„ლიბერალის“ მიერ სახალხო დამცველის აპარატიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ომბუდსმენის აპარატმა 2014-2016 წლებში ავტომანქანების შესაძენად ჯამში 416 250 ლარი დახარჯა (საბიუჯეტო თანხა - 310 429.95 ლარი, მიზნობრივი გრანტი (პროექტი „სახალხო დამცველის აპარატის მხარდაჭერა") - 105 820.7 ლარი).
როგორც გასული დღეების განმავლობაში გახდა ცნობილი, მარტში სახალხო დამცველის აპარატმა ავტომობილ Hynday-ს სანაცვლოდ 105 500 ლარის ღირებულების Mercedes-Benz GLA-ს იყიდა (გადახდილი თანხა 98 500 ლარი). ავტომანქანის დანიშნულებაში აპარატის სხვადასხვა საჭიროება და მიზნებია აღნიშნული.
გამოთხოვილი ინფორმაციით, ასევე ირკვევა, რომ 2016 წლის თებერვალში, ომბუდსმენის ოფისმა ჩანაცვლების გზით, 120 358 ლარის ღირებულების Toyota LC 150 შეიძინა (გადახდილმა თანხამ 95 358 ლარი შეადგინა). აღნიშნული ავტომობილი სახალხო დამცველის პირველი მოადგილის, პაატა ბელთაძის გადაადგილების მიზნით შეიძინეს.
საჯარო ინფორმაციის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა 2015 წლის ივლისში 44 286 ლარად ღირებული HYUNDAI ELANTRA შეიძინა, რომელიც სახალხო დამცველის მოადგილის, ნათია კაციტაძისთვისაა განკუთვნილი.
აღსანიშნავია, რომ „ლიბერალმა" საჯარო ინფორმაცია 2013 წლიდან მოითხოვა, თუმცა აპატარის მიერ მოწოდებული ინფორმაციაში მონაცემები მხოლოდ 2014 წლიდანაა შესული. სახალხო დამცველის პრესსამსახურში განმარტეს, რომ 2013 წლის განმავლობაში მათ ავტომანქანები არ შეუძენიათ.