დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება, - ამის შესახებ ქართველ ჟურნალისტებს საერთაშორისო სისხლის სამართლის პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ განუცხადა.
„ჩვენ ვიცავთ რომის სტატუტს. საქართველო რომის სტატუტის წევრია, ამიტომ ნებისმიერი დანაშაული, რომელიც შესაძლოა, ჩადენილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენი სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მოხვდება. მნიშვნელობა არა აქვს, თუ რა ეროვნების იქნება ესა თუ ის პირი", - განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ გამოძიების დასაწყებად ჯერ 3 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიისგან შესაბამისი ნებართვა უნდა მიიღოს.
„გამოძიების დასაწყებად უნდა მივიღო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლეთა ნებართვა. 3-კაციანი კოლეგია სასამართლოს თავმჯდომარემ სწორედ ჩემი განაცხადის შესწავლის მიზნით დანიშნა. ისინი გადაწყვეტენ, მომცენ თუ არა გამოძიების დაწყების ნებართვა", - აღნიშნა ჰააგის პროკურორმა.
ჰააგის პროკურორთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმაც.
„ფატუ ბენსუდას ვაცნობე, რომ რუსეთის როლი მის შუამდგომლობაში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი. რუსეთის, რომელიც თავს დაგვესხა. შევახსენე, რომ ოკუპაცია არ დასრულებულა, ოკუპაცია მიმდინარეობს და რომ დიახ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხი, შეიძლება თუ არა იყოს სამხედრო დანაშაული განგრძობადი, რისი პრეცედენტიც მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ, თუმცა ამაზე ვიმუშავებთ და სამართლებრივად ვიბრძოლებთ", - განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, პროკურორის მოთხოვნაში შავით თეთრზე წერია, რომ ე.წ. ოსურ ჯარში და საჯარო სამსახურში რუსი საჯარო მოხელეები იყვნენ, თუმცა ფატუ ბენსუდას ქართულმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე უთხრა, რომ ამ მიმართულებას გაძლიერება სჭირდება.
„რუსეთის როლთან დაკავშირებით აღინიშნა, რომ პროკურორის შუამდგომლობა ეყრდნობა მხოლოდ სამართლებრივ ფაქტებს, იმ ინფორმაციას, რაც მის ხელთ იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰააგის სასამართლო მზად იქნება, გაითვალისწინოს, განიხილოს ქართული მხარის მიერ მიწოდებული ყველა ინფორმაცია - როგორ მართავდა რუსეთი ოსურ დანაყოფებს და შენაერთებს, რომ სინამდვილეში ეს არ იყო მხოლოდ ქართულ-ოსური დაპირისპირება, ეს იყო პირველ რიგში, ომი საქართველოსა და რუსეთს შორის, რუსეთის აგრესია ჩვენს მიმართ“, - განაცხადა წულუკიანმა.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ფატუ ბენსუდამ მოსამართლეებს საქართველო-რუსეთის 2008 წლის ომის გამოძიების დაწყების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ავრცელებს.