შეკითხვების უმრავლესობაზე პასუხი გასცა თვითონ სტანდარტმა, - ამის შესახებ პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.
„თუ ვინმეს დარჩა კიდევ ეჭვი იმისა, რომ სტანდარტში სადმე წერია ჰომოსექსუალიზმი ან აქეთ მიდის ეს, ძალინ გთხოვთ, მითხრათ, რომელი გადამყვანი შეკითხვა ან თემა ამბობს, რომ მესამე-მეოთხეკლასელ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ჰომოსექსუალიზმი. იქნებ, კონკრეტულად გვითხრათ, სად ჩანს ასეთი ეჭვის საფუძველი“, - განმარტა გიგაურმა.
მინისტრის მოადგილეს „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია გამოეხმაურა: „მიზნებში წერია ტოლერანტობა და შემწყნარებლობა. ჩახედეთ მიზნებში, რა მიზანია. იქ წერია ტოლერანტობა და შემწყნარებლობა. სხვა რა არის თქვენთვვის ტოლერანტობა და შემწყნარებლობა?“.
გიგაურის განმარტებით, „მრავალფეროვნებაში“ იგულისხმება კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება და განიმარტება, ვინ არიან ოჯახის წევრები.
„დოკუმენტში, სადაც მრავალფეროვნებაა, გარკვევით წერია მესამე მიმართულებაში: კულტურული მრავალფეროვნების გააზრება და დაფასება, სადაც ოჯახია, ასევე წერია განმარტება, ვინ არიან ოჯახის წევრები: დედა, მამა, და-ძმა, ბებია, ბაბუა. იყო შეკითხვა, რას ნიშნავს განსხვავებული კულტურის ეროვნების შესაძლებლობების მქონე ადამიანები. განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები განათლების სფეროში აღიქმებიან სპეციალური განათლების საჭიროების მქონე პირები, ესენი არიან შეზღუდული შესაძლებლობები, ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ასევე მენტალური თუ სხვა პრობლემების მქონე პირები, რომლებიც დღეს ინკლუზიური განათლების ფარგლებში არიან სრულად ინტეგრირებულნი სკოლებში. შესაბამისად, მათ მიმართ უნდა ჰქონდეთ თითოეულ მოსწავლე მზრეუნველი და შემწყანარებლური დამოკიდებულება“, - განაცხადა ლია გიგაურმა.
„ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება არის თუ არა თქვენთვის მისაღები?" - ამ კითხვით დიმიტრი ლორთქიფანიძემ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე მიმართა.
ლორთქიფანიძე მინისტრის მოადგილისგან პასუხს მოითხოვს კითხვაზე - არის თუ არა მისაღები განათლების დღევანდელი სისტემისთვის „ჰომოსექსუალიზმის მიმღებლობის სწავლება".