Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შოუბიზნესის წარმომადგენლები კულტურის სამინისტროს კორუფციაში ადანაშაულებენ

09 მაისი, 2016 18:43

კულტურის სამინისტროსა და კულტურის სფეროში მომუშავე კომპანიების სავარუდო კორუფციულ სქემას „ბრავო რექორდსის“, „ბასიანის“, Summer Set-ისა და „ალტერ ვიჟენის“ ჯგუფის წარმომადგენლები ეხმაურებიან. მათი განცხადებით, კულტურის სამინისტროში არის ნეპოტიზმი, რაც, ამ სამინისტროში არასდროს ყოფილა.

„დაუშვებელია ისეთი მდგომარეობის შექმნა, როდესაც ვიღაცას აქვს სათბურის პირობები, აბსოლუტურად ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ყველანაირად ბლოკავს კერძო ბაზარზე მომუშავე სხვა კონკურენტებს და ხელს უშლის ბიზნესის განვითარებას. ზოგადად ბიზნესის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელობას არ აქვს განცდა, რომ ისინი სახელმწიფო მოხელეები არიან და ჩვენი ფულით ფინანსდებიან“, - განაცხადა „ბრავო რექორდსის“ ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ.

„პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა შენგელიამ არსებულ ვითარებას უმძიმესი უწოდა და  ჩამოთვალა ის საკითხები, რომლებიც კულტურის სამინისტროს კორუფციულ სქემას ავლენს.

„აბსოლუტურად კრიმინალურია კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდი, რომელსაც ხემძღვანელობს დავით მენაბდე. ის არის „ისთერნ პრომოუშენის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი. ამ ფონდს, რომელმაც იდეაში მომგებიანი პროექტები უნდა წარმართოს, თავისი არსებობის განმავლობაში მხოლოდ 4 პროექტი ჰქონდა და ისიც წამგებიანი, როდესაც ამ ფონდის თანამშრომლების ხელფასზე დაიხარჯა 350 000 ლარი. ისმის შეკითხვა, რა საჭიროა ასეთი ფონდის არსებობა. ამ ფონდს ოფისად ფილარმონიის ფართი აქვს აღებული. ფილარმონიის იჯარით აღება ჯდება 15 000 ლარი, მაგრამ რეალურად სადღაც 40 000 ლარი გვიჯდება დაფარული გადასახადებით. 40 000 ლარს საერთოდ არ ტოვებს ეს ბიზნესი“, - აცხადებს ზაზა შენგელია.

პრესკონფერენციაზე, ასევე ისაუბრეს ჯაზფესტივალების გარანტირებულ, უტენდერო დაფინანსებაზე. ზაზა შენგელიას თქმით, დაფინანსებაზე იხარჯება 1 270 000 ლარი, ხოლო თბილისის ჯაზფესტივალს თბილისის მერია დამატებით 100 000 ლარს უყოფს, ბათუმის ჯაზფესტივალს კი აჭარის მთავრობა უხდის 50 000 ლარს. მისივე ინფორმაციით, ბილეთების მაღალი ფასის გამო, აღნიშნული ფესტივალი საშუალო ფენისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ეს იმ ფონზე, როდესაც კულტურის მინისტრი ამბობს, რომ ჯაზფესტივალებიდან შემოსავალმა 54 მილიონს მიაღწია, რაც არ შეესაბამება რეალობას, რადგან ჯაზფესტივალზე დამსწრე ხალხის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.

კულტურის სამინისტროს ერთ-ერთ არგუმენტს, რომ მსგავსი ფესტივალები ტურისტების მოზიდვას უწყობს ხელს, ზაზა შენგელია არ ეთანხმება, რადგან, მისი თქმით, სხვა ქვეყნების ფესტივალებზე იმდენად იაფია ბილეთი, რომ საქართველოში ტურისტებიც არ ჩამოვლენ.

„ბასიანის“ წარმომადგენელი ტატო გეთია აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ ჯანსაღ კონკურენციას მოითხოვენ.

„სადღაც ორი წელია, სახელმწიფომ აღმოაჩინა, რომ არსებობს ელექტრონული მუსიკა და იქ ფული ტრიალებს. ამ სფეროში ჩაერთო ბატონი ოქიტაშვილი და დაიწყო კულტურის სამინისტროდან ფულის გაცემა. შემდეგ გაიცა 365 000 ლარი კონკურენტ ჯგუფზე“, - თქვა ტატო გეთიამ და იქვე განმარტა, რომ თანხის დახარჯვა ახსნეს მასტერკლასებით, რომლებსაც, რეალურად, მუსიკოსები სრულიად უფასოდ ატარებენ იმ შემთხვევაში, თუ მათ დრო და სურვილი აქვთ.

შეკითხვაზე - შეეძლო თუ არა სახელმწიფოს „Check in Georgia-ს“ ფარგლებში ჩამოყვანილი მუსიკოსებისთვის გაცილებით ნაკლები თანხა გადაეხადა, „ალტერ ვიჟენ“ ჯგუფის წარმომადგენელი დავით ცინცაძე პასუხობს, რომ ეს არათუ შესაძლებელი, არამედ ძალიან მარტივი გასაკეთებელი იყო. ჟურნალისტებთან საუბრისას მან დააზუსტა, რომ კონკრეტული არტისტისთვის გადახდილი თანხა მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია, გასაჯაროვდეს და მინისტრის არგუმენტი, რომ კონტრაქტის მიხედვით მას არ აქვს ჰონორარებზე საუბრის უფლება, არ შეესაბამება რეალობას. რაც შეეხება ტენდერის გარეშე ამა თუ იმ ჯგუფისთვის ღონისძიების ჩაბარებას მათი გამოცდილების გამო, დავით ცინცაძეს მოჰყავს რობი უილიამსის მაგალითი, რომლის კონცერტი „დინამოს“ სტადიონზე უნდა გაიმართოს, ხოლო „ალტერ ვიჟენის“ ჯგუფმა „Deep Purple-ის“ კონცერტი 2013 წელს სწორედ „დინამო არენაზე" გამართა. „ეს ხალხი უბრალოდ ჩვენს პრაქტიკას იმეორებს და ამის ფონზე მინისტრი გამოდის და იძახის, რომ არა, არასდროს არ მომხდარა და დიდი კონცერტები სხვას არავის გაუმართავს“, - აცხადებს დავით ცინცაძე.

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაშია ნათქვამი, საქართველოში კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრთან მიხეილ გიორგაძესა და მის მოადგილეებთან პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული 10 კომპანია/ორგანიზაცია მოქმედებს. ისინი კულტურის სფეროში საქმიანობენ და  რეგულარულად იღებენ შეკვეთებს/დაფინანსებას სახელმწიფოსგან, მათ შორის,  კულტურის სამინისტროდან ან მის დაქვემდებარებაში მყოფი სსიპ-ებიდან. საერთო ჯამში 2015 წელს კულტურის სამინისტროს მიერ მუსიკალურ ღონისძიებებზე გაცემული თანხის (4 762 767 ლარი) 29% მიხეილ გიორგაძესთან, კახი კანდელაკსა (მოადგილე) და დავით მენაბდესთან (ფონდის თავმჯდომარე)  დაკავშირებულ კომპანიებზე მოდის.

კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ აღნიშნულ კამპანიას მისი და მისი გუნდის წინააღმდეგ შეურაცმხყოფელი უწოდა და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართა, რათა საქმე გამოიძიონ და წერტილი დაუსვან ამ თემას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^