Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოწმეთა დაკითხვის წესიდან ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებისთვის პასუხისმგებლობა ამოიღეს

15 დეკემბერი, 2015 19:55

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც მოწმეთა დაკითხვის წესი მეორე მოსმენით განიხილეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ დეპუტატებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა, რომლებიც ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებისთვის გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას, მოწმის დაკითხვაზე მიყვანის წესს, დაკითხვაზე დაცვის მხარის დასწრებასა და სხვა საკითხებს ეხებოდა.

როგორც კომიტეტის სხდომაზე ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, კანონპროექტიდან სს კოდექსის 371-ე პრიმა მუხლი ამოიღეს, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა აღნიშნა, რომ ცრუ ჩვენება და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენება არსებითად ერთი და იგივეა. მან კანონროექტის ის ჩანაწერი გააპროტესტა, რომლის თანახმადაც, გამოკითხვამდე, მხარე ვალდებულია, პირი წერილობით გააფრთხილოს ცრუ ჩვენებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ.

„ეს არ არის დაკითხვა, , შესაბამისად, მოწმის გაფრთხილება, რომ არასწორი ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში პასუხისგებაში მოეცემა, ნებაყოფლობითობის პროცესს თავისთავად ფორმალურს ხდის“ - თქვა მინაშვილმა.

მისი თქმით, პრობლემურია ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან თუ მოწმე ცრუ ინფორმაციას გამოკითხვის ეტაპზე მისცემს, სასამართლოს არსებით სხდომაზე კი სწორ ინფორმაციას მიაწოდებს, მაშინ პასუხი უნდა აგოს, რაც მასზე ზემოქმედების მოხდენაა.

ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, ნებაყოფლობითობის პრინციპი დაცულია, რადგან პირს შეუძლია გადაწყვიტოს, გასცეს ან არ გასცეს ინფორმაცია და ამისთვის მისი პასუხისმგებლობა არ დადგება, თუმცა თუ გამოკითხვაზე დათანხმდა, მაშინ ვალდებულია, რომ სწორი ინფორმაცია გასცეს.

„სხვა შემთხვევა წაქეზება იქნებოდა, რომ საგამოძიებო ორგანო ცრუ კვალზე დააყენონ, რაც ფინანსური და დროითი რესურსების ხარჯვას გამოიწვევდა“ - თქვა ბარამიძემ.

აკაკი მინაშვილი მიიჩნევს, რომ მოსამართლის წინაშე დასაკითხად პირის დაბარების სტანდარტი უფრო მაღალი უნდა იყოს. მისი თქმით, მოწმის დაბარება მხოლოდ დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში უნდა იყოს შესაძლებელი, ამასთან, მიიჩნევს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპით, დაკითხვაზე პირის დაბარების უფლება დაცვის მხარესაც უნდა ჰქონდეს.

„დაკითხვას ორივე მხარე უნდა ესწრებოდეს და დაცვის მხარეს კითხვების დასმის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. მოწმის სანდოობის შეწყალების თვალსაზრისით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“ - თქვა მინაშვილმა.

გამოკითხვის სტანდარტზე ყურადღება დეპუტატმა თამარ ხიდაშელმაც გაამახვილა. მისი თქმით, წარმოდგენილი კანონპროექტი ყველა იმ პირის დაკითხვის საშუალებას იძლევა, რომელიც გამოკითხვაზე იტყვის უარს.

„მხოლოდ ერთი ფაქტი ან ინფორმაციაც საკმარისია, რომ იგი სურვილის საწინააღმდეგოდ დაკითხონ“ - თქვა ხიდაშელმა.

როგორც ალექსანდრე ბარამიძე აღნიშნავს, დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი ისედაც მაღალია. მისი თქმით, ეს არის ბრალდების წაყენების, აღკვეთს ღონისძიების სტანდარტი, ისეთი საგამოძიებო მოქმედებების  ჩატარების სტანდარტი, რასაც მოსამართლის ნებართვა სჭირდება.

რაც შეეხება იმას, უნდა ესწრებოდეს თუ არა დაკითხვას ორივე მხარე, მისი განმარტებით, ამისთვის საქმის არსებითი განხილვა არსებობს.

„აბა არსებით განხილვაზე რაღა უნდა მოხდეს?

„ორი სახის გამონაკლისები უნდა განვასხვავოთ. პირველი ნაწილის გამონაკლისების იდეა ის არის, რომ მოწმე, რომელიც მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება, არსებითი განხილვის სხდომაზე აღარ მივა, რადგან შეიძლება ავად იყოს, ან საზღვარგარეთ მიდიოდეს, ან იმიტომ, რომ შესაძლოა, დაცვის სპეციალური ღონისძიებების ქვეშ იყოს. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მოწმე არამხოლოდ ვალდებულია რომ მივიდეს, არამედ, თუ არ მივა, დაკითხვის ოქმი უბრალოდ დაუშვებელი მტკიცებულება იქნება. იგი აუცილებლად უნდა მივიდეს სხდომაზე იმისთვის, რომ მტკიცებულება დასაშვები იყოს“ - თქვა ბარამიძემ.

რაც შეეხება მოწმეთა მაგისტრატ მოსამართლესთან მიყვანას, მისი თქმით ამას დიდი რესურსები სჭირდება, შესაბამისად, არსებობს რამდენიმე ფილტრი - პროკურორის თანხმობა, მაგისტრატი მოსამართლის თანხმობა. მისი განმარტებით, კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლეების შტატების დამატება ისედაც გახდებოდა საჭირო, შესაბამისად, იგი ხიდაშელის შენიშვნას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ეს პროცესი თავად დარეგულირდება ვითარების შესაბამისად.

„ სახელმწიფო არ დაუშვებს, რომ პროცესი უკონტროლო გახდეს, ამიტომ, ვიღაცები დაიკითხებიან და ვიღაცები გამოიკითხებიან“ - ამბობს ბარამიძე.

საია-ს იურისტი სოფო ჭარელი დაინტერესდა, რა უფლებამოსილებები ენიჭება მაგისტრატ მოსამართლეს დაკითხვის დროს. როგორც მან აღნიშნა, საინტერესოა, თუ რა უნდა მოიმოქმედოს მოსამართლემ, თუკი მხარე მიმანიშნებელ კითხვას დასვას დაკითხვაზე, რომელსაც დაცვის მხარე არ ესწრება.

ბარამიძის თქმით, მოსამართლე მოვალეს წესრიგი უზრუნველყოს.

„მოწმეს აქვს უფლებები, მაგალითად - არ მისცეს მამხილებელი ჩვენება საკუთარი თავის ან ახლობლის შესახებ. როცა მიმანიშნებელ კითხვას უსვამენ, ეს პროცესუალური წესების დარღვევაა და მათ დაცვა მოსამართლემ უნდა უზრუნველყოს“ - თქვა ბარამიძემ.

ომბუდსმენის საპარლამენტო მდივანმა ეკა ფოფხაძემ შენიშვნები 114-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესახებ გამოთქვა, რომლის თანახმადაც, „დაკითხვის ინიციატორი მხარე უფლებამოსილია, დასაკითხი პირის წერილობითი თანხმობით თავად უზრუნველყოს მაგისტრატ მოსამართლესთან მისი წარდგენა“. როგორც მან კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, თუკი პირი პირი თავისით არ მიდის, მას სასამართლო მიიყვანს.

„მესამე მექანიზმი საჭირო არ არის. ვინც პრაქტიკოსი იურისტია, იცის, როგორი ფორმალობაა ხელმოწერით თანხმობა. ხშირად, მოქალაქეები ვერც კი ხვდებიან, რაზე აწერენ ხელს. გვეშინია, ამან არ მიიღოს მახინჯი ფორმა და პროკურატურამ/შსს-მ არ გამოიყენონ  ეს მუხლი - გავლენა არ მოახდინონ მოწმეზე.

შენიშვნას დაეთანხმა დეპუტატი თამარ ხიდაშელიც. „მოწმე გაფრთხილებულია, იცის რომ უნდა გამოცხადდეს, თუ არ გამოცხადდება  ამას სამართლებრივი შედეგები მოჰყვება, არ ვფიქრობ, რომ აუცილებელია დაკითხვის ინიციატორმა უზრუნველყოს მისი წარდგენა მოსამართლესთან“ - თქვა ხიდაშელმა.

ალექსანდრე ბარამიძე მიიჩნევს, რომ ამ მექანიზმით სისწრაფე იქნება უზრუნველყოფილი და მასში საფრთხეებს ვერ ხედავს.

„არ არსებობს კანონის, ნორმა რომელსაც მავნე პრაქტიკებისგან აბსოლუტურად დაგაზღვევთ. რატომ უნდა წავართვათ შესაძლებლობა, რომ რესურსები დაზოგონ თუ თანახმა არიან? თუ და დანაშაულის ჩადენა მოგინდა, ხელს სხვა რაღაცებზეც მოაწერინებ. თუ დარღვევაზე მიდგა საქმე, საერთოდ არ მიიყვანენ მოსამართლესთან, „დააპადიეზდებენ“ - თქვა ბარამიძემ.

შენიშვნას გამოეხმაურა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეც. მისი თქმით, გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მოწმე მზადაა დაკითხვაზე მივიდეთ, თუმცა ამბობს, რომ მისვლის შესაძლებლობა არ აქვს.

პროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედების ვადად 2016 წლის 20 თებერვალია განსაზღვრული, თუმცა სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებთან მიმართებაში, რომელთა ნაწილი ტერორიზმთან დაკავშირებულ დანაშაულებებს შეეხება, დაკითხვის ახალი წესი რიგ შემთხვევებში ერთი წლის შემდეგ, ხოლო რიგ შემთხვევებში ორი წლის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^