Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

18 თებერვალი, 2022 14:16

რუსუდან გორგილაძე
„დიქტატურის გემო“
გამომცემლობა: „სეზან ფაბლიშინგი“
თბილისი, 2022

ხშირად მომისმენია ჩივილი იმის გამო, რომ საბჭოთა ეპოქა სათანადოდ ათვისებული არ არის, ანუ ჯერჯერობით არ მომხდარა ამ ეპოქის შესაბამისი რეფლექსია ლიტერატურაში, საერთოდ, ხელოვნებასა თუ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. 

ეს კი არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ვერ დავაღწიეთ თავი საბჭოურ სინამდვილეს - ცხოვრებისა თუ აზროვნების საბჭოურ წესს, რომელთანაც ძირეული დაპირისპირებაა საჭირო და არა - რომელიმე ჰუმანიტარული საერთაშორისო ორგანიზაციის გრანტით დაფინანსებული, პრინციპულად უღონო და არაფრისმაქნისი მცდელობები. 

„ძირეული დაპირისპირება“ გულისხმობს ყველა იმ სეგმენტის საფუძვლიან გაანალიზებას, რაც ქმნიდა და განსაზღვრავდა საბჭოთა სინამდვილეს, რაც წარმოადგენდა ამ სინამდვილის არსს და შედეგად გვაძლევდა სისტემას, რომელიც იმდენად გამძლე აღმოჩნდა, რომ დღემდე ხელს გვიშლის და დაბრკოლებად გვეღობება პრინციპულად ახალი სინამდვილის ჩამოყალიბებაში.

საბჭოურ პარადიგმაში ჩარჩენის მიზეზები კომპლექსურია, მაგრამ ერთი უმთავრესი მიზეზი ისიც არის, რომ ჩვენ აქამდე თითქმის არ გვიკვლევია ე. წ. ტიპური საბჭოთა გამოვლინებები სინქრონულ და დიაქრონულ კონტექსტში, ანუ, ერთი მხრივ ისტორიულ და, მეორე მხრივ, პარალელურ მსოფლიო ანალოგიებთან მათი მიმართების თვალსაზრისით, რათა ამის მეშვეობით ის მაინც დაგვედგინა, რამდენად ტიპური თუ უნივერსალური იყო ეს გამოვლინებები. 

ამ საქმეს, საისტორიო მეცნიერებებთან ერთად, ყველაზე კარგად ართმევს თავს დოკუმენტური პროზა, რომლის ღრმა ორიგინალური ნიმუშებით განებივრებულნი არა ვართ და თითოეული კარგი წიგნი, რაც კი ამ სფეროში შექმნილა თუ იქმნება, ნამდვილ შენაძენად უნდა ჩაითვალოს. 

სწორედ ასეთი შენაძენი მგონია ბოლო ხანს „სეზან ფაბლიშინგის“ მიერ გამოცემული რუსუდან გორგილაძის არაჩვეულებრივი წიგნი „დიქტატურის გემო“, რომელიც, სანამ უშუალოდ ტექსტის განხილვაზე გადავალთ, მანამდე უნდა ითქვას, რომ საგამომცემლო საქმის ნამდვილი შედევრია, თავისი დიზაინით, ბეჭდვის ხარისხითა თუ საერთოდ, გამოცემის უაღრსად მაღალი დონით; ისე, რომ მკითხველი წიგნის ხელში აღებისას უკვე გრძნობს, რა განსხვავებაა თუნდაც მოუწყობელ, მაგრამ არსებითად თავისუფალ გარემოში მიღწეულ შედეგსა და არათავისუფალ, თუნდაც გარეგნულად აწყობილ და მოწესრიგებულ ქვეყანაში შექმნილ პროდუქტს შორის. გამოცემაში დომინანტური წითელი და შავი ფერები კი დიქტატურის ორ ძირითად მახასიათებელზე, სისხლსა და სიბნელეზე მიგვითითებს და ამით ქვეცნობიერად უკვე ვემზადებით შინაარსისათვის, რომელიც ჩემთვის ძალიან მოულოდნელად, მეტად სახალისო და მოუწყენრად საკითხავი აღმოჩნდა. 

წიგნის ავტორი  უაღრსად სერიოზული მკვლევარია, რომელიც უამრავ წყაროს, დოკუმენტს, საარქივო მასალას იყენებს, მაგრამ ეს მასალები იმდენად მწყობრად არის გაანალიზებული, ისეთი შინაგანი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებია მათ შორის დანახული, რომ ეს ამხელა და ასეთი სიღრმისეული გამოკვლევა დეტექტივივით დიდი გატაცებით იკითხება. 

ამას ხელს უწყობს უკვე რუსუდან გორგილაძის, როგორც ბელეტრისტის, შესაშური ნიჭიერება და მისი, ახლა უკვე ძალიან გაიშვიათებული თვისება - თუ არ უყვარს, ყოველმხრივ მაინც აინტერესებდეს თავისი პეროსანაჟები და ის ადამიანები, რომელთა პიროვნული და ცხოვრებისეული დეტალების განხილვა უხდება. 

სათაური - „დიქტატურის გემო“ - მე თან რუსუდან გორგილაძის სხვა, ასევე ძალიან კარგი წიგნის, „კერძთაყვანისცემის“ სათაურსაც მახსენებს და თან იმაზეც ჩამაფიქრებს, რომ ამქვეყნად ყველაფერს, თუნდაც ყველაზე აბსტრაქტულ მოვლენასაც, თავისი სურნელი აქვს, თავისი გემო, რომელიც შეიძლება კონკრეტულ ნივთებში არასოდეს გამოვლინდეს, მაგრამ ამ მოვლენის გახსენება მის უაღრესად სპეციფიკურ, დაუვიწყარ, სხვა მოვლენებებში აღურეველ სუნსა და გემოს მყისიერად წამოშლის შენს ფიქრსა და გონებაში. 

და, აი,  რუსუდან გორგილაძე ცდილობს ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეს, შეიტყოს და მერე ჩვენც გაგვაგებინოს, რისგან შედგება რეალურად საბჭოთა კავშირისა თუ საერთოდ დიქტატურის გემო, რა აერთიანებს იმ ადამიანებს ვინც ხალხის ნათელი მომავლის დევიზით და უაღრესად კეთილშობილური იდეების დეკლარირებით, უმძიმეს დანაშაულებს სჩადის, ეს კეთილშობილური იდეები პარანოიამდე დაჰყავს და მერე ამ პარანოიას სწორედ უამრავი ადამიანი ეწირება.

წიგნის პირველი თავიდანვე ჩანს, რომ რუსუდან გორგილაძე ასევე საინტერესო სოციოლოგია, რომელსაც ამ ჭრილში დიქტატურის მრუდი აინტერესებს: საიდან საით მიდის - ზემოდან (მმართველობიდან) ქვემოთ (მასებისკენ) თუ ქვემოდან ( მასებიდან და მასის მოთხოვნილებებებიდან) ზემოთ (მმართველისა და მმართველობის გაფეტიშებამდე  და ექსკლუზიური უფლებებით მათ აღჭურვამდე). 

არსებითად ამ მრუდის სწორად დადგენა დიქტატურის არსის წვდომასაც განაპირობებს და შემთხვევითი არ არის, რომ „დიქტატურის გემო“ ველურ ტომებში ძალაუფლების გაგებისა და გადანაწილების გააზრებიდან იწყება. ძალაუფლება კი იმის ხელშია, ვინც საკვების ძირითადი მფლობელი და გამნაწილებელია. ამიტომაც დაუსათაურებია ავტორს წიგნის პირველი თავი ასე: „დააპურე და მართე!“ 

სხვათა შორის, ალბათ, მე როგორც ყურანის მთარგმნელსა და აღმოსავლეთმცოდნეს,  არც თუ შემთხვევით გამახსენდა ამ სათაურზე ყურანის სიტყვები: „ღმერთო შენია ძალი და დიდება, რამეთუ შენ ხარ საუკეთესო დამპურებელი!“

დამპურებლის, მარჩენალის განღმრთობა ადამიანის რელიგიური პირველადი იმპულსის ერთ-ერთი შედეგია და ეს იმპულსი უნივერსალურია ყველა დროსა და საზოგადოებაში, ყველა სარწმუნოებრივი თემის რელიგიურ მსოფლგანცდაში. 

ამიტომაც, აქ გეოგრაფიული  და თუნდაც ისტორიული საზღვრები და მიჯნები პირობითი ანტურაჟია, შინაარსი კი ყველგან უცვლელია: 

- რა განაპირობებს ადამიანის, ზოგჯერ სრულიად ჩვეულებრივი კაცის, ღვთაებრივი თვისებებით აღჭურვას და მისთვის საზოგადოების მართვის სადავეთა უაპელაციო გადაცემას? 

- რა თქმა უნდა, სიცოცხლის მოთხოვნილება, შიმშილის შიში და საკვების, როგორც სასიცოცხლო ენერგიის, დიდი მნიშვნელობა. 

აი, სწორედ ამ მომენტზე თავიდანვე სწორად აქვს ავტორს ხელი მოჭიდებული და, რაკიღა პირველივე ასპექტი, ფუნდამენტი სწორია, მერე ზუსტად ასევე მიდის მსჯელობის / თხრობის მთლიანი კონსტრუქცია, რომელიც დიქტატურის, როგორც მოვლენის შინაარსის, დეკონსტრუქციის საფუძველზე არის აგებული.

დეკონსტრუქციის ეპიცენტრში მოქცეულია საბჭოთა კავშირი, როგორც ჩვენი ქვეყნის ალბათ ყველაზე ბოლო და მტკივნეული გამოცდილება სისტემური და ხანგრძლივი დიქტატურისა, თორემ ისე, რუსუდან გორგილაძის „დიქტატურის გემო“ ეს არის დიქტატურის ისტორია და დღევანდელობა ევროპულ ქვეყნებში. 

ერთადერთი, რაკიღა წეღან ყურანის ციტატა მოვიშველიე, მე, პირადად, როგორც აღმოსავლეთმცოდნეს, დამაკლდა აღმოსავლეთის ქვეყნების დიქტატურათა ანალიზი და მათი შედარება ანალოგიურ ევროპულ გამოცდილებასთან. 

აქვე ძალიან საინტერესო იქნებოდა დიქტატურისა და რელიგიის კავშირის, რელიგიის წიაღიდან ამოზრდილ დიქტატურათა სტრუქტურული და იდეური ანალიზიც.

თუმცა ეს მხოლოდ მკითხველის კეთილის სურვილებია და არა ამ წიგნის, როგორც დასრულებული მთლიანობის, რაიმე ფორმით გაკრიტიკება, ანდა უაპელაციო კორექტივების შეტანა ავტორის ჩანაფიქრში. 

მთავარი მიზანი, რაც რუსუდან გორგილაძეს წიგნის წერისას ჰქონდა დასახული, შთამბეჭდავად არის მიღწეული. 

როგორც ავტორი წიგნის ბოლოთქმაში აღნიშნავს:

„არ შეიძლება დიქტატურის გაუბრალოება და შეუფასებლად დატოვება, რადგან დიქტატურა, როგორც ასეთი, არ არის მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ დროსა და სივრცეზე მიჯაჭვული ფენომენი. ის შეიძლება ნებისმიერ საუკუნესა და ნებისმიერ ქვეყანაში წარმოიშვას.“

მთელი ნაშრომი ამ სიტყვების თვალსაჩინო მანიფესტაციაა, იმ უამრავ ამბავსა თუ მოთხრობაში, მრავალ ნარატიულ პასაჟში რომელიც ავტორს ხან გერმანული, ხან იტალიური, ხან საბჭოთა დიქტატურული რეჟიმების ისტორიიდან მოჰყავს, გამჭოლად გასდევს დღევანდელობასთან, დღევანდელ ქართულ საზოგადოებასთან თვალსაჩინო კავშირი. განსაკუთრებით ეს ითქმის მართვისა და საზოგადოებრივი აზრით მაინიპულაციის მეთოდების შემთხვევაში. რეალურად, ეს არის წიგნი-გაფრთხილება, რომ დიქტატურა გარდასულის აჩრდილი კი არ არის, ის ჩვენს გვერდით ცოცხლობს და თუ მოქაალაქეობრივი ყურადღება მოადუნე, მაშინვე შეიძლება საზარელ ურჩხულად მოგვევლინოს, ოღონდ დღევანდელობის აღქმათა და ფორმათა შესაბამისად სახეცვლილი, სრულიად თანამედროვე სამოსელში გამოწყობილი და გაწკეპილი.  

ამიტომაც წიგნში, რომელიც დასრულებული მონოგრაფიაა, უამრავი მასალაა თავმოყრილი. გამოყენებულ წყაროებსა და ბიბლიოგრაფიაზე ზერელე თვალის გადავლებაც კი დაგვარწმუნებს, რამხელა შრომა გაუწევია რუსუდან გორგილაძეს, როგორც მკვლევარს, მანამ,  სანამ ამ წიგნის დასაწერად დაჯდებოდა, როგორც შეუდარებელი ბელეტრისტი.

აქ ეს ორი კომპონენტი - ა) სამეცნიერო კვლევის მრავალფეროვნება და სიღრმე და ბ) ამ კვლევის შესაბამისი ენით გადმოცემა - დიდი გემოვნებით, ენის პლასტების სრული ფლობით ეხამება ერთურთს და ამის გამო, წიგნი, რომელიც უამრავ ღირებულ ინფორმაციას შეიცავს, ამ ინფორმაციიის გამო კი არ მძიმდება და იტვირთება, არამედ საინტერესო საკითხავი ხდება ყველა დონისა და განწყობის მკითხველისთვის. 

ერთი მხრივ, ეს არის მართლაც დასრულებული მონოგრაფია (მთელი თავისი მეცნიერული აპარატით) და მეორეს მხრივ, წარმოგვიდგება დოკუმენტური პროზის შესანიშნავ ნიმუშად, ლამის დეტექტივის სიმძაფრით რომ გაგიტაცებს და მანამდე არ გაგაშვებინებს ხელს, სანამ ბოლო სტრიქონს არ ჩაამთავრებ. 

ასეთი სიამოვნება მე, როგორც მკითხველს, იშვიათად, მხოლოდ იშვიათ ოსტატთა წიგნებიდან მიმიღია და რა სასიხარულოა, რომ მათ რიცხვს დღეიდან რუსუდან გორგილაძის  ჟანრის ეს  შედევრიც შეემატა.               

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^