Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნევადის შემდეგ: ვინ შეაჩერებს ტრამპს?

25 თებერვალი, 2016 16:58

სამხრეთ კაროლინაში გამართული პრაიმერიზის შემდეგ ბევრი ფიქრობდა, რომ ტრამპს ვეღარაფერი შეაჩერებდა, კონსერვატიული ჟურნალის Weekly Standard-ის მთავარმა რედაქტორმა მათ ფატალისტები უწოდა. მისი მომხრეები ამბობდნენ, რომ ტრამპი ხმების 35%-ზე მეტს ვერსად იღებდა და ამ შედეგს მის პიკად მიიჩნევდნენ, ხოლო ასეთი დაბალი შედეგით ტრამპის პერსპექტივა არც თუ ისე შთამბეჭდავია.

„თუ ის 40%-ს გადააჭარბებს, სულ სხვა საქმეა“, - ამბობდნენ ისინი, თუმცა კვირას ნევადაში გამართულ კოკუსზე პირველივე წუთებში ტრამპის ტრიუმფი ისეთი თვალისმომჭრელი იყო, რომ მედიამ ხმის მიცემის დამთავრებისთანავე გამარჯვებულად გამოაცხადა. მილიარდერმა ხმების 46% მოიპოვა და კონკურენტები ბევრად ჩამოიტოვა.

ფუჭი იმედები

სენატორმა მარკო რუბიომ ხმების 24% მიიღო, თუმცა ამომრჩეველს არაერთხელ შეახსენა, რომ ბავშვობაში ნევადაში ცხოვრობდა, სადაც მამამისი Sam’s Town-ში ბარმენად მუშაობდა, ხოლო დედა -  კაზინო Imperial Palace -ში დამლაგებლად. მიტინგებისა და ინტერვიუების დროს რუბიოს უყვარდა ხაზგასმა, რომ მას ნევადაში უფრო მეტი ნათესავი ჰყავს, ვიდრე ფლორიდაში, რომელსაც აშშ-ის სენატში წარმოადგენს.

ტეხასის სენატორი, წარმოშობით კუბელი ტედ კრუზი მესამე ადგილს დასჯერდა ხმების 21,4%-ით. ლას ვეგასში ბოლო გამოსვლის დროს მას უფრო ნაკლებად ამაღლებული ტონი ჰქონდა, ვიდრე აიოვაში, ერთადერთი გამარჯვებისას, ან სამხრეთ კაროლინაში მესამე ადგილის დაკავების შემდეგ, რომელსაც მან დიდი გამარჯვება უწოდა.

ნევადის ნაცვლად, რომელიც გამოსვლის დროს თითქმის არ უხსენებია, კრუზმა საუბარი ტეხასზე გადაიტანა, სადაც პრაიმერიზი 1 მარტს არის დაგეგმილი და სადაც, ჯერჯერობით, ტრამპს უსწრებს.

„რამდენიმე თვის განმავლობაში დღეს პირველად დავიძინე საკუთარ საწოლში“, - განაცხადა კრუზმა ლას ვეგასში თვითმფრინავში ჩაჯდომისას.

ის და რუბიო ნევადაში მეორე ადგილისა და ტრამპის ერთადერთი მოწინააღმდეგის მანტიისთვის იბრძოდნენ. მათ სამხრეთ კაროლინაში, ხოლო მანამდე ნიუ ჰემფშირში, პირველი ადგილი ტრამპს უხმოდ დაუთმეს.

უნდა შეეჭიდო თუ არა ტრამპს?

როგორც ალექს ლევინსონი წერს კონსერვატიულ ჟურნალ National Review-ში, „ იმის ნაცვლად, რომ გადაწყვეტილიყო, ვინ შეეჭიდება ტრამპს, ნევადის კოკუსმა წამოჭრა ახალი საკითხი, ვინმეს შეუძლია, რომ ტრამპს შეეჭიდოს?“

ბოლო დღეებში კუბელი ემიგრანტების შვილი, მარკო რუბიო ნევადელების წინაშე თავს წარმოაჩენდა, როგორც „რესპუბლიკელების" იმედს, ნოემბრის არჩევნებში ნებისმიერი „დემოკრატის" დასამარცხებლად. 

მაგრამ, თუ CNN-ის ეგზიტპოლს დავუჯერებთ, კვირას ლათინოამერიკელების 45%-მა პროცენტმა ტრამპს დაუჭირა მხარი, თუმცა, როგორც წესი, მას უნდა გამიჯნოდნენ მისი განცხადებების გამო - არალეგალებზე თავდასხმისა და მექსიკასთან კედლის აშენების ინიციატივის შესახებ.

რუბიო, რომელსაც 28% ჰქონდა, მას ბევრად ჩამორჩებოდა.

რითაც შთაგონებულნი არიან „რესპუბლიკელები", ეს არის  კოკუსებსა და პრაიმერიზებზე ამომრჩეველთა დიდი ნაკადი. დასწრება ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე 2008 და 2012 წლებში და, რაც მთავარია, ბევრად მეტია, ვიდრე „დემოკრატებთან".

ტრამპის მოწინააღმდეგეები იმედოვნებდნენ, რომ საბოლოო ჯამში მას ადგილზე ორგანიზება შეაშინებდა, განსაკუთრებით იმ შტატებში, სადაც კოკუსები იმართება და ამომრჩევლის მიზიდვა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პრაიმერებზე.

ასევე მიიჩნეოდა, რომ ძალიან რთულია მისი მომხრეების უმთავრესი კონტიგენტის არჩევნებზე მიზიდვა. კვირამდე კომენტატორების დიდი ნაწილი მოელოდა, რომ ამ მიზეზის გამო ტრამპი ნევადაში წააგებდა, სადაც კრუზსა და რუბიოს ათასობით მოხალისე ეხმარებოდა.

ყველა არჩევნებზე 

„გუშინ ტრამპის თაყვანისმცემლებმა დაამტკიცეს, რომ ისინი მაინც მოვლენ კოკუსებზე“, - წერს Washington Post-ში ჯეიმს ჰოუმანი.

„რესპუბლიკელებს" შორის ტრამპის მოწინააღმდეგეები ასევე იმედს ამყარებდნენ მოსაზრებაზე, რომ მათი ამომრჩეველი, რომელიც ტრამპს არ უჭერდა მხარს, საბოლოო ჯამში იმ მოწინააღმდეგის ირგვლივ შემოიკრიბებოდა, რომელიც ზედაპირზეა მოქცეული.

ჰოუმანი აღნიშნავს, რომ კრუზის მომხრეების დიდი ნაწილი დემოგრაფიულად ძალიან ჰგავს ტრამპის ამომრჩეველს. ამიტომ, თუ ბრძოლაში რუბიო დარჩება, ეს უპირობოდ არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ავტომატურად მას მიემხრობიან და არა ტრამპს, მით უმეტეს, რომ ბევრი „რესპუბლიკელი" რუბიოს ვერ პატიობს საემიგრაციო რეფორმის მხარდაჭერას, რომელიც მილიონი არალეგალის ოფიციალურ რეგისტრაციას ითვალისწინებდა.

„რესპუბლიკელები", რომელთათვის ტრამპის ვულგარულობა შემაშფოთებელია და არ სურთ მისი გამარჯვება, სარკაზმით ახსენებენ ხალხს, რომ ამ მომენტისთვის მან მხოლოდ სამჯერ მოიპოვა გამარჯვება და ნევადაში  მხოლოდ 70-მა ათასმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

მაგრამ ტრამპის გამარჯვების მასშტაბები იძლევა საფუძველს, რომ მას 12 შტატიდან 11-ში სავსებით შეუძლია გამარჯვება. გამონაკლისს წარმოადგენს ტეხასი, სადაც, ჯერჯერობით, კრუზია წამყვანი.

ნევადაში მილიარდერმა ყველა დემოგრაფიულ ჯგუფში გაიმარჯვა. ნევადელი ამომრჩევლის ნახევრს აქვს უმაღლესი განათლება. ამ ჯგუფში ტრამპმა რუბიოს  ანგარიშით 41:30 მოუგო. უმაღლესი განათლების არ მქონე ადამიანებს შორის მან კრუზი ანგარიშით 51:22 დაამარცხა.

„ჩვენ გავიმარჯვეთ უმაღლესი განათლების მქონეებს შორის!" - აღტაცებით აღნიშნა ტრამპმა ნევადიდან გაფრენის წინ, - „ჩვენ გავიმარჯვეთ უმაღლესი განათლების არ მქონეებს შორისაც! ვგიჟდები უმაღლესი განათლების არ მქონეებზე! ჩვენ ყველაზე ჭკვიანები ვართ!“

წყარო: BBC

The New Yorker: რამდენი წლის არის დონალდ ტრამპი?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^