ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„მოგახსენებთ, რომ ხვალ, 2016 წლის 14 მარტს, დღის 12 საათზე ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, რომელიც ჯერ კიდევ სამი დღის წინ დაიგეგმა. აქციის მიზანია უნივერსიტეტის სენატს, აკადემიურ საბჭოს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენოთ ჩვენი შემდეგი მოთხოვნები:
1. მოიხსნას გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა კანცლერის პოსტიდან.
2. გათავისუფლდეს უნივერსიტეტი ე.წ. ,,ოდეერის’’, უშიშროების სამსახურების წარმომადგენლებისგან.
3. დაიწყოს თვითმმართველობის სტრუქტურის რეფორმირების პროცესი.
ასევე მოგახსენებთ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ამავე დროს და ამავე ტერიტორიაზე გეგმავს კონტრაქციას. აღნიშნული ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა დღეს, 13 მარტს. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას განვიხილავთ, როგორც სიტუაციის ესკალაციის მცდელობას. აქედან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ ვაცნობოთ და მოვუწოდოთ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, უზრუნველყონ როგორც სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება, ასევე უსაფრთხოება ორივე აქციაზე. მიგვაჩნია, რომ საჭიროა ორი აქციის ერთმანეთისგან გამიჯვნა მონაწილეებთან შეთანხმებით", - ნათქვამია განცხადებაში.
თსუ-ის თვითმმართველობა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწორედ იმ დროს და ადგილზე აანონსებს აქციას, სადაც უნივერსიტეტში მიმდინარე აქციების მონაწილე სტუდენტები შეკრებას გეგმავენ.