„დემოკრატი" ჰილარი კლინტონი და „რესპუბლიკელი" დონალდ ტრამპი, ამ დროის მონაცემებით, „სუპერსამშაბათის“ ლიდერები არიან.
„სუპერსამშაბათი“ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლაში. არჩევნების წელს მარტის პირველ სამშაბათს ამერიკის 13 შტატსა და ტერიტორიებზე კოკუსები და პრაიმერიზები ერთდროულად იმართება.
მონაცემების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ტრამპი ამ დროისათვის უკვე 7 შტატშია გამარჯვებული, როდესაც მისმა კონკურენტმა ტედ კრუზმა მხოლოდ 2, ხოლო მარკო რუბიომ - მხოლოდ ერთი შტატი მოიგო.
7 შტატი, რომლებშიც ტრამპა გაიმარჯვა არის ალაბამა, არკანზასი, ჯორჯია, მასაჩუსეტსი, ტენესი, ვერმონტი და ვირჯინია. 2 შტატი, რომლებიც ტედ კრუზმა მოიგო ტეხასი და ოკლაჰომაა. კრუზი ალასკაზეც ლიდერობს, სადაც ამ დროისათვის ხმების 53%-ია დათვლილი. მარკო რუბიომ კი გამარჯვება მხოლოდ მინესოტის შტატში მოიპოვა.
შტატები, რომლებშიც, თავის მხრივ, „დემოკრატმა" ჰილარი კლინტონმა გაიმარჯვა არის ალაბამა, არკანზასი, ჯორჯია, მასაჩუსეტსი, ტენესი, ტექსასი და ვირჯინია.
დანარჩენ ოთხ შტატში - კოლორადოში, მინესოტაში, ოკლაჰომასა და ვერმონტში კი გამარჯვება ბერნი სანდერსს დარჩა.
მომდევნო შიდაპარტიული არჩევნები, „რესპუბლიკელებს" შორის, ოთხ შტატში, კანზასში, კენტუკიში, ლუიზიანასა და მეინში 5 მარტს გაიმართება.
დემოკრატებს შორის კი, სასურველ კანდიდატს 5 მარტს კანზასში, ლუიზიანასა და ნებრასკაში გამოავლენენ.
ტედ კრუზი დანარჩენ „რესპუბლიკელებს" მოუწოდებს, მოხსნან კანდიდატურები, შეუერთდნენ მის კამპანიას და ერთიანი ძალით შეეჯიბრონ დონალდ ტრამპს.
გამარჯვების შემდეგ ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის სიტყვით გამოსვლისას ცხადი გახდა, რომ ის მთავარ კონკურენტად ტრამპს განიხილავს: „არჩევნებში ფსონები ასეთი მაღალი არასოდეს ყოფილა, ხოლო რიტორიკა, რომელსაც კონკურენტი მხარისგან ვისმენთ, არასოდეს ყოფილა ასეთი დაბალი ხარისხის“.
ტრამპი კი თავს დანარჩენ „რესპუბლიკელებს" შორის ციებ-ცხელების გამომწვევად მიიჩნევს. მისი თქმით, დანარჩენი „რესპუბლიკელები" შესაძლოა, გაერთიანდნენ მის გამო, ან, პირიქით, მისმა ფაქტორმა დანარჩენებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს.
„შიდა პროცესებს რომ მოვრჩები, ერთი ადამიანიღა მრჩება - ამის შემდეგ ჰილარი კლინტონს მივაკითხავ“, - ამბობს ტრამპი.
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების დღე 8 ნოემბერია.
წყარო: BBC