საიას იურისტი გიორგი გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ევა გოცირიძის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მოსამართლე ურთმელიძის განჩინების შემთხვევაში, ეროვნული კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საშუალებას არ იძლევა.
გიორგი გოცირიძის თქმით, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი [მე-9 მუხლი] ზუსტად განსაზღვრავს, რა შემთხვევაში აქვს სახელმწიფოს მედიის შინაარსობრივი რეგულირების უფლება, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კანონი სახელმწიფოს რეგულირების უფლებას არ ანიჭებს.
„ურთმელიძის განჩინების შემთხვევაში, ეს კანონში მოცემულ ჩამონათვალში არ ჯდება. მოსამართლემ თქვა, რომ მედია ვალდებულია, სამართლიანი იყოს, გააშუქოს დავის ყველა მხარე... რომ „რუსთავი 2“ მთლიანად ფოკუსირებულია ამ დავაზე და სხვა ტიპის საკითხებს არ აშუქებს. ეს შინაარსობრივი რეგულირებაა, რადგან სასამართლომ განსაზღვრა, რა თემაზე ილაპარაკოს „რუსთავი 2-მა“. ეს არ შეესაბამება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს“ - ამბობს გიორგი გოცირიძე.
მისი განმარტებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი, რომელზეც ევა გოცირიძე საუბრობდა, იმასაც მიუთითებს, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაშია დასაშვები, თუ ამას ეროვნული კანონმდებლობა ითვალისწინებს.
„ეროვნულ კანონმდებლობაში ეს არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად, ამ პირობებში გამოხატვის თავისუფლება ვერ შეიზღუდება", - ამბობს გიორგი გოცირიძე.
იურისტის განმარტებით, მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლი მედიას ავალდებულებს, იყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი, გააშუქოს ყველა მხარემ, თუმცა ამავე კანონის მე-14 მუხლში წერია, რომ 54-ე მუხლთან დაკავშირებით დავა სასამართლოში ან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში დაუშვებელია.
„ანუ, თუ მედია არ არის სამართლიანი და მიუკერძოებელი, ეს სასამართლოს ან კომისიის განსახილველი არ არის, ეს მედიის თვითრეგულირების მექანიზმზეა. ამდენად, სასამართლო ამ შემთხვევაში მედიის მიუკერძოებლობის საკითხში ჩაერია“ - თქვა გოცირიძემ.
ევა გოცირიძის აზრით, ლეგიტიმური არგუმენტია ის, რაც მედიის შინაარსის შესახებ მოსამართლე ურთმელიძეს განჩინების დასაბუთებაში უწერია.
„თუ აქამდე არ გაცნობილხართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-10 მუხლს იქ წერია, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება, შეიზღუდოს და ეს თუ არ იცით, ისწავლეთ“, - მიმართა ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ევა გოცირიძემ.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინება 5 ნოემბერს გამოაქვეყნა:
„გარდა აღნიშნულისა, სასამართლო მიუთითებს, რომ არსებობს გარკვეული საფრთხე, დროებითი მმართველის დაუნიშნაობამ გარკვეულწილად, შეიძლება საგრძნობლადაც, შეცვალოს მოპასუხის საქმიანობის ფორმატი, გაუქმდეს ან/და მოდიფიცირება განიცადოს რამდენიმე გადაცემამ, მათ შორის, რეიტინგულმა, და, შესაბამისად, არსებობს საფრთხეც, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ თანამშრომელთა კონცენტრაცია და 12 საქმიანობის მიმართულება ძირითადად გადატანილ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ არსებული დავის გარშემო საკითხების გაშუქებაზე. ეს არა მხოლოდ უარყოფითად აისახება საწარმოს რეიტინგსა და მის ფინანსურ საკითხებზე, არამედ შექმნის სერიოზულ საფრთხეს, რომ მედიამ დაკარგოს თავისი ძირითადი როლი და დანიშნულება - იდგეს საზოგადოებრივი ინტერესის სადარაჯოზე", - ნათქვამია მოსამართლის განჩინებაში.