თბილისის მერი დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულთა შეწყალებასთან დაკავშირებით პატრიარქის ინიციატივაზე მთავრობამ აუცილებლად უნდა იმსჯელოს.
"იმიტომ უნდა დაექვემდებაროს ეს საკითხი განსჯას, რომ ინახოს მისი ყველა მხარე, შემდეგ რა ცვლილებები სჭირდება ამას კანონმდებლობაში. რა თქმა უნდა, კომპლექსურად განსახილველი საკითხია", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გუშინ რუსთაველის თეატრში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა შეწყალების უფლება პატრიარქსაც უნდა ჰქონდეს. მის ინიციატივას სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დადებითად აფასებენ. ღარიბაშვილმა გუშინ პარლამენტსა და პრეზიდენტს ამ საკითხზე მსჯელობის დაწყებისკენ მოუწოდა.
საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის "პ" ქვეპუნქტის თანახმად, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა.