Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშენდება თუ არა ბათუმში TRUMP TOWER

04 მაისი, 2016 17:46

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც 8 ნოემბერს გაიმართება, ინდიანის შტატის 3 მაისის პრაიმერიზის შედეგებით, ფაქტობრივად გადაწყდა, რომ „რესპუბლიკურ პარტიას" უძრავი ქონების მაგნატი დონალდ ტრამპი წარმოადგენს. აშშ-ის პრეზიდენტობის ამ კანდიდატის კორპორაციის გეგმები 2010 წელს საქართველოსაც დაუკავშირდა.

საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2010 წლის  21 სექტემბერს ნიუ იორკში ეწვია ტრამპს, სადაც უძრავი ქონების მაგნატის მიერ საქართველოში დაგეგმილი ინვესტიციები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში მაშინ Trump Organization-თან თანამშრომლობის შესახებ ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის თანახმადაც, საქართველოში TRUMP TOWER აშენდებოდა.

2012 წლის 21 აპრილს ტრამპი ბათუმში TRUMP TOWER-ის პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

პროექტის მესაკუთრე და დეველოპერი Silk Road Group-ია, ქართული კონგლომერატი, რომელსაც ტრანსპორტირების, ტელეკომუნიკაციების, საბანკო და უძრავი ქონების სფეროებში ბიზნესინტერესები აქვს.

რა ბედი ეწია ბათუმში TRUMP TOWER-ის მშენებლობის პროექტს, ამის შესახებ „ლიბერალი“ Silk Road Group-ის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს აკო ახალაიას ესაუბრა. მისი თქმით, პროექტი დროებითაა შეჩერებული და ამ დროისთვის ტრამპის კორპორაციასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

„ეს პროექტი 2013 წელს უნდა დაწყებულიყო, მაგრამ დროებით შეჩერებული გვაქვს. ბათუმის TRUMP TOWER წარმოადგენს კერძო პროექტს, რომელსაც Silk Road ჯგუფი ახორციელებს. დონალდ ტრამპთან სალიცენზიო ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული, რაც ნიშნავს, რომ იყენებ ბრენდს და გარდა ამისა, ბევრ სხვა სიკეთეს, რომელსაც კონფიდენციალურობის გამო ვერ გავახმოვანებთ. მაგალითად, აშენების შემდეგ, ის ზრუნავს გაყიდვაზე და ბევრი ასეთი დეტალია. საუბარი იყო 250-დან 300 მილიონამდე ინვესტიციაზე, რომელიც თაუერის აშენებას სჭირდებოდა და რომელიც სრულად უნდა ჩაედო Silk Road ჯგუფს“, - ამბობს აკო ახალაია.

მისი თქმით, პროექტი არ იყო გათვლილი საქართველოზე, რადგან თაუერის გაყიდვა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებზე შეუძლებელია.

„ეს არის გათვლილი იმ ადამიანებზე, ვინც აჭარას და ამ რეგიონს სტუმრობს. ესენი არიან აზერბაიჯანელები, უკრაინელები, რუსები, სომხები და თურქები. თუმცა 2013 წლიდან ისეთი მდგომარეობაა, რომ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია ამხელა პროექტი ავაშენოთ და მოთხოვნა არ იყოს. ამჟამად ტრამპის კორპორაციასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, კიდევ როგორ შეიძლება შეიცვალოს პროექტი. ანუ თავიდან თუ იყო 47 სართულზე საუბარი, შესაძლებელი იქნება თუ არა, რომ უფრო მცირე მასშტაბით დავიწყოთ. ამ ეტაპზე რამე კონკრეტულზე არ ვართ შეთანხმებულები“, - ამბობს Silk Road Group-ის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.

მისი განმარტებით, ფაქტორები, რომლების გამოც Silk Road Group-მა პროექტი შეაჩერა და რაც 2013 წლის შემდეგ შეიცვალა არის ომი უკრაინაში და აზერბაიჯანსა და რუსეთში ვალუტის გაუფასურება.

„ჩვენ ხომ სასტუმროს არ ვაშენებთ. ანუ უკრაინაში ადამიანს უნდა ჰქონდეს ისეთი ფინანსური მდგომარეობა, რომ დააბანდოს ფული საქართველოში. ამჟამად რუსეთშიც, უკრაინაშიც და აზერბაიჯანშიც ისეთი მდგომარეობაა, რომ სხვაგან დააბანდონ კი არა, თვითონ არ აქვთ ფული. ეს ადამიანები საქართველოში თანხას არ დახარჯავენ. შესაბამისად, ჩვენ რომ ავაშენოთ ამხელა პროექტი და შემდეგ ვისხდეთ და ველოდოთ, გაიყიდება თუ არა, ასეთი ზედმეტი 250 მილიონი არ გვაქვს. თუმცა ეს დრო აუცილებლად დადგება, ჩვენზე მეტად ამის აშენება, ალბათ, არავის უნდა. უბრალოდ ველოდებით, რომ რეგიონში მდგომარეობა მოწესრიგდეს“, - ამბობს აკო ახალაია.

ის აღნიშნავს, რომ ადგილობრივად პროექტის ხელის შემშლელი ფაქტორი არ არსებობს, არის მხარდაჭერა და მოლოდინი ადგილობრივი ხალხისგანაც და „ეს არაა პროექტი, რომელსაც ვინმემ შეიძლება, ხელი შეუშალოს“. ახალაიას თქმით, პროექტის განხორციელება მთელს რეგიონს აწყობს. ხელისუფლების ცვლილებას კი სახელმწიფო მხარდაჭერაზე არ უმოქმედია. რაც შეეხება ექსკლუზიურობას, ახალაიას ინფორმაციით, ტრამპის კორპორაციის პროექტი ამ რეგიონში თუ განხორციელდება, ეს ექსკლუზიურად ბათუმში იქნება და ამ ადგილს ალტერნატივა არ აქვს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^