საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის (VLAP) შესრულების ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
VLAP-ის თანახმად საქართველოში განხორციელდა მთელი რიგი საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური რეფორმები შემდეგ სფეროებში:
· დოკუმენტების უსაფრთხოება
· საზღვრის მართვა, მიგრაციის მართვა, თავშესაფრის პოლიტიკა
· საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (ორგანიზებული დანაშაულის კორუფციის, ტრეფიკინგის, ნარკოტიკების, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა, სამართლებრივი თანამშრომლობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვა)
· ადამიანის უფლებების დაცვა უმცირესობათა ჩათვლით
სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებული რეფორმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
· მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის შექმნა და მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის იმპლემენტაცია; მიგრაციის რისკების ანალიზის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება;
· პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მიღება და ინსპექტორის ინსტიტუტის შემოღება;
· დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღება და მისი იმპლემენტაცია;
· ადამიანის უფლებათა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიღება და იმპლემენტაცია;
· საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღება, რომელიც საჯარო სამსახურის მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს ამკვიდრებს;
· შრომის ინსპექციის დეპარტამენტის შექმნა;
· ნარკოტიკების ფლობისა და გასაღებისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამიჯვნა;
· საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემატური კონტროლის მექანიზმის შემოღება და სხვა.
სამინისტროს ცნობით, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად, ჯამში მიღებულა 60-ზე მეტი საკანონმდებლო ცვლილება და 70-მდე კანონქვემდებარე აქტი, ინსტრუქცია, რეგულაცია, 9 ეროვნული სტრატეგია და რატიფიცირება გაუკეთდა 7 საერთაშორისო კონვენციას. გარდა ამისა, შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეულები, დაინერგა ახალი სერვისები, შემუშავდა მექანიზმები, გააქტიურდა საინფორმაციო კამპანიები VLAP-ით განსაზღვრული მიმართულებებით.
VLAP-ის იმპლემენტაციის პროცესში განხორციელდა ევროკავშირის 22 შემფასებელი მისია VLAP-ით განსაზღვრული 13 მიმართულებით და გამოქვეყნდა ევროკომისიის 4 ანგარიში.
„საგულისხმოა, რომ საქართველომ ამ უმნიშვნელოვანეს პროგრესს უმოკლეს პერიოდში მიაღწია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ VLAP-ის მეორე ფაზის შესრულების ეტაპზე საქართველო ოფიციალურად მხოლოდ 2014 წლის ნოემბერში იქნა გადაყვანილი.
ევროკომისიის ანგარიში და საქართველოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევის ამგვარი შეფასება ჩვენი ხელისუფლების კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
გუშინ ევროკომისიამ საბოლოო პროგრესანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო აკმაყოფილებს ყველა ნიშნულს, რომელიც ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ნაწილში იყო მოცემული