ტრანსგენდერი ქალი ბიანკა შიგუროვა მეტრომშენის დასახლებაში, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. „ლიბერალთან“ საუბარში გარდაცვალების მიზეზად შსს ამ ეტაპზე გაზის გაჟონვას ასახელებს.
„ნაპოვნია გვამი. მასთან ერთად გაგუდულია მისი ძაღლი. გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, - განუცხადეს „ლიბერალს" შსს-ს პრესსამსახურში.
ბიანკა შიგუროვა 22 წლის იყო.
2014 წლის 11 ნოემბერს კიდევ ერთი ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი იპოვეს გარდაცვლილი. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, როცა ბინაში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში (სსკ 108-ე მუხლი) უდანაშაულოდ ცნო.
როგორც „ლიბერალს“ სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ კოჭლაშვილი დამნაშავედ დანარჩენ ორ ბრალში ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
კოჭლაშვილს განზრახ მკვლელობის გარდა ბრალი ცემის (სსკ 125-ე მუხლის პირველი ნაწილით) და ნივთის დაზიანება ან განადგურების (187-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი.