Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

განახლებადი ენერგიის წყაროები - გამოუყენებელი შესაძლებლობა საქართველოსთვის

07 დეკემბერი, 2015 16:56

ფელდჰეიმში 145-მდე მოსახლეა. ელექტროენერგიას, რომელსაც სოფლის მცხოვრებნი მოიხმარენ, მათივე სოფელში, ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე გაშენებული მზის ელექტროპარკი და სოფელში განთავსებული 50-მდე ქარის ტურბინა გამოიმუშავებს. დამატებით, გათბობისთვის ბიოგაზის სადგურსაც ამუშავებენ - ენერგიას ხის ნაფოტებისგან იღებენ.

ფელდჰეიმის მცხოვრებლებმა წლების წინ გადაწყვიტეს, სუფთა, განახლებადი ენერგიის გამოყენება. ამისთვის სპეციალური პროექტი წამოიწყეს - ჩართეს ქალაქის მუნიციპალიტეტი, კერძო კომპანია, რომელიც ამ ყველაფერს ტექნიკურად უზრუნველყოფდა, შექმნეს კოოპერატივი, მოიზიდეს ევროკავშირის სხვადასხვა ფონდის გრანტები. ინფრასტრუქტურის ნაწილისთვის ხარჯები თითოეულმა მათგანმაც გაიღო. 

დღეს ფელდჰეიმი მეზობელი სოფლებისგან იმითაც განსხვავდება, რომ იქ უმუშევრობა 0%-ს არ აჭარბებს, მაშინ, როდესაც მეზობელ სოფლებში იგივე მაჩვენებელი 30%-ს აღწევს. მოსახლეობის უმეტესობა სწორედ განახლებადი ენერგიის წარმოება-მიწოდების მიმართულებითაა დასაქმებული.

პირველი ქარის ტურბინა აქ 1995 წელს აშენდა. დღეს იქ მომუშავე 47 ტურბინა 91 მგვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სოფლის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის დიდი წილი მის მცხოვრებლებს არ სჭირდებათ და ამ ენერგიას მათგან გერმანიის ენერგოსისტემა ყიდულობს. სოფელს ბიოგაზის სადგურიც აქვს  - 526 კვტ/სთ სიმძლავრით. ცივ ზამთარში გასათბობად, დამატებით, ხის ნაფოტებზე მომუშავე ელექტროსადგურს იყენებენ. რაც შეეხება მზის პანელების პარკს, მისი წლიური გამომუშავება 2 748 მეგავატსაათს აღწევს და 600 ოჯახისთვისაა საკმარისი.

ენერგივენდე - ამ ტერმინით გერმანელები თავიანთი ენერგოსისტემის ფუნდამენტურ ცვლილებას აღნიშნავენ. ქვეყნის მიერ ოფიციალურად დეკლარირებული მიზნების მიხედვით, 2022  წლისთვის გერმანიამ ატომური ენერგიის წარმოება უნდა შეწყვიტოს, უნდა დაიხუროს ქვანახშირის სადგურებიც. სათბური გაზების ემისია კი 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2020 წლისთვის 40 %-ით ნაკლები უნდა იყოს.

2025 წლისთვის განახლებადი ენერგიების წილი გერმანიის ენერგომოხმარებაში, რომელიც ახლა 26%-ს შეადგენს, 15-20 %-ით უნდა გაიზარდოს. 2035 წლისთვის კი 60%-ს უნდა მიაღწიოს.

რაც შეეხება ენერგიის მოხმარებას, 2008 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 2020 წელს ის 10%-ით უნდა შემცირდეს, 2050 წლისთვის კი 25%-ით. რის უმთავრეს გზადაც ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას მიიჩნევენ.

2014 წლის მონაცემებით, გერმანიის მცხოვრებთა მიერ მოხმარებული ენერგიის 26%- განახლებადი ენერგიის წყაროები შეადგენდა: 9% ქარი, 6 % მზე, 8 % ბიომასა და 3 % წყალი. მოხმარებული ენერგიის 16 % კვლავ ატომური წარმოებისაა, 44% - ნახშირი, ქვა-ნახშირი. 10% ბუნებრივი აირი, 5 % - სხვა.

2001 წლიდან გერმანია შიდა მოხმარებისთვის საჭიროზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს. 2014 წელს კი ახალი რეკორდი დაამყარა და წარმოებული ენერგიის 6% მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გაიტანა.

მართალია, 2011 წლის ფუკუშიმას ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ გერმანიის ქმედებები განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალური ათვისებისა და ატომური ენერგიის წარმოების შეწყვეტის კუთხით განსაკუთრებით გააქტიურდა, მაგრამ ანტიატომური მოძრაობა აქ 70-იან წლებიდან დაიწყო. 1979 წელს მწვანეთა პარტია დაარსდა. 5 წლის შემდეგ კი ახალშექმნილი პარტია უკვე პირველად მოხვდა პარლამენტში - ანტიატომურმა დებატებმა საკანონმდებლო ორგანოში გადაინაცვლა. მწვანეების გავლენა კიდევ უფრო გააძლიერა 1986 წელს ჩერნობილის კატასტროფამ.

1998 წელს გერმანიის მწვანეთა პარტია ქვეყნის მთავრობაში მოვიდა, რაც პოლიტიკურ სისტემაში დიდი გადატრიალება იყო. საბოლოოდ, 2000-იანი წლების დასაწყისში  გერმანიამ მიიღო საკანონმდებლო აქტები განახლებადი ენერგიების წყაროებისა და ატომური ენერგიის გამოყენების შეწყვეტის თაობაზე.

“ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე დგას: კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების დეგრადირება, ენერგოუსაფრთხოება, გარემოსდაცვითი კატასტროფები, სიღარიბე - ყველაფერი ენერგიას, საწვავს, ნავთობს უკავშირდება. შეხედეთ 2015 წლის მშვიდობის ინდექსის რუკას, ნახავთ, რომ სადაც ნავთობია, იქაა ომიც. ათწლეულების განმავლობაში ნავთობი არა კეთილდღეობის და მშვიდობის საწინდარი, არამედ განადგურებისა და სიღარიბის მიზეზი იყო. კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფები კი ყველასთან აღწევს”, - ამბობს ჰანს-იოზეფ ფელი, გერმანიის პარლამენტის (1998-2013) ყოფილი წევრი და Energy Watch -ის პრეზიდენტი.

ფელის თქმით, გავრცელებულ წარმოდგენას იმის თაობაზე, რომ განახლებადი ენერგიები მდიდარი ქვეყნებისთვის განკუთვნილი ფუფუნების საგანია, საფუძველი არ აქვს. ხშირ შემთხვევაში ის განვითარებადი, ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნებისთვის უმთავრესი გამოსავალიც კი შეიძლება იყოს.

“ნახეთ ბანგლადეშის მაგალითი, ეფექტური მიკროკრედიტების სისტემის შედეგად 2010 წლისთვის ბანგლადეშს უკვე 518 210 მზის ენერგიის საწარმოო სისტემა ჰქონდა დამონტაჟებული. თქვენი აზრით, ეს არ უწყობს ხელს სიღარიბის შემცირებას?”

ფელი საქართველოდან და სომხეთიდან ჩასულ გარემოსდამცველებს, აქტივისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ სასწავლო ტურში მონაწილეობდნენ, სამოქალაქო აქტივიზმისა და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე “მოსაგები ბრძოლების”, ასევე პირადი მაგალითების მნიშვნელობაზეც ესაუბრა:

“თვითონ გააკეთეთ ის, რაზეც სხვებს ელაპარაკებით, აჩვენეთ, რომ შესაძლებელია, სხვანაირად ისინი თქვენ არასოდეს დაგიჯერებენ. მნიშვნელოვანი გზაა კონფერენციები, მედიაგაშუქება, დემონსტრაციები, პროტესტი, მაგრამ არა - ერთადერთი. გარემოსდაცვითი საკითხების და განახლებადი ენერგიის გამოყენების თვალსაზრისით ხშირად გადამწყვეტი ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებია. თუ ვერ არწმუნებთ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ რაღაც გააკეთოს, დაიწყეთ ამის მტკიცება ლოკალურ, ყველაზე დეცენტრალიზებულ საფეხურზე და აქ გაცილებით ადვილად მიაღწევთ სინამდვილეში ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას”, - ამბობს ფელი და დასძენს,

შექმენით კოოპერატივები, დააინტერესეთ დონორები, თუ მარტო ხართ, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები, ელაპარაკეთ პარლამენტის წევრებს, ან კიდევ უკეთესი - გახდით პარლამენტის წევრები და თავად შეცვალეთ პოლიტიკა”.

შეძლებს კი გერმანია აბსოლუტურად გათავისუფლდეს ენერგიის ტრადიციულ წყაროებზე დამოკიდებულებისგან? ეს კითხვა ბევრისთვის ჯერაც საკამათოა, თუმცა გერმანიის მოქალაქეები ეთანხმებიან ერთხელ არჩეულ კურსს. პარლამენტართა 85%-მა 2011 წელს ენერგივენდეს მხარი კიდევ ერთხელ დაუჭირა. პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ ატომური ენერგია სრულად უნდა ჩანაცვლდეს. მოსახლეობის 90% კი მიიჩნევს, რომ დასახული მიზნები სწორია, თუმცა მათი მხოლოდ ნახევარი ფიქრობს, რომ ამ პროცესს ამჟამად მნიშვნელოვანი და დიდი პროგრესი აქვს.

გერმანიის მწვანეთა პარტიის წევრი ბარბელ ჰონი 2005 წლიდან პარლამენტის წევრია, თუმცა მანამდე 10 წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ვესტფალიის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტი ეკავა. საქართველოდან და სომხეთიდან ჩასულ სტუმრებს უხსნის, რომ ენერგოტრანზიცია ეკოლოგიურის გარდა და ხშირად მეტადაც კი, ეკონომიკური და სოციალური საკითხია, რაც ხშირად პროცესს დამატებით ბარიერებს უქმნის.  

“მიუხედავად იმისა, რომ განახლებადი ენერგიის მიმართულების განვითარებით გერმანიაში 400 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შევქმენით, რა მოვუხერხოთ იმ 20 000-მდე ადამიანს, რომლის საქმეც წლების განმავლობაში ქვანახშირით ელექტროენერგიის წარმოება იყო? ჩვენ არ შეგვიძლია ავტომატურად მათი ერთი სფეროდან მეორეში გადაყვანა. ისინი სამსახურებს ჩვენი პოლიტიკის,  ჩვენი მოთხოვნების გამო კარგავენ. ამიტომ ეს ყველაზე სენსიტიური და რთული საკითხია”, - ამბობს ჰონი.

დეპუტატი იხსენებს, რომ ინიციატივა, რომელიც 45 წელზე ძველი თბოელექტროსადგურებისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებას მოითხოვდა, სწორედ სავაჭრო გაერთიანებებისა და თანამშრომლების დიდი პროტესტის გამო ვერ განხორციელდა.

“სავაჭრო გაერთიანებები, ოპოზიცია, კონსერვატორები - ყველა ამ იდეას დაუპირისპირდა, ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ვეღარ შეძლო მისი განხორციელება, რადგან არჩევნები ახლოვდებოდა და წამგებიანი პოზიცია იქნებოდა. ტრადიციული ენერგიის წყაროებზე მომუშავე უდიდესი ენერგოკომპანიების აქციების ღირებულება ყოველდღიურად იკლებს. ამავე დროს მცირდება განახლებადი ენერგიის ფასიც. შესაბამისად, ახლა უკვე გვაქვს რეალობა, როდესაც თბოელექტროსადგურები სახელმწიფო სუბსიდირებას იღებენ, მზის ენერგიით წარმოებულ ყოველ კილოვატსაათზე კი მწარმოებელმა დამატებით 3 ევრო ცენტი უნდა გადაიხადოს. ეს დილემაა, ეკოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური დილემა”, - განმარტავს პარლამენტარი.

დღეს გერმანიის მილიონნახევარი მცხოვრები ამავდროულად ენერგიის მწარმოებელიცაა.

“მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” წარმომადგენელი გიორგი მუხიგულიშვილი, რომელიც სასწავლო ტურის ერთ-ერთი მონაწილე იყო, ამბობს, რომ გერმანიის პოლიტიკა და მისწრაფება სამაგალითოა, მით უმეტეს იმის ფონზე, რომ ის განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალით არ გამოირჩევა.

ყველაზე საინტერესო ის კოორდინაციაა, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო, არასამთავრობო თუ საფინანსო ინსტიტუტს აქვს, როცა საქმე განახლებადი ენერგიის წყაროს ეხება. თუკი მოქალაქეს ან მოქალაქეთა ჯგუფს - ენერგიის მომხმარებელს სურს,  განახლებადი ენერგიის მწარმოებელი გახდეს, შეუძლია ამ საქმეში ბევრი რგოლი ჩართოს: მიიღოს მხარდაჭერა მუნიციპალიტეტისგან, წამახალისებელი ტარიფი სახელმწიფოსგან, ბანკის შესაბამისი კრედიტი, გაერთიანდეს კოოპერატივში. როცა საქმე ამ მიმართულებით მომუშავე კერძო კომპანიებს ეხება, საქმეში ბიზნესლობი ერთვება და ..”

მუხიგულიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოსთვის ამ ეტაპზე მთავარია გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანოებმა კანონმდებლობასა და ინსტიტუციურ მოწყობაზე ერთობლივი მუშაობა დაიწყონ.

“მზისა თუ ქარის ენერგიის განვითარებისთვის რაც უნდა იდი პოტენციალი გქონდეს, ინვესტორს ვერ დააინტერესებ, თუკი კანონმდებლობა, რეგულაციები და გარემო მოწესრიგებული არ არის. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად შეიქმნას მაქსიმალურად ბევრი ხელშემწყობი მექანიზმი იმისთვის, რომ ქვეყანაში განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები განვითარდეს და დაინერგოს. მთავარი არის პოლიტიკა, სტრატეგია და სამოქმედო გეგმები”, - ამბობს მუხიგულაშვილი.

ამასთან განმარტავს, რომ გერმანიის მიერ გამოყენებული ზოგიერთი მიდგომა საქართველოში შესაძლოა არაეფექტური გამოდგეს, თუმცა ენერგოტრანზიციის სხვა გზებიც არსებობს. მისი აზრით, სულაც არაა საჭირო წამახალისებელი ტარიფების შემოღება იმ შემთხვევაში, თუკი ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გამჭვირვალე და ხარჯებზე დაფუძნებული ტარიფი გვექნება. ის ფიქრობს, რომ მართალია სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე გამართლებულია ის, რომ გაზისა და ელექტროენერგიის წარმოება დღეს სახელმწიფოს გაცილებით მეტი უჯდება, ვიდრე მომხმარებელს მისი ყიდვა, მაგრამ მთლიანად სისტემისთვის გაცილებით ეფექტური იქნებოდა იმ ჯგუფების მიზნობრივი სუბსიდირება, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.

“როცა გვექნება კონკურენტული ბაზარი გამჭვირვალე ტარიფებით, ინვესტორებსაც ექნებათ შესაძლებლობა, შემოვიდნენ თავისუფლად, განავითარონ მზის, ქარის ენერგიის, ჰიდროენერგიის თუ ბიომასის წარმოება. რაც შეეხება ჰიდროენერგიას, ის, რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგიის წყაროა, თუმცა მცირე, საშუალო თუ დიდი ჰესების მდგრადობა და განახლებადობა დამოკიდებულია იმაზე, რამდენად და როგორაა გათვალისწინებული სოციალური, ეკოლოგიური და ეკონომიკური საკითხები ამ ენერგიის წარმოებისას”, - ამბობს მუხიგულიშვილი.  

2015 წლის 12 ივნისს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონულმა ბიურომ უმასპინძლა რეგიონულ ენერგეტიკულ კონფერენციას - „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და პოლიტიკური არჩევანი“.  კონფერენციაზე ფონდის წარმომადგენლებმა რეგიონული ენერგეტიკული კვლევა - „სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა: განვითარების შესაძლებლობები და პოლიტიკური არჩევანი“წარმოადგინეს. 

 კვლევის ავტორს, გერმანული საკონსულტაციო კომპანია “ეკონის” მმართველსა და ენერგეტიკის  ექსპერტს, პეტრა ოპიცს მიაჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკის ყველა არსებული თუ პოტენციური პრობლემა გაუმართავ საკანონმდებლო სისტემას უკავშირდება: საქართველოს არ აქვს სტრატეგიული გეგმა, როგორ განვითარდეს ენერგეტიკის სფერო, რეგულაციები არასათანადოა, ბაზარი გაუმჭვირვალე და პროცესი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას არ შეესაბამება, ნაკლები ყურადღება ეთმობა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს.

საქართველომ ბევრი წლის შემდეგ, მხოლოდ 2014 წელს მოამზადა ენერგო-ბალანსი; დღემდე საბოლოო სახე არ აქვს ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიას თუ მდგრადი ენერგოგანვითარების პოლიტიკის დოკუმენტს. ეს კიდევ უფრო უცნაურია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, მით უფრო, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები მოლაპარაკებებს აწარმოებენ ევროპის ენერგეტიკულ კავშირში გაერთიანების შესახებაც”, - ამბობს ოპიცი

კვლევის ავტორები საქართველოს ჰიდროპოტენციალს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ამბობენ, რომ ამ დიდი რესურსიდან ამჟამად მხოლოდ 12%-ია გამოყენებული. თუმცა დაბალი ხარისხის გარემოზე ზემოქმედებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემის არარსებობის გამო საკამათო ხდება ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა.

“საქართველო ძლიერაა დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგიაზე. კვლავ არაა მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავდა, როგორ აპირებს საქართველო ამ დამოკიდებულების შემცირებას. და სამწუხაროდ, კვლავ არ არის პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ მოწესრიგდეს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის წყაროების (გარდა ჰიდროენერგიისა) ჩართვა ენერგოსტრატეგიაში.  მთავრობის მთელი ყურადღება გადატანილია იმაზე, თუ როგორ მოიზიდოს ინვესტიციები საშუალო და დიდი ზომის ჰესების ასაშენებლად. კონკრეტულ პროცედურებს კი, ძირითადად, ბაზარს მიანდობს”,  - ამბობს ოპიცი.

მისი აზრით, თუკი საქართველოს ხელისუფლება სერიოზულ ღონისძიებებს არ მიმართავს ისეთი ბარიერების შესამცირებლად, როგორიც იაფი დაფინანსების მექანიზმების სიმწირე, განუვითარებელი ტექნიკური სიმძლავრეები და მაღალი საოპერაციო ხარჯებია. ის განაგრძობს ყოველწლიურად მილიონობით ლარის დაკარგვას.

ოპიცი ამბობს, რომ პირველ ყოვლისა, უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე უნდა განისაზღვროს პასუხისმგებელი სტრუქტურები განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის განვითარებისთვის, საერთაშორისო წესების მიხედვით უნდა  განვითარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემაც განახლებადი ენერგო რესურსების ყველა პროექტისთვის, ამასთან, განვითარდეს დამოუკიდებელი ანალიტიკური კომპეტენციებიც.

კვლევის მიხედვით, ბარიერები განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენების კუთხით, სომხეთსა და აზერბაიჯანშიც ბევრია, რაც ამ მიმართულებას ნაკლებად მიმზიდველს ხდის ინვესტორებისთვის. რაც შეეხება ენერგოეფექტურობას, აქცენტი მხოლოდ ენერგიის წარმოების კუთხით კეთდება და ენერგოეფექტურობის პოტენციალი არაა აღქმული როგორც რესურსი და შესაძლებლობა. ენერგიის ექსპორტირების საკითხები და მთლიანად ელექტროენერგიის რეგიონული ბაზარი სამ მეზობელ ქვეყანას შორის არასაკმარისადაა განვითარებული.

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და ალტერნატიული ენერგიის წყაროების მთავარი სპეციალისტი ნატალია ჯამბურია ამბობს, რომ სწორედ ახლა იწერება ქვეყნის ენერგოსისტემის განვითარების პროგნოზები, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სამინისტროს შიდა სამუშაო დოკუმენტია.

არსებობს პროგნოზები - როგორ უნდა განვითარდეს ენერგეტიკა მომდევნო 20-25 წლის პერიოდში, თუმცა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება. ამას სჭირდება დაჯდომა, მუშაობა, კვლევა. შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, სადისტრიბუციო კომპანიებიც ცდილობენ, რომ პროცესში ჩაერთონ. თუმცა ზუსტად ვერ ვიტყვი, როდის დასრულდება ამ დოკუმენტებზე მუშაობა”, - ამბობს ჯამბურია.

მისივე თქმით, სამინისტრო მუშაობს ენერგოეფექტურობის შესახებ სამწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებაზეც, სადაც უნდა გაიწეროს ენერგეტიკის, მრეწველობის, ტრანსპორტისა თუ სამშენებლო სფეროებში ენერგოეფექტურობის რა დონის მიღწევაა შესაძლებელი და როგორ. ამის შემდეგ კი კანონზეც დაიწყება მუშაობა.  

ჯამბურია ამბობს, რომ ქარის პირველი ელექტროსადგური (20 მგვტ) 2016 წელს უკვე შეძლებს სახელმწიფო სისტემისთვის ენერგიის მიწოდებას. არსებობს რამდენიმე ინიციატივაც, რომელიც ამ სადგურის სიმძლავრის 900 - 1000 მგვტ-მდე გაზრდის შესაძლებლობებს იკვლევს. თუმცა ქარის ენერგიის მისაღებად არც ქართული ენერგოსისტემაა მზად:

"აუცილებელია დარეგულირდეს ის რყევები, რომელსაც ქსელში ქარის ენერგია იწვევს. ამ რყევების მისაღებად დღეს ენერგოსისტემა მზად არაა. ამიტომ მიერთების ობიექტების საკითხი საკმაოდ პრობლემურია, თუმცა სახელმწიფო ელექტროსისტემას გამოცემული აქვს ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა და იქ ეს ყველაფერი გაწერილია”.

ქარის ენერგიის პოტენციალის საშუალო წლიური რაოდენობა 4 მლრდ კვტ.სთ-მდეა შეფასებული. რაც შეეხება მზის ენერგიის პოტენციალს, ენერგეტიკის სამინისტროს ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ საქართველოს წელიწადში 250-დან 280-მდე მზიანი დღე აქვს და მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი  108 მვტ-ია, რაც წლიურად 34 ათასი ტ. პირობით სათბობს უდრის.

ნატალია ჯამბურიას თქმით, მზის სადგურების აშენებით დაინტერესებული რამდენიმე კომპანია მოკვლევის ეტაპზეა. თუმცა ინდივიდუალურ დონეზე, მაღალმთიან რეგიონებში ზოგიერთი ოჯახი მზის ენერგიას წყლის გასათბობად ეფექტურად იყენებს.

საქართველოში მცირემიწიანობის გამო დიდმასშტაბიანი მზის სადგურები, ვფიქრობ, ნაკლებად გამართლებულია, მით უფრო, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნისთვის პრიორიტეტულია და დეგრადირებული მიწებიც ცოტა გვაქვს. ჩემი აზრით, ჩვენთვის უფრო გამართლებული სახურავებზე მზის პანელების დაყენებაა”.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოს ენერგიის პირველადი წყაროების 25.3%-ს  განახლებადი ენერგიის წყაროები შეადგენს. აქედან 16.8 % ჰიდროენერგიაზე მოდის, 8.3 % - ბიომასასა და ნარჩენებზე, 0,3 % გეოთერმულია. ზოგადად კი, საქართველოში გენერირებული ელექტროენერგიის 80-85%-ს ჰიდროელექტროსადგურები გამოიმუშავებენ.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სათავო ოფისი, ბერლინი, გერმანია

1.263 კვ.მ-ზე განლაგებულ ნაგებობის მცირე მოცულობის, თუმცა თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობა პირველადი ენერგიის ძალზე მცირე რაოდენობით მოხმარებას უზრუნველყოფს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
^