Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

13 თებერვალი, 2023 19:10

სტატიების ეს კრებული, რომელიც მალე წიგნადაც გამოიცემა, ეძღვნება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ერთი წლის თავს. 

წინათქმა

წინამდებარე კრებული განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის, უპირველესად კი იმ ადამიანისთვის, ვისაც აწუხებს და აღელვებს საქართველოს ბედ-იღბალი და, შესაბამისად, ამ კონტექსტში, რუსეთის ისტორიაც აინტერესებს - კარგად ესმის, რომ ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი მრავალწილ დამოკიდებული იყო და ახლაც დამოკიდებულია ჩვენს ჩრდილო მეზობელზე: მის იმპერიულ პრეტენზიებსა თუ ამბიციებზე, მის აგრესიულ, დამპყრობლურ პოლიტიკასა და მზაკვრულ ქმედებაზე. 

ასეთი ადამიანი, ცხადია, დაინტერესდებოდა ბორის აკუნინის (გრიგოლ შალვას-ძე ჩხარტიშვილის) ნაშრომით „რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“, მაგრამ რადგან ის ძალზე ვრცელია, ცხრა ტომისგან შედგება, მისი წაკითხვა პრობლემას წარმოადგენს დროის უქონლობის გამო (მრავალტომეული ინტერნეტში ხელმისაწვდომია, უფასოდ დევს - იხილეთ ელექტრონული ბიბლიოთეკები, ვთქავთ, BookZip.ru ანდა LoveRead.ec ).

აკუნინის ნაშრომის წასაკითხად კიდევ ერთი - და მთავარი - ხელისშემშლელი ფაქტორია ენა. ჩვენმა ახალგაზრდა თაობამ რუსული ნაკლებად, ანდა სულაც აღარ იცის. მის ნაცვლად ინგლისურის ცოდნა, ერთი მხრივ, სასიკეთო და მისასალმებელ მოვლენად მიგვაჩნია (რადგან ეს ჩვენი ევროპული, პროდასავლური ორიენტაციის გამოხატულებაა), თუმცა, მეორე მხრივ, გულდასაწყვეტია, რომ ჩვენი დამპყრობლის ისტორიული არსის შესახებ დაწერილი სამეცნიერო-პოპულარული, ბელეტრისტული და, იმავდროულად, ანალიტიკური ნაშრომის წაკითხვა ჩვენს ახალგაზრდებს თითქმის აღარ შეუძლიათ (რომ არაფერი ვთქვათ რუსული ლიტერატურისა და კულტურის შედევრებზე, უამრავ საინტერესო და ღირებულ წიგნზე, რომელთაც არამც და არამც არ უარვყოფთ და არ ვაკნინებთ)... არადა, პირველ რიგში, სწორედ ახალმა თაობამ უნდა გაიგოს და გააცნობიეროს, ვისთან გვაქვს საქმე, ვინაა ჩვენი მტერი, - რა ამოძრავებს ამ ვეება ვეშაპ-სახელმწიფოს, რუსულ „დერჟავა“-იმპერიას... 

ერთი სიტყვით, სწორედ ამიტომ გვსურს ფართო საზოგადოებას მივაწოდოთ აკუნინის ნაშრომზე ჩვენ მიერ შედგენილი გზამკვლევი-კრებული, სადაც წარმოჩენილია რუსეთის სახელმწიფოს არსი - მისი სიღრმისეული პარადიგმა. (პარადიგმა - იდეათა და შეხედულებათა ერთობლიობა, რომელიც კონსენსუსის საფუძველზე აყალიბებს აზრობრივ ჩარჩოსა თუ მოდელს (რედ.შენიშვნ.). 

წინამდებარე წიგნი აკუნინის ცხრატომეულის თავისებური მიმოხილვა-გზამკვლევია: თითოეული ტომის შესავალი გავაქართულე, ჩემი სიტყვით გადმოვეცი (ზოგჯერ მცირედი შემოკლებით, ზოგჯერ - საინტერესო ინფორმაციის დამატებითაც). შემდეგ ყოველი ტომის დასკვნები ქართულად ვთარგმნე შემოკლებების გარეშე. აკუნინის დასკვნები სიტყვა-სიტყვით იმიტომ ვთარგმნე, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტებია საკვლევი თემის გააზრების კუთხით - მაქსიმალურად ზუსტად უნდა ვიცოდეთ, თუ რას ამბობს ავტორი. 

ცხრა ტომის შესავლებისა და დასკვნების შემდეგ კრებულში მარინა ლომოურის ვრცელი ესეა, რომელიც გამოხატავს დამოკიდებულებას აკუნინისა და მის მიერ განხილული თემის - ყბადაღებული „დერჟავული“ იმპერიალიზმის - მიმართ.  შემდეგ ორი დანართია: პირველი - მიხო მოსულიშვილის ესეები და ინტერვიუ აკუნინთან, მეორე - მარინა ლომოურის ლიფლეტის ტექსტი, თუ რა უნდა იცოდეს საქართველოში რუსეთიდან და ბელარუსიდან ჩამოსულმა ადამიანმა (ტექსტი ქართულ და რუსულ ენებზეა).

ამგვარად მიმოხილული აკუნინისეული ნაშრომი ქართველ მკითხველს საშუალებას მისცემს, მეტ-ნაკლებად ადეკვატური წარმოდგენა შეიქმნას ცხრატომეულის სტრუქტურასა და შინაარსზე, და, რაც მთავარია, რუსეთის სახელმწიფოს ისტორიულ პარადიგმაზე, რომელიც მთელი მისი არსებობის განმავლობაში განსაზღვრავდა და ახლაც განსაზღვრავს „დერჟავის“ ცხოვრებასა და სახეცვლილებას.

აკუნინისეული ანალიზი, მის მიერ გამოტანილი დასკნები, სრულიად ლოგიკური და დამაჯერებელია - მოვლენებს წინ გავუსწრებ და ახლავე მოგახსენებთ, რომ ავტორის აზრით, რუსეთის სახელმწიფოს არსი (ანუ სახელმძღვანელო პრინციპი, პარადიგმა), სხვა არაფერია, თუ არა აზიური მმართველობის წესი - მონღოლ-თათრული ურდოს მოდელი. 

რუსეთის სახელმწიფოებრიობის პარადიგმა აზიური რომაა, აკუნინს არ აღმოუჩენია. დაახლოებით იმავეს წერდა, ვთქვათ, ალექსანდრ ბლოკი 1918 წელს (პირველი ტომში  აკუნინს მოჰყავს ციტატა ბლოკის ლექსიდან „სკვითები“, თუმცა აღნიშნავს, რომ სკვითები და მონღოლ-თათრები ერთმანეთს, სინამდვილეში, არ ენათესავებოდნენ.). 

საინტერესოა, რომ იმავე 1918 წელს მიხეილ ჯავახიშვილმა მსგავსი მოსაზრება გამოთქვა წერილში „გზა დასავლეთისაკენ“: „…ჩრდილოეთის მომხრენი ვართ თუ აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა, ამის შესახებ დავა და კამათი უნაყოფოა და მავნებელიც. საითაც ქვეყანა ტრიალებს, ჩვენც იქით უნდა ვიბრუნოთ პირი. ხოლო იგი უძლეველის ძალით მიექანება დასავლეთისაკენ. მისი გზა მოსკოვსა და პეტროგრადზე კი აღარ მიდის, არამედ შავ ზღვასა სჭრის და დუნაის ხეობაზე გადადის. გვეყო მოსკოვ-პეტროგრადში გაცხრილულ ევროპულ კულტურით კვება, რომელსაც უფრო მეტი მონღოლური შხამი ურევია, ვიდრე დასავლეთის წმინდა სასმელი…”

„მონღოლური შხამი“ - მრავლისმთქმელია...

ამ თემაზე ამჯერად სიტყვას აღარ გავაგრძელებ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ინტერნეტის ეპოქის მემი - ე.წ. თანამედროვე „ხალხური სიბრძნე“ - გვეუბნება: „ნუ დაიბადები ბედნიერი, არამედ დაიბადე რუსეთისგან შორს“ („Не родись счастливым, а родись подальше от России“). ქართველებს რუსეთის მეზობლობა  თანდაყოლილი ჭირივით გვერგო, არადა, ზოგიერთ ჩვენს თანამემამულეს ეს გეოპოლიტიკური ფაქტი ბედნიერებად მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია - თუნდაც ედუარდ შევარდნაძის ცნობილი ნათქვამი გავიხსენოთ: „საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდის“... 

იმედია, აკუნინის მრავალტომეულის გზამკვლევი-კრებული დააფიქრებს ქართველ მკითხველს - განსაკუთრებით, ახალგაზრდა მკითხველს. დაეხმარება, გაარკვიოს, რუსეთი საქართველოსა და სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის რამდენად სასიკეთო როლს თამაშობდა და თამაშობს? უკრაინასთან რუსეთის აგრესიული, უსამართლო ომის ფონზე ამ კითხვაზე პასუხი, თითქოს, თავისთავად ცხადი და ერთმნიშვნელოვანი უნდა იყოს... 

ჩვენი მცდელობის შედეგი თქვენ წინაშეა. იმედია, არაერთი ახალგაზრდა (და არა მხოლოდ) მკითხველისთვის აღმოჩნდება საინტერესო და სასარგებლო.

P.S.

სანამ ზემოხსენებული ცხრა ტომის შესავლებსა და დასკვნებს წარმოგიდგენდეთ, ერთ შენიშვნას გავაკეთებ: აკუნინი ცხრატომეულში რადენჯერმე იმეორებს ჩინგიზ-ყაენის ოთხ  პრინციპს, რომელიც ჯერ „ოქროს ურდოს“ სახელმძღვანელო იყო, შემდეგ კი რუსეთის “დერჟავის“ პარადიგმად იქცა. 

ცხრატომეულს ათი წლის განმავლობაში წერდა, ყოველ ტომს ცალ-ცალკე, დაწერისთანავე აქვეყნებდა და, ცხადია, ამიტომაც იმეორებდა ნაშრომის მთავარ სათქმელს - რუსეთის სახელმწიფოს მოდიფიკაციებზე მოსაზრებებს. თუმცა როდესაც ცხრატომეული ერთიანად გამოაქვეყნა ინტერნეტში, შესავლების და დასკვნების გადაკეთება არ დაუწყია.

გადავწყვიტე, მთავარი სათქმელის მხრივ აკუნინის ტექსტები არ შემემოკლებინა, ოთხი პრინციპი მეც რამდენჯერმე გავიმეორე. თანაც, როგორც უკვე ვთქვი, წინამდებარე წიგნი, უპირველესად, ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი, ხალხური სიბრძნე კი გვეუბნება, „გამეორება ცოდნის დედაა“-ო. ანუ, ახალგაზრდა მკითხველისთვის ეს, წესით, სასარგებლო უნდა იყოს. თანაც სხვადასხვა ტომში ხსენებული პრინციპები განსხვავებულადაა გადმოცემული (შინაარსი არ იცვლება, ცხადია, იცვლება მხოლოდ ფორმა), რაც, თავისთავად, ხსენებული პარადიგმის უკეთ შეცნობასა და დამახსოვრებას ხელს შეუწყობს.

სწორედ ამ საბედისწერო მონღოლურ-რუსული პარადიგმის გაცნობიერებაა ჩვენი ამოცანა. უნდა ვიცოდეთ, რაზე დგას „დერჟავა“.

„ცოდნა - ძალაა“, ხოლო „ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია“.

წიგნი შედგენილია ბორის აკუნინთან შეთანმებით.

---------------------------

ცხრატომეულის აკუნინისეული წინათქმა  

მრავალტომეულს აკუნინი წინათქმით იწყებს - მკითხველს აფრთხილებს, რომ მის ნაშრომს სამი თავისებურება ახასიათებს, რაც უნდა გაითვალისწინოს კაცმა, ვიდრე გადაწყვეტს, წაიკითხოს თუ არა. 

ნაშრომს წერს მათთვის, ვინც ცუდად იცის რუსეთის ისტორია და სურს, მასში გაერკვეს. როგორც ამბობს, რუსეთის ისტორიაზე ცხადი წარმოდგენა მას თავადაც არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ განათლებით ისტორიკოსია და რამდენიმე ათეული ისტორიული  რომანი აქვს დაწერილი; ერთხელაც გააცნობიერა -  არ იცის, რატომ და როგორ ჩამოყალიბდა რუსეთი ისეთად, როგორიცაა სინამდვილეში. ეს რომ გაერკვია, მიხვდა, ათეულობით ათასი გვერდი უნდა წაიკითხოს და მერე რამდენიმე ათასი გვერდი დაწეროს. 

ავტორის სიტყვით, იგი არავითარ კონცეფციას არ აგებს -  უბრალოდ, არ გააჩნია კონცეფცია. (მოვლენებს გავასწრებ და აღვნიშნავ: ნაშრომის ბოლო ტომის დასკვნაში აკუნინი წერს, რომ მას  რუსეთის სახელმწიფოს კონცეფცია აქვს, მაგრამ ის მუშაობის პროცესში ჩამოუყალიბდა - თავიდან არ გააჩნდა (რედ.შენიშვნ.). ამიტომ არც ცდუნება აქვს, მხოლოდ ის ფაქტები გამოიყენოს, რაც ხელს აძლევს, ხოლო რაც ხელს არ აძლევს - მიაჩუმათოს.

გარდა ამისა, აკუნინი იდეოლოგიზებული ისტორიის კატეგორიული წინააღმდეგია. თანაბრად არ აინტერესებს სამამულო ისტორიკოსების ისეთი ნაშრომები, სადაც რუსეთს განადიდებენ, ანდა, პირიქით, აკნინებენ. მას სურს, გაიგოს, როგორ იყო საქმე სინამდვილეში. წინასწარ ჩამოყალიბებული შეხედულება არ გააჩნია. აქვს კითხვები და მათზე პასუხის პოვნის სურვილი.

იგი ხაზს უსვამს, რომ სწორედ სახელმწიფოს პოლიტიკური ისტორია აინტერესებს - სახელმწიფოს აღმშენებლობის, მისი მართვის მექანიზმების, ხალხისა და ხელისუფლების ურთიერთობის, საზოგადოებრივი ევოლუციის ისტორია. კულტურას, რელიგიას, ეკონომიკას  მხოლოდ იმდენად ეხება, რამდენადაც პოლიტიკას უკავშირდება. 

მისი თქმით, რუსეთი, უპირველესად, სახელმწიფოა, რაც, თავისთავად, არაა ქვეყნის თანხვედრი, ხოლო ისტორიის გარკვეულ მომენტებში სულაც მის მიმართ მტრულად განწყობილი ხდება. თუმცა, სწორედ სახელმწიფოს მდგომარეობა განსაზღვრავდა მუდმივად  რუსეთის ცხოვრების ევოლუციის (ან დეგრადაციის) ვექტორს. სახელმწიფო გახლავთ რუსეთის უბედურებების და რუსეთის გამარჯვებების მიზეზი.

საბოლოო ჯამში, ეს ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას, გაარკვიოს, ამ ათასწლოვან სახელწმიფოში რა არის რიგზე და რა - არა (და რატომ). 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
^