
იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, მთავრობა მზად არის „მოწმეთა დაკითხვის წესის" შესახებ კანონპროექტიდან ის მუხლი ამოიღოს, რომელიც მოწმის მიმართ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ბარამიძის თქმით, ეს ცვლილება იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუკი კანონპროექტში დარჩება და გამკაცრდება მუხლი, რომელიც ცრუ ჩვენებისთვის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
დეპუტატმა თამარ კორძაიამ გუშინ განაცხადა, რომ „რესპუბლიკელები" მოწმეთა დაკითხვის წესის შესახებ კანონპროექტს მხარს არ დაუჭერენ, თუკი ინიციატორი იურიდიულ კომიტეტზე წარდგენილ შენიშვნებს არ გაითვალისწინებს.
მისი თქმით, თუ მოწმე დაცვის მხარის დაუსწრებლად დაიკითხა, ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების არსებობის შემთხვევაში, პრინციპულად მოუღებელია, მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. კორძაია მიიჩნევს, რომ მოწმის დაკითხვის წარმოდგენილი სტანდარტი დაბალია.
იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოწმის ნებაყოფლობითი გამოკითხვის და, საჭიროების შემთხვევაში, მოსამართლის წინაშე დაკითხვის ახალ სტანდარტებს აწესებს. კანონპროექტით, მოწმის დაკითხვა მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე იქნება შესაძლებელი.