ბიანკას გადაღება საბის მკვლელობის შემდეგ დავიწყე. მახსოვს, რა რეაქცია მოჰყვა ამ ამბავს. ადამიანთა გარკვეული ჯგუფი, რომელიც, სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ დიდია, მკვლელს ამართლებდა. ამან გადამაწყვეტინა ისეთი პროექტის გადაღება, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნებოდა იმ სტერეოტიპებისგან, რომელსაც ჩვენი მედია ჰომოფობებს შეფარულად უმყარებს. ვცადე, პათეტიკისა და სატელევიზიო დრამის გარეშე მეჩვენებინა ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება. ადამიანის, რომელიც მუდმივად არის ზიზღის და დამცირების ობიექტი. ფოტოპროექტის გმირის მაგალითზე კარგად ჩანს, როგორი დაუნდობელნი ვართ ერთმანეთის მიმართ.
ჩემი აზრით, ბიანკას მიმართ გამოხატულ ძალიან დამთრგუნველ, შეურაცხმყოფელ და აგრესიულ დამოკიდებულებაში კარგად ჩანს ქართული საზოგადოების სახე.
პროექტზე მუშაობისას ჩვენ გვქონდა გულწრფელი საუბრები. გთავაზობთ ნაწყვეტებს:
რა რეაქცია ჰქონდათ ოჯახის წევრებს?
ძალიან მძიმე და რთული, რის გამოც ბევრჯერ თვითმკვლელობა ვცადე. ძალიან რთულად მიიღეს. განსაკუთრებით, დედამ და ბებიამ.
სოფელში დაახლოებით ორი წლის წინ გაიგეს. მანამდე მათთვის ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი, რადგან არ აღიქვამდნენ, რომ ბიჭი ვიყავი, არც გართულება ჰქონიათ არასდროს. პირიქით, სახელიც მათ შემარქვეს _ ანი. თუ ვინმე მოკვდებოდა, მეძახდნენ - „ანი დახმარება გვჭირდება“. მათთვის არ ვიყავი განსხვავებული, ჩვეულებრივ გოგოსავით მიყურებდნენ.
მაგრამ ბოლო ორი წელია, უკვე მიუღებლობაა. [...]
რა ფორმის აგრესიას შეხვედრიხარ?
ყველაზე მძაფრად მახსოვს გურიის ამბავი - 70-კაციანი ჩაქოლვა. ხელკეტს მირტყამდნენ და მემუქრებოდნენ - "აი ამ ადგილიდან შენ ცოცხალი ვერ გახვალო" - ყველაზე მეტად ეს დამამახსოვრდა. მსგავსი რაღაცები, უკვე ჩემთვის გადახარშული იყო და ვიცოდი, რომ დიდ ქალაქში ჩასული იმავე ხიფათებს გადავეყრებოდი. მართლა განსაკუთრებულად მძიმე იყო გურიაში მომხდარი ამბავი.
ზაფხულის ერთ ცხელ დღეს (ზუსტად არ ვიცი, რა დღე იყო) სტადიონზე გურიის ბიჭები თასის მოსაპოვებლად თამაშობდნენ. იქ იყო ჩვენი სამეზობლო - ვიღაცის მამა, ვიღაცის მშობელი, ნაცნობები. შევედი სტადიონზე, დავჯექი და ერთ-ერთი მოთამაშე, რომელიც ჩემი ღობის მეზობელია, მოდის და მეუბნება - „აქ რა ჩემი … გინდა?“ მე ვუპასუხე, რომ სოფელი არავის საკუთრება არ არის. მან ხელი გამარტყა. არ მოვუთმინე და სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. ამას სტვენა მოჰყვა და რამდენიმე ბიჭი მოვარდა. როცა უკვე შუა ჩხუბი იყო, აი იმ ბიჭს, რომელიც თავიდან მოვიდა, ფრჩხილებით დავუკაწრე სახე. რაზეც გაჭედეს, როგორ ავწიე ხელი.
ამ ამბავში მთელი სოფელი ჩაერთო. რაღაც მიზეზი უნდოდათ, რომ სოფლის წესებით გავეძევებინე.
როგორ უმკლავდები ქუჩაში აგრესიას?
დღესდღეობით ყურადღებას საერთოდ არ ვაქცევ, რადგან უკვე გადატანილი და გადახარშული მაქვს. არ ვაქცევ ყურადღებას არანაირად, თუ პირადად არ მეხება - არ შემეხებიან ხელით ან არ შეეხებიან ჩემს ოჯახს. სხვა შემთხვევაში, არ მაინტერესებს, ვინ რას იტყვის ჩემზე. რადგან, როდესაც ხარ ტრანსი, განსხვავებული, არატრადიციული ორიენტაციის და თითით საჩვენებელი, თავზე თვითონ უნდა იმუშაო, რომ უფრო დიდი ხიფათი არ ნახო, რაც მე მაქვს გადატანილი. ქუჩაში აგრესია ჩემთვის უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა.
რას გეუბნებიან ადამიანები, რომლებიც შემოდიან შენთან დიალოგში, გესაუბრებიან, მაგრამ არ იღებენ შენს იდენტობას?
ასეთი შემთხვევებიც ყოფილა. ასეთ ხალხთან ვერაფერს გავდივარ. აი, მაგალითად, გუშინ - ტაქსის მძღოლს ერთი საათი ვეუბნებოდი, რომ ტრანსი ავადმყოფი არ არის. ის მპასუხობს, რომ არის. შეაყარე კედელს ცერცვი და ეგ არის - აზრი არ აქვს.
უფრო მეტად რომელი ასაკობრივი კატეგორიიდან მოდის აგრესია?
აგრესია მოდის ახალგაზრდებიდან. ყოფილა შემთხვევა 13 წლის ბიჭისგანაც წამოსულა. ასე მგონია, რომ 25 წლამდე უფრო აგრესიულად განწყობილნი არიან. დღესდღეობით ახალგაზრდებში აგრესიამ იმატა. დამოკიდებულება მხოლოდ ჩემი დედ-მამისხელა ხალხისგან შეიცვალა. მათგან ოდნავი პატივისცემა და შეგნება მაინც მოდის. ახალგაზრდებისგან წამოსული აგრესია უფრო ინტენსიურიც კი გახდა.