„ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება არის თუ არა თქვენთვის მისაღები?" - ამ კითხვით დიმიტრი ლორთქიფანიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
ლორთქიფანიძე მინისტრის მოადგილისგან პასუხს მოითხოვს კითხვაზე - არის თუ არა მისაღები განათლების დღევანდელი სისტემისთვის „ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება".
„თუ მეტყვით, რომ არ არის, მაშინ, რატომ მოხდა, რომ ზოგადი განათლების მართვის დეპარტამენტის მიერ ერთ-ერთ მოქალაქეზე გაცემულ ოფიციალურ წერილში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პირდაპირ აპელირებს იმაზე, რომ ევროპის საბჭოს ქარტია დემოკრატიული მოქალქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლების შესახებ ავალდებულებს სამინისტროს, რომ მსგავსი ტიპის მიმღებლობის ამაღლების საკითხი შემოიტანოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. სწორედ ამის შედეგი ხომ არ არის ის, რომ ვეკუას სახელობის მათემატიკურ სკოლაში გამოიფინა სწორედ ის პლაკატი, რომელზეც გამოხატული იყო ტრანსგენდერი და ეს იყო სწორედ მიმღებლობის ტესტი იმ სკოლის მოსწავლეებისთვის, რომელთა რიგში არიან მესამე, მეოთხე, მეხუთე კლასის მოწაფეები, რომლებზეც გათვლილია თქენი სტანდარტი? ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი. თქვენ უნდა გაგვცეთ პასუხი შეკითხვაზე, ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება არის თუ არა მისაღები განათლების დღევანდელი სისტემისთვის, განათლების მინისტრისთვის, თქვენთის, როგორც მინისტრის მოადგილისთვის და იმ დეპარტამენტისთვის, რომლისთვისაც, უკვე ცნობილია ის ფაქტი, რომ მისაღებია, რადგან ამას ავალდებულებს თითქოს ევროპის საბჭოს ქარტია" - თქვა ლორთქიფანიძემ.
კომიტეტის სხდომაზე ანალოგიური შეკითხვა ჰქონდა ფილოლოგ გურამ ფალავანდიშვილს. მისი თქმით, სტანდარტში, სტროფებს შორის იკითხება საშიშროება, ჰომოსექსუალური თემატიკის შემოტანისა.
„სტანდარტში წერია სიტყვა მრავალფეროვნება, სხვათა მიმღებლობა, თემი, ჩვენ არ გვაქვს იმის გარანტია, რომ ამ ტერმინების ქვეშ ჰომოსექსუალური ახსნა არ იქნება. თუ ისინი ამას ემიჯნებიან, მაშინ, პასუხი გაგვცენ კითხვაზე, ჰომოსექსუალური თემატიკის შეტანას საშუალო სკოლებში ეწინააღმდეგენიან თუ არა. მათთვის მიუღებელია თუ არა ეს და მიაჩნიათ თუ არა ეს გარყვნილებად“, - ამბობს ფალავანდიშვილი.
განათლების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა, რომ შეკითხვების უმრავლესობაზე პასუხი გასცა თვითონ სტანდარტმა.
„თუ ვინმეს დარჩა კიდევ ეჭვი იმისა, რომ სტანდარტში სადმე წერია ჰომოსექსუალიზმი ან აქეთ მიდის ეს, ძალინ გთხოვთ მითხრათ, რომელი გადამყვანი შეკითხვა ან თემა ამბობს, რომ მესამე-მეოთხე კლასელ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ჰომოსექსუალიზმი. იქნებ კონკრეტულად გვითხრათ სად ჩანს ასეთი ეჭვის საფუძველი“, - განმარტა გიგაურმა.
კომიტეტზე საზოგადოებრივი მეცნიერებების სასწავლო გეგმის რევიზიის შედეგებს განიხილავენ.