შპს „ფინსერვისი XXI“, რომლის სახელზეც რეგისტრირებულია ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნიკა მელიასა და ირაკლი აბესაძის ბრალდებებს ეხმაურება.
განცხადებაში განმარტებულია, რომ კომპანიამ დედაქალაქის მერიას მიმართა მის საკუთრებაში შემავალი მიწის ნაკვეთის კორექტირების მოთხოვნით, რომლის თანახმადაც აღმოიფხვრებოდა ბოტანიკური ბაღის მიწის ნაკვეთთან გადაფარვა და უცვლელი დარჩებოდა მისი ფართობი.
კომპანიის განცხადებით, „ფინსერვის XXI-ის“ შეთავაზება სარფიანი გარიგება იყო, რადგან გამოუსადეგარი ქვა-ღორღიანი მიწის სანაცვლოდ ბოტანიკურ ბაღს მოვლილი და განაშენიანებული ტერიტორია გადაეცა.
„შპს „ფინსერვისი XXI-ს“ ქმედებით კანონი არათუ დარღვა, პირიქით, განხორციელდა ინვესტიცია ბოტანიკურ ბაღში, ვინაიდან 2007 წლიდან შპს „ფინსერვისი XXI-მა“ მერიისგან შეძენილ მიწის ნაკვეთზე განხორციელდა რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია“, -ვკითხულობთ განცხადებაში.
შპს „ფინსერვის XXI“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, რადგან, განცხადების თანახმად, ირაკლი აბესაძისთვის აღნიშნული ფაქტები ცნობილი იყო.