გუშინ მთავრობის ადმინისტაციის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მონაწილეები სლოგანით - „არა ეკლესიის დისკრედიტაციას" გამოვიდნენ, ადგილზე მყოფი „ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი გაბედავამ საინფორმაციო სააგენტო „ფოსტალიონის" ჟურნალიტ ვახო კვარაცხელიას აქციის გაშუქებაში ხელი შეუშალა.
„ლიბერალთან" საუბრისას კვარაცხელია ამბობს, რომ მას გაბედავამ „უზრდელი" უწოდა და ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.
„მოვედი აქციის გასაშუქებლად, აქ დამხვდა გიორგი გაბედავა, რომელსაც დავუსვი შეკითხვა, თუ რატომ იმყოფებოდა აქ და რა იყო აქციის მიზანი. მოსვლისთანავე მან სხვანაირად დამიწყო საუბარი და მითხრა, რომ ვიყავით მიგზავნილები, მითხრა რომ ვარ უზრდელი და მომთხოვა ტერიტორიის დატოვება, თუმცა არ დავემორჩილე. მითხრა, რომ „იდენტობამ" გამომგზავნა იმისთვის, რომ აქ მოვსულიყავი და დამესვა ჩემთვის სასურველი კითხვები, რომ ამისთვის მიხდიდა „იდენტობა" და ირაკლი ვაჭარაძე", - აღნიშნა კვარაცხელიამ „ლიბერალთან" საუბრისას.
როგორც კვარაცხელია აღნიშნავს, ის გაბედავას მოქმედებას ჰომოფობიურ მოტივსაც უკავშირებს.
„მინდოდა გაბედავასგან კომენტარის ჩაწერა აქციასთან დაკავშირებით, თუმცა ის ჩემ მიმართ აგრესიულად განეწყო, მითხრა, რომ ვიყავი ირაკლი ვაჭარაძისგან მიგზავნილი, მისი მხრიდან ასეთი აგრესია ჰომოფობიურ მოტივსაც დავუკავშირე. მე განვუმარტე მას, რომ მე ვიყავი „ფოსტალიონის" ჟურნალისტი და აქციაზეც მხოლოდ და მხოლოდ გასაშუქებლად მივედი. მას არც მოუთხოვია ჟურნალისტის დამადასტურებელი მოწმობა, რომ მოეთხოვა ვანახებდი", - ამბობს კვარაცხელია.
როგორც „ლიბერალთან" საუბრისას გიორგი გაბედავამ აღნიშნა, კვარაცხელიამ თავი მედიის წარმომადგენლად გაასაღა და სინამდვილეში პროვოკატორი იყო.
მთავრობის ადმინისტრაციის წინ მომხდარი ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო, გუშინ „პარტიზანმა მებაღემ" ნატა ფერაძემ Facebook-ზე გაავრცელა.
„ლიბერალთან" საუბრისას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი გიორგი მგელაძე განმარტავს, რომ ვიდეოში ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლის ნიშნები ჩანს. როგროც მგელაძე ამბობს, არავის აქვს უფლება, ასეთ საჯარო ადგილას, საჯარო შეკრების გაშუქება ვინმეს აუკრძალოს.
„მით უფრო, არავის აქვს უფლება ჟურნალისტს ხელით შეეხოს და ფიზიკური ძალის გამოყენებით აიძულოს ტერიტორიის დატოვება, ვიდეოს ის ნაწილი, სადაც ერთ-ერთი პირი ჟურნალისტს ეჯიკავება, არის საქმიანობის განხორციელების ხელშეშლა. რაზეც სამართალდამცავებს ევალებათ მოახდინონ რეაგირება", - აცხადებს მგელაძე.
„ლიბერლი" მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. მათი თქმით, უწყებაში შეტყობილება არ შესულა.
„თუ მიმართავენ სამინისტროს, მყისიერი რეაგირება მოხდება", - უთხრეს „ლიბერალს" შსს-ში.
როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი ამბობს, კანონი სამართალდამცავებს ავალდებულებს ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თავადვე დაიწყონ ფაქტის შესწავლა.
მასალის გამოქვეყნებისთვის შემდეგ „ლიბერალი" შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთხელ დაუკავშირდა, უწყებიდან პასუხს ველოდებით.