Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ გრძელდება ალექსანდრე აბაევის ისტორია

19 მაისი, 2016 18:49

ალექსანდრე აბაევის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა. მის შესახებ „ლიბერალმა“ სტატია თებერვალში მოამზადა. აბაევი ცხინვალიდანაა. ის აივდადებითია, აქვს ტუბერკულოზი და ქრონიკული C ჰეპატიტი. მას საქართველოში შესაბამისი მკურნალობისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღებაზე უარი უთხრეს, ამიტომ დღემდე ვერ ახერხებს სხვადასხვა პროგრამაში ჩართვას.

აბაევს დოკუმენტების არქონის გამო, საქართველოში მხოლოდ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღება შეუძლია, რაც რეფერალური პროგრამიდან ფინანსდება.

მკურნალობის დროულად არდაწყების გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თბილისში მისი გადმოყვანა მარტში მოახერხეს, როდესაც მდგომარეობა უკვე კრიტიკული იყო. მან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ღუდუშაურის კლინიკაში მიიღო.

რაც შეეხება მკურნალობის დაწყებას, პროცედურის მიხედვით, თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირს, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა არ გააჩნია, არ აქვს პირადობის ნეიტრალური მოწმობა, ის ტუბერკულოზისა და შიდსის სამკურნალო პროგრამაში ვერ ჩაერთვება (როგორც დასაწყისში ვახსენეთ, აბაევს სერვისების განვითარების სააგენტომ ამ მოწმობის გაცემაზე უარი უთხრა).

ამ დრომდე აბაევმა მხოლოდ ტუბერკულოზის მკურნალობა დაიწყო, ისიც იმიტომ, რომ ტუბერკულოზის გადამდები ე.წ. ბაცილაგამომყოფი ფორმა ჰქონდა. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც მკურნალობს.

როგორც გუშინ „ლიბერალისთვის“ გახდა ცნობილი, აბაევი ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრიდან გაწერეს. ავადმყოფის დეიდა მარინა ბიპიევა, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ამბობს, რომ აბაევის ჯანმრთელობის მდგომარობა ისევ მძიმეა და მის მიღებაზე სხვა კლინიკები უარს აცხადებენ.

„ტუბცენტრმა გუშინ გამოგვწერა კლინიკიდან, ამბობენ, რომ მას უკვე ტუბერკულოზის ღია/გადამდები ფორმა აღარ აქვსო. თუმცა ადამიანი არის ცუდად, ფეხზე ვერ დგას, ასეთი მძიმე ადამიანი სად წავიყვანო. რომ ამბობენ, ეხმარებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასო, მოვიდნენ და მოგვხედონ, ფაქტობრივად, მომაკვდავ ადამიანს ქუჩაში უშვებენ“, - აცხადებს მარინა ბიპიევა.

როგორც ის ამბობს, ღუდუშაურის კლინიკამ პაციენტის მიღებაზე უარი განაცხადა.

როგორც „ლიბერალთან“ საუბრისას ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ზაზა ავალიანი ამბობს, პაციენტი ამჟამად იმ კონდიციამდე მიიყვანეს, რომ ბაცილაგამომყოფი ფორმა აღარ აქვს, მისი თქმით, ტუბერკულოზის კუთხით უკვე შეიძლება ითქვას, რომ მისი ამბულატორიულად მკურნალობა დასაშვებია, თუმცა სხვა პათოლოგიების გათვალისწინებით, ეს ვერ მოხერხდება.

„ეს არის ურთულესი და უმძიმესი პაციენტი, სადაც წამყვანი პათოლოგია ტუბერკულოზი არ არის, არის შიდსი, C ჰეპატიტი, აქვს ღვიძლისა და პანკრიასის უკმარისობა ანუ მის შემთხვევაში არის პოლიორგანული უკმარისობის თემა. ჩვენ ვერც ვუმკურნალებთ ასეთ პაციენტს, მას სპეციალიზებული პროფილი სჭირდება. არ გვაქვს არც ინფრასტრუქტურული და არც სპეციალისტების რესურსი“, - ამბობს ავალიანი.

როგორც „ლიბერალს“ ჯანდაცის სამინისტროში განუცხადეს, განიხილებოდა მისი პალიატიურ საავადმყოფოში გადაყვანა, თუმცა ოჯახის წევრებმა ამაზე უარი განაცხადეს და მკურნალობის გაგრძელება მოითხოვეს.

მას შემდეგ, რაც „ლიბერალმა" ჯანდაცვის სამინისტროს კითხვით მიმართა - რას აპირებდა სამინისტრო ალექსანდრე აბაევის დასახმარებლად? აბაევი მრავალპროფილურ კლინიკა „რედიში“ გადაიყვანეს. სამინისტროს განცხადებით, აბაევს იქ პირველად მკურნალობას გაუწევენ. როგორც ნათესავებმა გვითხრეს, აბაევი ამჟამად რეამინაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მიუწვდომელი გრძელვადიანი მკურნალობა - ბიუროკრატია ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრების გამო

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^