პარლამენტის ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურის თქმით, კონსტიტუციაში ქროწინების ქალისა და მამაკაცის ერთობად ჩაწერის აუცილებლობაზე საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელიც მეტყველებს, რომელიც სამოქალაქო კოდექსის იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, რომლებიც ქორწინებას ქალისა და მამაკაცის ერთობად განსაზღვრავს.
როგოროც დეპუტატმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თავიდანვე უნდა გამოირიცხოს პოზიცია, რომ ქორწინება ისედაც ქალისა და მამაკაცის ერთობაა და კონსტიტუციაში ამის დაზუსტება საჭირო არ არის.
„იმასთან დაკავშირებით, რომ რაც კონსტიტუციაში წერია არის საკმარისი... საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია სარჩელი #714, რომელშიც ჩვენი ერთი მოქალაქე ასაჩივრებს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლს, სადაც წერია, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. სარჩელი, მარტივად რომ ვთქვათ, გამოიყურება ასე, რომ ვინადან კონსტიტუციაში არ არის დაზუსტებული მეუღლეები როგორც ქალი და მამაკაცია, და ამას წერ სამოქალაქო კოდექსი, სამოქალაქო კოდექსის ნორმა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ასე რომ, ეს განმრტება, რომ ეს ხომ ისედაც ასეა და რაში გვჭრდება დამატებით კონსტიტუციაში ამის ჩაწერა, თავიდანვე უნდა გამოირიცხოს. ეს ასე არ არის. სამართლებრივად, გამოჩნდა აგერ მეორე მოსაზრება" - თქვა ძიძიგურმა.
პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 80 წევრის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე" განიხილავს. პროექტის თანახმად, კონსტიტუციაში ქორწინების ცნება განისაზღვრება.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 36-ე მუხლის 1-ელი პუნქტი შემდეგი შინაარსით ყალიბდება: - ქორწინება, რომელიც არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობას.
კონსტიტიციის მოქმედ რედაქციაში ნათქვამია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.
ზვიად ძიძიგური ევროკავშირის წევრი ქვეყნების პრეცენდენტებზე და იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც მისი აზრით, აუცილებელს ხდის ამ საკონსტიტუციო ცვლილებას.
„შემიძლია გითხრათ 2 პრეცენდენტის შესახებ. ერთი ლატვის კონსტიტუციაში იქნა ჩანაწერი გაკეთებული, ანუ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობა წერია. მეორე ხორვატიის კონსტიტუციაში, სადაც ამ ჩანაწერის გაკეთებას წინ რეფერენდუმი უძღოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი ჩანაწერი ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონსტიტუციებშიც არის და ევროკავშირის გადასახედიდან რაღაც ახალი სიტყვა არ იქნება. ასევე მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის 28 ქვეყნიდან 21-ში ამა თუ იმ ფორმით არის დაკანონებული ერთნაირსქესიანთა ან ქორწინება ან რეგისტრაცია. ამიტომ, ამ ფონზე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ფორმულირება იყოს დაზუსტებული კონსტიტუციაში. განსაკუთრებით, ჩვენთან საქართველოში, სადაც დემოგრაფიულად ძალიან მძიმე ვითარება გვაქვს, სადაც გადაშენების პირას ვართ მისული და გაერო გვეუბნება, რომ თუ ასეთი ტემპით გაგრძელდა დემოგრაფიული პრობლემები, 2020 წლისთვის ვიქნებით მომაკვდავი ერების სიაში შეტანილი“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
ამავე თემაზე:
LIVE►ადამიანის უფლებათა კომიტეტი ქორწინებაზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე მსჯელობს