Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეატრი, როგორც სივრცე ფსკერსა და ქარიშხალს შორის

11 ნოემბერი, 2015 14:35

"ადამიანთა ურთიერთობების, პოლიტიკური სისტემის, საზოგადოების წესრიგისა თუ უწესრიგობის ამსახველი თეატრი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს - ჩვენთვის, ვინც სამყაროს დასასრულის შემდეგ დავიბადეთ; ვინც შეირაღებული კონფლიქტებისა და დანაშაულის პირისპირ ვცხოვრობთ. კონფლიქტების, რომლებიც ისეთი სისწრაფით ფეთქდება, რომ ყოვლისშემძლე მედიაც ვერ ასწრებს მათზე რეაგირებას...

თუმცა ისინი ასევე ჩქარა ხდება პრესისთვის უინტერესო და სამუდამოდ ქრება ჩვენი თვალსაწიერიდან. ჩვენ კი, უნიათოები და შეშინებულები, ვგრძნობთ, რომ ხაფანგში ვართ მომწყვდეულები, რადგან დიადი კოშკების აგება აღარ შეგვიძლია - კედლები, რომლის აღმართვასაც ძალუმად ვცდილობთ, არაფრისგან აღარ გვიცავს. პირიქით, ისინი თავად მოითხოვენ ყურადღებასა და დაცვას - და ეს წარმოუდგენელ სასიცოცხლო ენერგიას გვართმევს. იმის ძალაც კი აღარ შეგვწევს, რომ ამ კედლებს მიღმა გადავიხედოთ და ადამიანები დავინახოთ.

თეატრი მხოლოდ ამისთვის უნდა არსებობდეს და სასიცოცხლო ძალით იკვებებოდეს - ჩაგვახედოს იქ, საითკენაც მიბრუნება, მზერა აკრძალულია?!”...

- ეს თანამედროვე პოლონელი რეჟისორის, კშიშტოფ ვარლიკოვსკის მიმართვის ფრაგმენტია, რომელიც მან მედიას თეატრის საერთაშორისო დღეს, 27 მარტს გაუზიარა. ის პიტერ ბრუკისა და ჯორჯო სტრელერის მსგავსად, რაღაც სრულყოფილ, პერფექციულ თუ მიუღწევველ თეატრს ეძებს, რომელიც სიმართლის წიაღში იღებს სათავეს და შეუცნობადში, უსასრულობაში იკარგება... მაგრამ ძნელია, დღეს ასეთი რთული წიაღსვლებით მონუსხო ათასგვარი პრობლემით დამძიმებული მაყურებელი. მას მსუბუქი და -თერაპიული თეატრი” თუ სახალისო შოუ უფრო ურჩევნია.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც წელს უკვე მეშვიდედ გაიმართა (და საოცარი სულაც არ არის, რომ ისევ ფინანსური პრობლემებით), თითქოს შეეცადა სწორედ მიუღწეველ ესთეტიკურ უსასრულობასა და მსუბუქ, მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ სანახაობებს შორის დაეცვა ბალანსი.

ერთი მხრივ, ასე ვთქვათ, - "ჩემპიონთა ლიგა” - სახელოვანი რუმინელი ესთეტი-რეჟისორის, სილვიუ პურკარეტეს მიერ შექსპირის ყველაზე მისტიკური პიესის, "ქარიშხლის” ინტერპრეტაცია კრაიოვას სახელმწიფო თეატრში; ბერლინის სახელოვანი "შაუბიუნე” და ახალგაზრდა ევროპელ რეჟისორებს შორის გამორჩეული ლიდერი - ტომას ოსტერმაიერი (იბსენის "ხალხის მტერის” გამორჩეული, ბრწყინვალე და ლამის სოციალურ-ეკოლოგიური ინტერპრეტაცია); ბრიტანელი ჯადოქარი, ინდური ფესვებით - ქორეოგრაფი აკრამ ჰანი, რომლის "კააში” ლამის თანამედროვე ქორეოგრაფიის სახელმძღვანელოებში შედის და ლიტველი რეჟისორის, ოსკარას კორშუნოვასის ლამის ფიზიოლოგიურ-სოციალური აქცენტებით დადგმული "ფსკერზე” (მისი "ჰამლეტი” და "რომეო და ჯულიეტა” თეატრალური ფესტივალის ერთგულ მაყურებელს, ალბათ, ყოველთვის ემახსოვრება)...

„კააში". ქორეოგრაფი აკრამ ჰანი

მეორე მხრივ - საინტერესო დასი ისრაელიდან, სახელწოდებით, "ინკუბატორი”, რომლის კრიმინალური მიუზიკლი -ქალაქი” - ცოცხალი მუსიკით, ებრაული რეპით და ჰოლივუდის კლიშეების ირონიული გააზრებით, ერთობ სახალისო იყო; ბრიტანული სპექტაკლი "ღმერთები დაეცნენ, ვინღა დაგვიცავს” (რეჟისორი სელმა დიმიტრიევიჩი), რომელმაც კამერული სივრცის, ბრიტანული სამსახიობო სკოლისა (მსახიობები - შაან კემპიონი, და სკოტ თარნბული) და მელოდრამების გემო ერთდროულად გვაგრძნობინა; გერმანიაში მცხოვრები ქართველი ქორეოგრაფისა და მოცეკვავის, თეა სოსანის მულტიმედიურ-ქორეოგრაფიული სპექატაკლი "გაქვავებული”, რომელშიც მარტოსული ქალებისა და მამაკაცების სხეულთა მღელვარებას, მათ მარტოობას უფრო ამოიკითხავთ, ვიდრე ქორეოგრაფიულ სიახლეს.

ცალკე უნდა აღინიშნოს პროგრამა NEW ("ახალი"), რომელიც თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე გარკვეულ ექსპერიმენტულ არტპლატფორმად ჩამოყალიბდა, როგორც ახალგაზრდა რეჟისორებისა და მსახიობების, ისე შედარებით გამოცდილი თეატრალური კომპანიებისთვის. წლევანდელ ფესტივალზე ეს პროგრამა ოთხი რადიკალურად განსხვავებული სპექტაკლით იყო წარმოდგენილი:

"გილგამეში” (თეატრი "ქორეა”, პოლონეთი; კომპოზიტორი - ტომაშ კრჟიჟანოვსკი. უცნაური, მაგრამ შთამბეჭდავი კონცერტი-წარმოდგენა გუნდის, ჯაზისა და სიმებიანი კვარტეტისათვის);

ჩეხოვის ადრეული პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი "მამის გარეშე” (მოსკოვის თეატრი "სფერო”; რეჟისორი - ვლადიმერ სმირნოვი, მხატვარი და სცენოგრაფი - დიმიტრი რაზუმოვი);

"მარია დიდი ქალაქიდან” (საკონცერტო-თეატრალური წარმოდგენა, რომელიც ეფუძნება "ტანგოს მეფის” - ასტორ პიაცოლას ტანგოს მოტივებზე შექმნილ სიმღერებსა და ოპერას, სახელწოდებით, "მარია ბუენოს აირესიდან’”);

"სასოწარკვეთილების ზღვარზე” (ნორვეგიული საცეკვაო თეატრის პერფორმანსი, რომელიც -ფიზიკური თეატრის” ტიპური ნიმუშია და რომელშიც მხოლოდ მამაკაცი მოცეკვავეები მონაწილეობენ; რეჟისორი და ქორეოგრაფი კარი ჰოასი).

"ფსკერზე". რეჟისორი ოსკარას კორშუნოვასი

სხვათა შორის, ფესტივალზე კრიტიკოსთა სპეციალური პრიზი პროგრამა NEW-ზე წარმოდგენილ სპექტაკლებს შორის, სწორედ ნორვეგიელ -სასოწარკვეთილ”, მაგრამ ზედმეტად ათლეტურ მოცეკვავეებს ერგოთ.

გასაგებია, რომ ვრცლად ყველა სპექტაკლის შესახებ შუძლებელია საუბარი, ამიტომ ისევ -კარგი რეჟისორების ლიგით” შემოვიფარგლოთ. თეატრალები, მართლაც, სულმოუთქმელად ელოდნენ ოსაკარას კორშუნოვასის სპექტაკლს, რომელიც გორკის ცნობილ პიესას "ფსკერზე” (მხოლოდ მეოთხე აქტი) ზედმეტად სოციალურ და დეპრესიულ აქციად განიხილავს. ალბათ, ამიტომაც, მაყურებელი ოდნავ იმედგაცრუებული დარჩა. სხვათა შორის, ფსკერის მობინადრენი არა მარტო თავად სვამენ, მაყურებელსაც სთავაზობენ (თანაც, ნამდვილად არაყს!)

კორშუნოვასის ადრინდელი სპექტაკლების სივრცე, სიჭრელე-სიანცე და უკიდურესობანი თითქოს სადღაც გაქრა. ის ფიზიოლოგიურ-კამერულმა გარემომ შეცვალა, რომელშიც გორკის პიესის ნატანჯი პერსონაჟების სურვილებს არყის ბოთლებითა და ახლო ხედით შეიცნობთ.

იმის გამო, რომ პიესის მხოლოდ მეოთხე აქტი თამაშდება, ერთსაათიანი წარმოდგენა რაღაც უიმედო აბსურდის შთაბეჭდილებას ტოვებს. გეგონებათ, ბეკეტის -გოდოს” თუ -კრეპის” თემაზე შექმნილ სპექტაკლს უყურებთ. ამგვარ შთაბეჭდილებას აძლიერებს ტექსტიც: თითქმის ყველა პერსონაჟი საუბრობს მოხუცზე (ლუკაზე), რომელიც გორკის პიესის მეოთხე აქტში უკვე აღარ ჩანს და რომლის ციტატებს ("აუცილებელია, პატივი ვცეთ ადამიანს”, -არ გაანაწყენოთ ერთმანეთი”, -ადამიანი - ამაყად ჟღერს”) "ფსკერის” მოწაფეები ქრისტეს მოწაფეებივით ინაწილებენ.

უკვე რამდენიმე წელია, კორშუნოვასი თეატრის მნიშვნელობას უკიდურეს სოციალურობაში, ჩაღრმავებასა და რეფლექსიაში ხედავს. ამიტომაც რამპის ელვარე ჩირაღდნები და სანახაობა სრულიად შეგნებულად გაცვალა გააზრებულ ესთეტიკურ მინიმალიზმზე. როგორც ჩანს, იქ, ფსკერზე სიტყვა -ადამიანი” უფრო შემზარავად ჟღერს, ვიდრე ამაყად.

სილვიუ პურკარეტეს "ქარიშხალმა” ევროპული თეატრალური ფესტივალები წარმატებით დალაშქრა. ვფიქრობ, რეჟისორთან ერთად, ეს სპექტაკლის მხატვრისა და სცენოგრაფის, დრაგოშ ბუჰაგიარის დამსახურებაცაა. შთამბეჭდავი მხატვრობა, კლასიკური ფერწერული განათება და ქაღალდის ფაქტურის კოსტიუმები უფრო საოპერო დადგმის შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს შემთხვევითი სრულებით არ არის, რადგან პურკარეტე, კარგა ხანია, თანამედროვე საოპერო რეჟისორებს შორის, მართლაც, გამორჩეული პერსონაა (პუჩინის "ბოჰემა” - ესენის საოპერო თეატრში, ვაგნერის "პარსიფალი” - შოტლანდიის ნაციონალურ ოპერაში, დონიცეტის "რობერტო დევერე” - ვენის "შტატსოპერაში”).

შთამბეჭდავი გამომსახველობა, ჯადოსნური, მომნუსხავი, შენელებული რიტმი გვიბიძგებს, "ქარიშხალი” აღვიქვათ მისტიკურ დრამად, რომელიც პროსპეროს სიზმარს ჰგავს, უფრო ზუსტად, მისი ფანტაზიით მოთხრობილ სცენურ ამბავს. ჩვენ ნაქსოვი ვართ სიზმრისეულ ნივთიერებით” - ცნობილი ფილოსოფიური მონოლოგი ფინალში თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ ის სპექტაკლის მთავარი საყრდენია, ჩონჩხი, რომელსაც იდეალურად ერგება სპექტაკლის ხილული-სიზმრისეული ფორმა. პროსპეროს ქალიშვილს, მირანდასა და პროსპეროს მონას - კალიბანს, ერთი და იგივე მსახიობი, ადრიან ანდონე თამაშობს და ესეც გარკვეულწილად, მისტიციზმის ირონიული ნაწილია.

"ქარიშხალი". რეჟისორი სილვიუ პურკარეტე

პურკარეტე თითქოს შორეულად ეხმიანება ჯორჯო სტრელერის იდეას, რომელმაც 70-იან წლებში დადგმულ -მეფე ლირში” მასხარისა და კორდილიას როლი ერთსა და იმავე მსახიობს, ოტავია პიკოლოს მიანდო. როლებით უსასრულო თამაშში, სქესთა გაცვლაში, ადამიანებისა და მისტიკური არსებების, მტრებისა და მეგობრების აღრევაში იკითხება დასასრულის, პატიებისა და აპოკალიფსის თემები (აღსანიშნავია, რომ "ქარიშხალი” არის შექსპირის უკანასკნელი, 37-ე პიესა). და ამდენად, მთლიანობაში, პურკარეტეს სპექტაკლი ჟღერს, როგორც სამყაროსთან შერიგება.

ადამიანის მუდმივი ტრანსფორმაცია და სამყაროსთან ჰარმონია, დიდი ხანია, სახელოვანი ქორეოგრაფის, აკრამ ჰანის მთავარი თემაა. ბრიტანეთში მცხოვრები მოცეკვავე და ქორეოგრაფი თავისი კრეატიულობითა და უშუალობით მაგნიტივით იზიდავს მსოფლიოში ცნობილ ხელოვანებს. მაგალითად, ჩინეთის ნაციონალური ბალეტის დასს, მსახიობ ჟულიეტ ბინოშს (რომელთან ერთადაც ცეკვავდა კიდეც), "გრანდ ოპერის” სახელოვან პრიმას, სილვი გილემს, მაროკოელ ქორეოგრაფსა და მოცეკვავეს, სიდი ლარბი ჩერკაუის, ცნობილ პოპმომღერალ კაილი მინოუგს, ცნობილ მხატვარსა და არქიტექტორს, ანიშ კაპურს....სწორედ ანიშ კაპურმა შექმნა აკრამ ჰანის სპექტაკლის - "კააშის” სცენოგრაფია და მხატვრობა.

მთელი სპექტაკლის განმავლობაში ძლივს ხედავთ მქრალად განათებულ ხუთ მოცეკვავეს, რომელთა მოძრაობები ხან იკარგება და ხან მძაფრდება შავი კვადრატის ფონზე. მათი უსაზღვრო პლასტიკური შესაძლებლობები შემოფარგლულია უამრავჯერ გამეორებული მოძრაობებით, უწესო გეომეტრიით, რომელსაც ასევე ემატება ინდური მუსიკა და კომპოზიტორ ნათინ სავჰნის ჰარმონიები. როგორც ბრიტანული პრესა აღნიშნავდა, "კააში” ბრწყინვალე, უხმაურო და ნატიფი ქორეოსანახაობაა ინდურ ღმერთებზე, ინდური დროის ციკლებზე, მისტიკურ ცხოველებზე, მათ შექმნასა და განადგურებაზე”.

სხეულთა მოდულაცია სცენურ დროსა და სივრცეში ისეთი ზუსტია და მომნუსხველი, რომ ლამის ტრანსში ვარდებით და გახსენდებათ ყველაზე ტკბილი მოგონებები, რომლებიც შესაძლოა სულაც არ უკავშირდებოდეს ცეკვის ხელოვნებას. 2002 წლიდან, როდესაც "კააში” პირველად წარმოადგინეს, უკვე დიდი დრო გავიდა (აღსანიშნავია, რომ მაშინ თავად აკრამ ჰანიც მონაწილეობდა სპექტაკლში). ორი წლის წინ აღდგენილი ვერსია ახალ იდეებსა და ახალი თაობის სათქმელს უკავშირდება: რა კავშირია აღმოსავლურ და დასავლურ კულტურებს შორის? სად იწყება და სად მთავრდება ცეკვის საზღვრები? როგორია თეატრის პერსპექტივა ახალი მიგრაციისა და პოლიტიკური კატაკლიზმების ფონზე?

ეს კითხვები არანაკლებ საინტერესოა ფესტივალის კიდევ ერთი საპატიო სტუმრის, ცნობილი გერმანელი რეჟისორის, ტომას ოსტერმაიერის სპექტაკლის კონტექსტში. 24 წლის ასაკში ოსტერმაიერი უკვე აღიარებული რეჟისორი იყო. მის მიერ დაარსებულ პატარა, ანარქიული სულისკვეთების თეატრში, სახელწოდებით, Bარაცკე, იმდენი რამ ხდებოდა, რამდენიც მთელ გერმანულ თანამედრივე თეატრში ერთად აღებული. როდესაც ოსტერმაიერი 2000 წელს 31 წლის ასაკში ბერლინის თეატრ "შაუბიუნეს” ინტენდანტი გახდა და ამ თანამდებობაზე სახელოვანი პეტერ შტაინი შეცვალა, პრესა ლამის საგანგაშო სტატიებს აქვეყნებდა. თუმცა სარა კეინისა და მარიუს ფონ მაიენბურგის პიესების დადგმის შემდეგ, იგივე პრესა ოსტემაიერს ლამის ევროპის ყველაზე ავანგარდისტ რეჟისორებს შორის მოიხსენიებდა.

"ხალხის მტერი". რეჟისორი ტომას ოსტერმაიერი

დღეს ის ავინიონის, ედინბურგის, ვენისა თუ ბერლინის ფესტივალების სასურველი სტუმარი და არაერთი პრესტიჟული თეატრალური ჯილდოს მფლობელია. ამდენად, ოსტერმაიერის ჩამოსვლა თბილისის თეატრალურ ფესტივალზე და სპექტაკლ "ხალხის მტრის” შემდეგ დიალოგი მაყურებელთან ფესტივალის მთავარ მოვლენად იქცა.

...დანაწევრებული შავი, გიგანტური კუბი თუ ოთახი, რომელიც ექიმ სტოკმანის კაბინეტიცაა, გაზეთ "სახალხო მაცნეს” რედაქციაც და პოლიტიკური დებატებისთვის საჭირო სივრცეც ფინალში უკვე საკმარისი იქნებოდა სპექტაკლის წარმატებისათვის (სცენოგრაფია და მხატვრობა იან პაპელბაუმი). ცარცით მოხატული შავი კედლები კონცეპტუალურ ნამუშევარს და საბავშვო ოთახს ერთდროულად ჰგავს. კედლებს ხან შლიან, ხან გადაღებავენ და ხანაც ახალ ნახატებს ამატებენ; ფინალში კი საღებავებს ესვრიან.

ოსტერმაიერი ოსტატია და ეს მხოლოდ ალიტერაცია არ არის. ის ახერხებს, მეცხრამეტე საუკუნის ბილოს დაწერილ იბსენის პიესაში ერთდროულად ამოიკითხოს სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური და ოჯახური დრამა. თანაც ისე, გეგონებათ, ახლახან დაწერილ ტექსტს უსმენ. ექიმ სტოკმანის ინტერაქციული დიალოგი მარჯანიშვილის თეატრის დარბაზში და მისი ანტიბურჟუაზიული მონოლოგი უფრო ლიბერალური უმრავლესობის გამათრახებაა, ვიდრე რადიკალი მემარცხენეების მხარდაჭერა. თუმცა მომხმარებლური საზოგადოებისა და მსხვილი კომპანიების კრიტიკა დროდადრო ირონიულად ჟღერს.

სტოკმანი ლამის სიტყვასიტყვით იმეორებს ლეონიდ ბრეჟნევის დოქტრინას, რომ -ეკონომიკა უნდა იყოს ეკონომიური”... მაგრამ რეჟისორი სტოკმანს არ იცავს, არც მის მტაცებელ, ბურჟუა ძმას, არც გაზეთის უპრინციპო რედაქტორს, არც ჟურნალისტ ბილინგს, არც მოქალაქეებს, არც სტოკმანის მეუღლეს...ის თანამედროვე მომხმარებლური საზოგადოების დაუნდობელ, შეუნიღბავ სურათს ქმნის, რომლის ფონზეც სტოკმანის ბინის შავი კედლებიც და საღებავით მოთხვრილი რედაქციაც წვრილმანებად აღიქმება.

ასე რომ, ტომას ოსტერმაიერს თავისუფლად შეუძლია პატივცემული კოლეგის, კშიშტოფ ვარლიკოვსკის სიტყვები კიდევ ერთხელ გაიმეოროს. მომავალ თეატრალურ ფესტივალამდე, რადგან იმედია, კედლებს მიღმა ადამიანებს კიდევ დავინახავთ!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^