ციხისძირში, სადაც „პარტიზანი მებაღეები" ასწლოვანი ხეების გადარგვას აპროტესტებენ, 4 ადამიანი დააკავეს, რომელთაგან ორი „პარტიზანი მებაღეა". „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" წარმომადგენელ დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის თქმით, დაკავებულებს შორის არიან ბათუმის და ქობულეთის საკრებულოს წევრები - ნოდარ დუმბაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.
შსს-ს ინფორმაციით, დემონსტრანტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდქსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
„პარტიზანი მებაღეები" „ლიბერალთან" საუბარში განმარტავენ, რომ ისინი ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობენ, გაარკვიონ, სად გადაიყვანეს სამართალდამცავებმა დაკავებული მარიამ პაიჭაძე და ელენე ჯაყელი.
უკვე რამდენიმე დღეა, „პარტიზანი მებაღეები" ციხისძირში იმყოფებიან. მათი ინფორმაციით, ხეები ბიძინა ივანიშვილმა იყიდა და მათი გურიაში გადარგვა სურს.
„პატრულს დავურეკეთ, თუმცა არ მოვიდა. ადგილზე ვერ წარმოგვიდგინეს სპეციალისტის, ბოტანიკოსის დასკვნა, რომ ხეს სასიცოცხლო ფუნქციები შეუნარჩუნდება. გზა გაჰყავთ ზღვისკენ და ამოთხრილია დაახლოებით 40 მომცრო ხე, რომლებიც გვერდზე აქვთ გადაყრილი. არც ამაზე ჰქონიათ ნებართვა და როგორც გვითხრეს, ეს უბრალო ხეებია. ბრალიან ხეს ეძახიან ხეს, რომელიც ნაყოფს ისხამს" - ამბობს „ლიბერალთან" საუბარში პარტიზანი მებაღე ნატა ფერაძე.
ხის ამომძირკვავი ამწე გაბრუნებულია ტერიტორიიდან. ყველა სამუშაო მიმდინარეობს აბსოლუტური კანონდარღვევით.აუცილებლად საჭიროა მობილიზაცია და ხალხის რაოდენობის ზრდა! შემოგვიერთდით!
Posted by პარტიზანული მებაღეობა თბილისში Guerrilla gardening Tbilisi on Wednesday, February 10, 2016