„მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის მოთხოვნა არის იმპერატიული და მთავრობას, პრემიერ-მინისტრს, არ აქვს უფლება, გვერდი აუაროს მას“, - „ლიბერალი“ დაინტერესდა, რამდენად კონსტიტუციურია პრეზიდენტი მარგველაშვილის არაერთი მსგავსი მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა მთავრობის მხრიდან. აღნიშნულ საკითხზე კონსტიტუციონალისტ ავთანდილ დემეტრაშვილს ვესაუბრეთ.
დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მთავრობის ადმინისტრაციას კიდევ ერთხელ მიმართა განცხადებით და მთავრობის უახლოეს სხდომაზე ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგომატარებლების ტრანზიტის სფეროში არსებული მდგომარეობის საკითხის განხილვა მოითხოვა.
„კონსტიტუცია აქ მთავრობის მხრიდან არავითარ ალტერნატიულ ქმედებას არ ითვალისწინებს. ამიტომ, იგი ვალდებულია, კონსტიტუციის შესაბამისად მოიწვიოს მთავრობის სხდომა“, - განმარტავს დემეტრაშვილი.
მისი თქმით, კონსტიტუციის დარღვევისათვის მთავრობის ნებისმიერი წევრის იმპიჩმენტის წესით გადაყენებაა შესაძლებელი.
„ეს პარლამენტის პრეროგატივაა. პრეზიდენტს შეუძლია, მიმართოს პარლამენტს, რომ არის არაკონსტიტუციური ქმედებები და ამ საკითხის მომხრეებს, პარლამენტის 1/3-ს შეუძლია იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს. ეს პოლიტიკური თამაშია და არა მგონია, რომ პრეზიდენტმა ამას მიმართოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კონსტიტუციის დარღვევისათვის მთავრობის ნებისმიერი წევრი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი შეიძლება იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადააყენონ“, - დემეტრაშვილის განმარტებით, პრეზიდენტს არ შეუძლია, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, მას ასევე არ შეუძლია, თავად გაათავისუფლოს თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრი, ან მთავრობა გადააყენოს, თუმცა შეუძლია მიმართოს პარლამენტს.
როგორც საქართველოს მთავრობის, ისე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან GRASS-ისთვის მიწოდებული ინფორმაციით დასტურდება, პრეზიდენტმა მთავრობას 2014 წლის 6 ნოემბერსა და 2015 წლის 13 თებერვალშიც მიმართა წინადადებით, განეხილა NATO-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების საკითხი. მიმდინარე წლის 13 თებერვლის წერილში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია მთავრობის ადმინისტრაციის უფროს მაია ცქიტიშვილს ახსენებს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მის წინა წერილს არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ განხილვაში, რომელსაც, ასევე ესწრებიან ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა წევრები.