარჩენი ტომის დასკვნა დედნისეული ტექსტის თარგმანია ქართულ ენაზე შემოკლების გარეშე (რედ.შენიშვნ.).

დასკვნის მაგიერ. შეეძლო რუსეთს, ევროპად დარჩენილიყო?

ალტერნატიული ისტორია –  სრულიად არამეცნიერული ჟანრია, თუმცა, იმავდროულად, უაზრობა სულაც არ გახლავს(თ). ეს ანალიტიკური მეთოდი საშუალებას იძლევა, გავაბათილოთ ზოგიერთი გამყარებული ცთომილება და ისტორიული მოვლენების მნიშვნელობა მართებულად შევაფასოთ. 

ხშირად სვამენ კითხვას: როგორი იქნებოდა რუსეთის სახელმწიფოს ბედი, თუკი გაუძლებდა ჩინგიზიდების დარტყმას, როგორც მანამდე მოახერხა და პაჭანიკების შემოტევას გაუძლო? რა იქნებოდა, შემოსევის დროს დიდი მთავრის ტახტზე მონომახის მსგავსი  გამორჩეული ლიდერი რომ აღმოჩენილიყო, რომელიც მოახერხებდა წინაღმდეგობის გასაწევად ქვეყნის გაერთიანებას?

ანდა, დავუშვათ, შეტაკება საერთოდაც რომ არ მომხდარიყო,  ურდო დასავლეთისკენ კი არა, არამედ სამხრეთისკენ წასულიყო, რუსეთს დრო მიეცემოდა, დაქსაქსულობა რომ დაეძლია და ძალები მოეკრიბა.

როგორი იქნებოდა ჩვენი სახელმწიფო, თუკი ქვეყანა, რომელიც მოგვიანებით რუსეთი გახდა, XIII საუკუნის შუა წლებში აზიური იმპერიის ნაწილი რომ არ აღმოჩენილიყო, და შეენარჩუნებინა თავისი პირვანდელი, ევროპული ბუნება?

აქ, კაცმა რომ თქვას, ორი კითხვა ჩნდება.

პირველი: პრინციპულად რამდენად იქნებოდა შესაძლებელი მოვლენების ასეთი განვითარება?

მეორე: რამდენად დიდი განსხვავება იქნებოდა ჰიპოთეზურ „ევროპულ“ რუსეთსა და რეალურ „ევროაზიურ“ რუსეთს შორის?

პირველ კითხვაზე, ალბათ, უარყოფითი პასუხის გაცემა მოგვიწევს.

ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, მისი ბუნებრივი, შინაგანი ევოლუცია და გეოპოლიტიკური სიტუაცია რუსეთს უცილობლად უქადდა, რომ, ადრე თუ გვიან, ესა თუ ის  აზიური სახელმწიფო  დაიპყრობდა.

მონღოლების შემოსევის მომენტისთვის ცენტრიდანული ტენდენციები ოდნავ თუ შეიმჩნეოდა. XIV საუკუნეში, დაქსაქსულობის მაქსიმალურ წერტილში, რუსეთი კიდევ უფრო იოლი ნადავლი გახდებოდა – იმ დროისთვის ქვეყანა დაიშალა ორას  ორმოცდაათ პატარა ფეოდალურ სამთავროდ, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად ექიშპებოდნენ.

მაგრამ აზიურ ტალღას რუსეთისთვის მისი ერთობის პერიოდში რომც დაერტყა, საეჭვოა, რიურიკოვიჩების სახელმწიფო გადარჩენილიყო. წინა შეტევამ აღმოსავლეთიდან, – (პაჭანიკებისა 1060 წელს), – კინაღამ დაამხო ცენტრალიზებული კიევის სახელმწიფო, არადა, ის ურდო სულაც არ იყო მრავალრიცხოვანი და ორგანიზებულობითაც არ გამოირჩეოდა.    

საფიქრებელია, რომ ხისტად კონსტრუირებული სამხედრო იმპერია (რაც არც პაჭანიკებს და არც ყივჩაღებს არ გააჩნდათ) დათრგუნავდა და გასრესდა ქვეყანას, რომელსაც მიწათმოქმედთა მცირერიცხოვანი მოსახლეობა ჰყავდა. 

ჩინგიზიდების ლაშქარს, ცხადია, შეეძლო, ვოლგისპირეთის სტეპებიდან სამხრეთისკენ გადაეხვია არაბეთის ქვეყნებისა და ბოსფორის მიმართულებით, მაგრამ ეს მოძრაობა აღმოსავლეთიდან  დასავლეთისკენ უკანასკნელი  ხომ არ ყოფილა. შემდეგ გამოჩნდნენ თურქ-ოსმალები, თემურლენგი* - მოხდა თურქი ხალხების გრანდიოზული შემოსევა. 

*ამ წინადადებაში, ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს თემურ-ლენგი თურქ-ოსმალებთან ერთად იწყებს შემოსევებს. რეალურად, თემურ-ლენგი, სხვა ხალხების მსგავსად, თურქ-ოსმალებსაც უპირისპირდებოდა. 1402 წელს ანგორის ბრძოლაში დაამარცხა და ტყვედ ჩაიგდო კიდეც თურქ-ოსმალების სულთანი ბაიაზიდ I.  თემურ-ლენგი, როგორც ცნობილია, იყო მონღოლური ეთნიკური ჯგუფის – ბარლასების – წარმომადგენელი. ბარლასების ნაწილმა, რომელიც მომთაბარეობდა ცენტრალურ აზიაში, განიცადა თურქიზაცია, გათურქდა და მიიღო ისლამი. თემურ ლენგის ჯარს, ძირითადად, ისინი შეადგენდნენ (რედ.შენიშვნ.).

ისტორიის იმ პერიოდში მოთუხთუხე აზიური ქვაბი მწველი ორთქლის ახალ-ახალ ბოლქვებს წამდაუწუმ აფრქვევდა. ერთი თუ არა, მეორე ხომ აუცილებლად დაფუფქავდა რუსეთს, ევროპული ცივილიზაციის საზღვრისპირა ოლქს.  ბიზანტიის იმპერიაც კი, გაცილებით ძლიერი და განვითარებული, ბოლოს და ბოლოს,  აღმოსავლეთის ზეწოლით დაეცა. იგივე ბედი ეწია ყველა ბალკანურ სამეფოს. აზიის შეტევა ევროპაზე XVI საუკუნემდე გაგრძელდა და მხოლოდ ვენის კედლებთან შეჩერდა. 

უფრო რთულია მეორე კითხვაზე პასუხის გაცემა: რამდენად განსხვავებული იქნებოდა რუსული სამყაროს ბედი, თუკი ის რაღაც სასწაულით მოახერხებდა და შეინარჩუნებდა თავის „ევროპულობას“.

სახელმწიფოს განვითარების ეტაპების ზოგად თანმიმდევრობაზე ეს, სავარაუდოდ, გავლენას არ მოახდენდა. ადრეფეოდალური სახელმწიფოს დაშლა მანამდე გაგრძელდებოდა, სანამ შიდა ეკონომიკური კავშირების განმტკიცება არ მოითხოვდა ახალ გაერთიანებას უფრო მაღალ დონეზე. ეს ცენტრალიზაცია, საფიქრებელია, დაახლოებით იმავე პერიოდში მოხდებოდა – მე-15 საუკუნეში, როდესაც დაქუცმაცებულობა დაძლია საფრანგეთმა, ინგლისმა, ესპანეთმა და პირველი დიდი ევროპული ერები ჩამოაყალიბეს. 

ასეთივე აუცილებლობა იქნებოდა რუსეთის გადაქცევა იმპერიად, რომელიც აღმოსავლეთისკენ წავიდოდა. ეს ვექტორი მმართველთა ახირება კი არ იყო, არამედ საყოველთაო კანონის გამოვლინება, რომლის თანახმადაც გაძლიერების გზაზე შემდგარი ყოველი სახელმწიფო ტერიტორიების გაფართოებას ესწრაფვის. რუსეთს არ ჰქონდა საჭიროება, ახალი მიწები ოკეანის გაღმა ეძებნა. იქვე, ახლოს, ათასობით კილომეტრზე გადაჭიმულიყო ურალის, ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის მდიდარი და მცირედ დასახლებული ოლქები. აზიის „გაფართოების“ ეპოქაში რუსეთის შუალედური გეოგრაფიული მდებარეობა ნეგატიური ფაქტორი იყო, ხოლო ევროპის „გაფართოების“ ეპოქაში ის უპირატესობად იქცა. სავარაუდოდ, ჰიპოთეზური „ევროპული“ რუსეთი რუკაზე დაახლოებით იმავე სივრცეს დაიკავებდა, რაც რეალურ რუსეთს უკავია.

გამოდის, რომ რუსეთის ისტორიის საერთო ალგორითმი და მისი პერიოდიზაციაც კი, უმეტესად, ისეთივე, ან თითქმის ისეთივე იქნებოდა. 

ასევე არ შეიცვლებოდა სახელმწიფო იდეოლოგიის პრინციპები, რომლის პარადიგმა მე-13 საუკუნისთვის უკვე ჩამოყალიბდა კონსტანტინოპოლის თარგზე.  

წარმოშობისთანავე რუსეთმა ბიზანტიის იმპერიასთან მეტოქეობა დაიწყო – იქამდეც კი, რომ კიევის მთავარმა არქიტექტურულმა ნაგებობებმა (წმინდა სოფიას ტაძარი, ოქროს კარიბჭე და სხვ.) სახელები ცარგრადში (კონსტანტინოპოლში) არსებულის ანალოგიით მიიღეს. 

რუსეთის სახელმწიფოს, ნებისმიერი წარმატებული განვითარების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში, უნდა დაეწყო ბრძოლა სრუტეების მფლობელ იმპერიასთან (სულერთია, ბერძნულსა თუ თურქულთან), რათა მოეპოვებინა გასასვლელი ხმელთაშუა ზღვაზე – ანუ გაჩნდებოდა ის სიტუაცია, რომელიც ახალი დროის რუსული პოლიტიკის კურსს განსაზღვრავდა. 

ასეთივე უცილობლობით წარმოიშვებოდა მეტოქეობა დასავლეთ მეზობლებთან –პოლონეთსა და შვედეთთან. იმის გათვალისწინებით, რომ რესურსები შეუდარებლად განსხვავებული იყო, სავარაუდოდ, დაპირისპირება იმავე შედეგით დასრულდებოდა. 

საერთო ჯამში, შეიძლება დავუშვათ, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ბიოგრაფია მონღოლათა შემოსევის გარეშეც კი დაახლოებით ისეთივე იქნებოდა. 

ყველა არსებითი განსხვავება სახელმწიფოს შინაგანი მოწყობის, ნაციონალური მენტალიტეტისა და საბაზისო კულტურულ-სოციალური განწყობების სფეროს კუთვნილება გახდებდა.

„აზიაში ცხოვრების“ ორ-ნახევარმა საუკუნემ – არადა, სწორედ ამ პერიოდში მოხდა  მოსკოვის სახელმწიფოს ფორმირება – ჩამოაყალიბა მისი ფუნდამენტი, რომელიც უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იცვლება მისი ზედნაშენი: მონონაციონალური დიდი სამთავროდან მრავალნაციონალურ სახელმწიფომდე, შემდეგ - სამხედრო იმპერიამდე, შემდეგ - სოციალისტურ დიქტატურამდე, შემდეგ კი - კაპიტალისტურ რესპუბლიკამდე. 

თავდაპირველი რუსეთი, რომლის ისტორია შემოსევასთან ერთად წყდება – რუსეთის სახელმწიფოს ორი მშობლიდან ერთია. მისი მეორე მშობელი ურდო იყო. წინამდებარე ტომი რუსეთის მხოლოდ ევროპულ ფესვებს ეძღვნება, აზიის გენეტიკურ მემეკვიდრეობაზე საუბარი წინაა.

მოკლედ და მარტივად თუ ვიტყვით, მთავარი განსხვავება ევროპული ცივილიზაციის არქეტიპულ მოდელსა და აზიურ (უფრო ზუსტად, ჩინურ) მოდელს შორის, საზოგადოებრივისა და პიროვნულის უპირატესობის პრობლემამდე შეიძლება დავიყვანოთ.

ევროპაში ანტიკური დროიდან – გამომდინარე ბუნებრივი პირობებიდან, ისტორიული განვითარების თავისებურებებიდან, განსახლების სიმჭიდროვიდან, მეურნეობის სპეციფიკიდან და ა.შ. – ჩამოყალიბდა მტკიცე წარმოდგენა იმის შესახებ, რომ ინდივიდის ინტერესები უმაღლეს ფასეულობას წარმოადგენს; ისინი სოციუმის ინტერესებზე უფრო მნიშვნელოვანია. აღმოსავლეთ აზიაში ადამიანებს იმისთვის, რომ გადარჩენილიყვნენ, უხდებოდათ თემებში გაერთიანება და უპირველეს მიზანს კოლექტივის გადარჩენა წარმოადგენდა. ამისთვის შეიძლებოდა და საჭიროც იყო, გაეწირათ საზოგადოების ცალკეული წევრების ინტერესები, უფრო მეტიც, მათი სიცოცხლეც კი.

ისტორიულ განვითარებასთან ერთად ეს ორი თავდაპირველი პრინციპი ორ განსხვავებულ პოლიტიკურ სისტემად ჩამოყალიბდა. „ევროპული“ - აქცენტს პიროვნების უფლებებსა და თავისუფლებებზე აკეთებდა (და აკეთებს); „აზიური“ კი – საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების პრიორიტეტებზე. 

თანასწორობა, სამართლებრივი სახელმწიფო ყველასთვის ერთიანი კანონით – „ევროპული“ იდეაა. „აზიური“ მოდელისთვის  მნიშვნელოვანია იერარქიის სიმტკიცე, სადაც უფრო მაღალი მდგომარეობა ასევე პიროვნული უფლებების უფრო დიდ არჩევანს ნიშნავს. პირველი მოდელის უპირატესობა ცხადია. მეორეს უპირატესობა კი – ისტრიული ქარტეხილების დროს უფრო დიდ გამძლეობასა და მდგრადობაშია.

რუსეთისთვის მთავარ აზიურ „მემკვიდრეობად“ იქცა სახელმწიფოს ძალაუფლების საკრალიზაცია, როგორც სტაბილურობის გარანტისა, და, აქედან გამომდინარე, პიროვნული უფლებების შეზღუდვა. სახელმწიფო კი არ ემსახურება თავის მაცხოვრებლებს (მოსახლეობას), არამედ მაცხოვრებლები (მოსახლეობა) –   სახელმწიფოს. ესაა პრინციპი, რომლის მიხედვითაც იყო მოწყობილი რუსეთის შინაგანი ცხოვრება ნებისმიერ პერიოდში (მათ შორის, მაშინაც კი, როდესაც ამას ოფიციალურად უარყოფდნენ).

რუსული „ევროაზიური“ სახელმწიფოს ფორმირებისას მთელი მოსახლეობა განიხილებოდა, როგორც მონარქის საკუთრება. თავადაზნაურობაც კი, ევროპულისგან განსხვავებით, მონების მდგომარეობაში იყო, რადგან მამულები მამიდან შვილზე კი არ გადადიოდა, არამედ ეძლეოდათ „კორმლენიეში“, ანუ დროებით სარგებლობაში გადაეცემოდათ ხელმწიფის ნებით.

პირადი დამოკიდებულების ასეთივე პრინციპი ვრცელდებოდა მემამულისა და მიწათმოქმედის ურთიერთობებეზე. იმ პერიოდში, როდესაც ევროპის გლეხობა თანდათანობით გათავისუფლდა ფეოდალური დამოკიდებულებისგან, მოსკოვის სამეფოში საბოლოოდ დამკვიდრდა ბატონყმობა.

გლეხური ცხოვრების სტრუქტურულ ერთეულში, თემში, იგივე „აზიური“ ცივილიზაციური პრინციპი მოქმედებდა – კოლექტივს შეეძლო, თავისი ნება თავს მოეხვია მასში შემავალი ყოველი ოჯახისა თუ ადამიანისთვის. 

ასევე შეიცვალა ოჯახის შიდა ურთიერთობები ძველრუსულთან შედარებით: ქალის მდგომარეობა სულ უფრო უუფლებო ხდებოდა, სლავურ-ვარიაგულ ტრადიციებს (მეტად და მეტად ) შორდებოდა. 

რუსეთი, ორმაგი ევროპულ-აზიური კონსტრუქციის გამო, მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდა. ქვეყანა ხან სასწრაფოდ იწყებდა „ევროპეიზაციას“, ხანაც უკან - აზიაში იხევდა, ლიბერალიზაციის პერიოდები „ჭანჭიკების მოჭერით“ (ანუ გამკაცრებით) იცვლებოდა, „გამყინვარება“ – „დათბობით“, რეფორმები – კონტრრეფორმებით. 

მაგრამ შეცდომა იქნებოდა, „აზიურ“ შემადგენელს ისე ვუყუროთ, როგორც ძნელად მოსარჩენ ავადმყოფობას, ანდა რუსეთის სამშობიარო ტრავმას. ისტორიულ პერსპექტივაში ეს ჩვენი გენეტიკური თავისებურება მხოლოდ პრობლემებს კი არ გვიქმნიდა, არამედ ბონუსებსაც გვჩუქნიდა.

 ჯერ ერთი, „აზიური“ კომპონენტის გარეშე რუსეთი არ იქნებოდა კულტურულად და სულიერად ესოდენ „მრავალფეროვანი“ ქვეყანა, როგორიც დღესაა.

მეორეც, „სახელმწიფოს“ პრიმატი და მასობრივი ცნობიერების „თემური“ მოწყობა რუსეთს არაერთხელ დახმარებია, უმძიმესი ქარტეხილები გადაეტანა, რომელთაც ნამდვილი ევროპული სახელმწიფო ვერ გაუძლებდა (და, მართლაც, ვერ უძლებდნენ). ასე იყო  დიდი არეულობის დროს და ჩრდილოეთის მძიმე ომის პერიოდში. ასე იყო მოგვიანებითაც, როდესაც ლოგიკისა და მათემატიკის საწინააღმდეგოდ, რუსეთი ორ უმძლავრეს სამხედრო იმპერიაზე ძლიერი აღმოჩნდა – ჯერ ნაპოლეონისა, შემდეგ კი, ჰიტლერის. სიცოცხლისუნარიანობა, განსაცდელის ჟამს გაერთიანების უნარი, სიმტკიცის უზარმაზარი რესურსი, თავდადება, ცნობილი „ჩვენ ფასს არ დაგიდევთ“ («мы за ценой не постоим») – ეს ყველაფერი ევროპული კი არა, აზიურია. 

ალექსანდრ ბლოკი წერდა მორიგი სამხედრო კატასტროფის წინ:

„Мы широко по дебрям и лесам Перед Европою пригожей Расступимся! Мы обернемся к вам Своею азиатской рожей!“

(„მოხდენილი ევროპის წინაშე ფართოდ გავიშლებით ტყე-ღრეში! ჩვენი აზიური სიფათით თქვენკენ შემოვბრუნდებით!“ - ბწკარედული თარგმანი).

სად ვიქნებოდით ამ ჩვენი „აზიური სიფათის“, ამ აღმოსავლური გამძლეობის გარეშე?

და, საერთოდ, ვიქნებოდით კი? 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
^