თბილისის იუსტიციის სახლის მომხმარებლების კომფორტისთვის დღეიდან ახალი პროექტი „Just Taxi“ ამოქმედდა, - ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრესრელიზის თანახმად, იუსტიციის სახლის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ ახალი სერვისით სარგებლობა და „Just Taxi“-თ გადაადგილება. „Just Taxi“-ს პირველი მგზავრები დღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და მისი ლატვიელი კოლეგა დზინტარს რასნაჩი იყვნენ.
„თბილისის იუსტიციის სახლის შენობიდან გამოსულ ყველა მომხმარებელს ამიერიდან საშუალება ექნება, ახალი და კომფორტული „Just Taxi“-ს ავტომანქანებით ისარგებლოს: „HONDA“-სა და „JAC“-ის მარკის უახლესი მოდელები აღჭურვილია თანამედროვე კლიმატკონტროლის სისტემით, კომფორტის შექმნისთვის საჭირო ყველა აქსესუარით.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ „Just Taxi“ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ანგარიშსწორებისას მანქანაში დამონტაჟებული საბანკო ტერმინალით ისარგებლოს. შესაბამისად, მოქალაქეს საშუალება აქვს, აირჩიოს გადახდის სასურველი ფორმა როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების სახით. რაც შეეხება მგზავრობის ტარიფს, იგი საბაზრო ფასებს შორის კონკურენტუნარიანია − კილომეტრზე 50 თეთრს შეადგენს და მგზავრობისას არავითარ დამატებით გადასახადს არ ითვალისწინებს, 4 კილომეტრის ჩათვლით მანძილზე მგზავრობის შემთხვევაში კი, ფასი ფიქსირებულია − მხოლოდ 2 ლარი.
იუსტიციის სახლმა მომხმარებლისთვის „Just Taxi“-ს სერვისის დანერგვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მომხმარებელთა მხრიდან იუსტიციის სახლიდან კომფორტულად მგზავრობის მოთხოვნამ მკვეთრად იმატა. აღნიშნული პროექტის პარტნიორის შესარჩევად კანონის სრული დაცვით გამოცხადდა აუქციონი, რომელშიც პროექტის პარტნიორად შპს „სენა მოტორსი“ გამოვლინდა.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლისთვის ჩვეული მომსახურების სტანდარტი „Just Taxi“-ს ავტომანქანებშიც დაცული იქნება: მძღოლებს მოეთხოვებათ, დაიცვან ჩაცმისა და კომუნიკაციის სტანდარტით დადგენილი წესები. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სახლი მუდმივად განახორციელებს ხარისხის კონტროლს „Just Taxi“-ს ავტომანქანებში, მომხმარებელსაც მიეცემა უკუკავშირის საშუალება, გამოთქვას რეკომენდაცია ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
ამისთვის თითოეულ მანქანაში განთავსდება სპეციალური სტიკერი იუსტიციის სახლის სატელეფონო მომსახურების ცენტრის ნომრით − 2 405 405. ასევე − მძღოლის მოწმობა ფოტოთი და მანქანის ბორტის ნომერი, რაც მომხმარებელს აზრის დაფიქსირებისას კომუნიკაციას გაუადვილებს.
იუსტიციის სახლის მომხმარებელს „Just Taxi“-ს მომსახურების მიღება შეეძლება ყოველ სამუშაო დღეს, 09:00-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათ-კვირას − 10:00-დან 17:00 საათამდე", - აღნიშნულია იუსტიციის სახლის პრესრელიზში.