ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვის შესახებ კანონში“ ცვლილებების პროექტი წარმოადგინა, რომელსაც დღეს ბიუროს სხდომამ მსვლელობა მისცა.
აღნიშნული კანონის მე-8 მუხლში ჩნდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, თუ კერძო პირები ან საჯარო დაწესებულებები არ წარმოადგენენ მოთხოვნილ ინფორმაციას (საქმის განხილვასთან დაკავშირებულ მასალას, საბუთს, ახსნა - განმარტებასა და სხვა), ხოლო საქმეში არსებული მასალები ქმნის დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის შესახებ გონივრული ვარაუდის საფუძველს და საჩივარში/განცხადებაში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს მოთხოვნას, საჩივარი/განცხადება დაკმაყოფილდება.
აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი ვერსიით, კერძო პირს სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის გადაცემის ვალდებულება არ გააჩნია და ამის გაკეთება მხოლოდ ნებაყოფლობით შეუძლია. კანონპროექტით კი საქმის განხილვასთან დაკავშირებული საბუთების გადაცემის ვალდებულება კერძო და ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება.
საკითხთან დაკავშირებით, კიდევ ერთი ცვლილება „სახალხო დამცველის შესახებ" კანონში შედის.
ამ ცვლილებით, ორგანული კანონის 24-ე მუხლს ემატება სიტყვები: „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირი“. შედეგად კი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს გაუჩნდებათ ვალდებულება, დისკრიმინაციის აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საქმეებზე განიხილონ სახალხო დამცველის რეკომენდაცია და მათი განხილვის შედეგები აცნობონ სახალხო დამცველს.
დღეს მოქმედი ნორმით კი სახალხო დამცველის რეკომენდაციისა და წინადადების განხილვის ვალდებულება მხოლოდ საჯარო დაწესებულებებს აქვთ.
კიდევ ერთი ცვლილება შედის „სამოქალაქო საპროცესო კოდექსში", რის მიხედვითაც სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა 3 თვის ნაცვლად, ერთი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია.
აღნიშნული კანონპროექტები სახალხო დამცველი აპარატის ავტორობითაა მომზადებული.